Facebook Twitter

№ბს-980 (კს-18) 19 ივლისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ. შ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2018წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. შ-ემ 16.11.2016წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის - ა. ს-ის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შედეგად მოითხოვა ა. ს-ის ნაწილში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.05.2016წ. N8 საოქმო გადაწყვეტილებისა და 27.05.2016წ. N17072 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2017წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2017წ. განჩინებით ლ. შ-ის შუამდგომლობა მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სარჩელის ნაწილობრივი გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ლ. შ-ის სარჩელი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ დატოვებულ იქნა განუხილველად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.07.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისას 01.02.2018წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2018წ. განჩინებით ლ. შ-ისა და მესამე პირის - ა. ს-ის შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა მხარეთა მიერ წარდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: ლ. შ-ე უარს ამბობს სარჩელზე აღიარების კომისიისა და ა. ს-ის მიმართ და არასოდეს პრეტენზია არ ექნება ა. ს-ის საკუთარი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მიმართ მდებარე ქობულეთის რაიონი, სოფელი …ი, ქუჩა 3, N12 (ს.კ….); ა. ს-ე მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გადასცემს, გადაუხდის 2000 (ორი ათას) ლარს ლ. შ-ეს და 500 (ხუთას) ლარს 2019 წლის 30 სექტემბრამდე; მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების და სარჩელზე უარის თქმის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2018წ. განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.07.2017წ. გადაწყვეტილება და შეწყდა ლ. შ-ის სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე. სსსკ-ის 3.2 მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მოდავე მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას. ამგვარად, მხარეებმა გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოციზიურობის პრინციპს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამდენად, მხარეთა ნება სავალდებულოა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 384-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით. შესაბამისად, სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2018წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. შ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორმა ლ. შ-ემ აღნიშნა, რომ მხარეები მორიგდნენ იმ სადავო 132.2 კვ.მ. საცხოვრებელ სახლსა და მის ქვეშ არსებულ 72 კვ.მ. მიწის ფართთან დაკავშირებით, რაზედაც დაწყებული ჰქონდათ დავა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების პირველ პუნქტში მიუთითა, რომ ლ. შ-ე უარს ამბობს მოპასუხე კომისიისა და მესამე პირის ა. ს-ის მიმართ აღძრულ სარჩელზე და არასდროს პრეტენზია არ ექნება ა. ს-ის საკუთრებაში N… საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც უკანონო და არამართებულია, ვინაიდან ა. ს-ის სახელზე N… საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 4040 კვ.მ. მიწის ფართობი, საიდანაც 2500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2016 წელს აღძრული სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში, ხოლო ამჟამად სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეტანილია სტრასბურგის სასამართლოში. სსსკ-ის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცდა მორიგების პირობები იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც არ ყოფილა გამხდარი დავის საგანი. სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს და გაზარდა იგი, რაც ქმნის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შუეძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრინციპი ასევე რეალიზებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის დანაწესში, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა საპროცესო უფლებები, მათ შორის უფლება - წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა მორიგება მნიშვნელოვანი წინაპირობაა პროცესის ეკონომიურობის, მხარეთა სასამართლო ხარჯების დაზოგვის, დავის სწრაფად გადაწყვეტის და მომავალი დავის თავიდან აცილების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საპროცესო კანონი ამ მნიშვნელოვანი საპროცესო ინსტიტუტის გამოყენების მიზნით არ ზღუდავს სასამართლოს აქტიურ როლს მხარეთა მორიგებაში და საქმის მორიგებით დამთავრების პოზიტიურ შედეგებში პროცესის მონაწილეების დარწმუნებაში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე და 218-ე მუხლები).

მოცემული დავის ფარგლებში ლ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა ა. ს-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების, კერძოდ, ა. ს-ის ნაწილში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.05.2016წ. N8 საოქმო გადაწყვეტილებისა და 27.05.2016წ. N17072 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა. ზემოაღნიშნული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქმის მასალების მიხედვით წარმოადგენს ქობულეთის რაიონის სოფელ ...ში ა. ს-ის სახელზე რეგისტრირებული 72 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 126.20 კვ.მ. ფართი საცხოვრებელი სახლის უფლების დამდგენ დოკუმენტებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ. მორიგების აქტის მიხედვით ლ. შ-ემ უარი თქვა სარჩელზე აღიარების კომისიისა და ა. ს-ის მიმართ, მორიგების აქტში აღინიშნა, რომ მას არასოდეს ექნებოდა პრეტენზია ა. ს-ის საკუთარი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მიმართ, მდებარე ქობულეთის რაიონი, სოფელი …, ქუჩა 3, N12 (ს.კ. …).

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების მიღებისას გასცდა დავის საგანს და მორიგების აქტი დაამტკიცა იმ ფარგლებში, რაც არ წარმოადგენდა ლ. შ-ის მიერ 16.11.16წ. აღძრული სარჩელის დავის საგანს.

სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. ამდენად, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანს შეადგენს უშუალოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილი დავის ფარგლები, კანონმდებლობა ამ ფარგლების შეცვლას იმპერატიულად კრძალავს, მოთხოვნის მართებულობას სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლო ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (სსსკ 377). ამასთანავე, სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების და შეფასების შესაძლებლობას, იგი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. სსკ-ის 377.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მორიგების აქტის დამტკიცებისას სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია სადავო უძრავი ნივთის ზუსტი საკადასტრო მონაცემები. მორიგების აქტში მითითებული N… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი არ არის სადავო მიწის ნაკვეთის კოდი. საქმის მასალების მიხედვით ა. ს-ის სახელზე რეგისტრირებული სადავო 72 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 126.20 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო N… საკადასტრო კოდით, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისა და მორიგების აქტის პირობების დამტკიცების დროისათვის სადავო უძრავი ნივთი (ს/კ …) მიმდებარე მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) გაერთიანების შედეგად საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ახალი საკადასტრო მონაცემებით (ს/კ …).

სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ზემოაღნიშნული გარემოება. სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე დაამტკიცა მორიგება, რის შედეგადაც სააპელაციო პალატა გასცდა დავის საგნის ფარგლებს, აღნიშნულის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტი სრულად არ ასახავს მხარეთა ნებას.

სსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს მხარეთა მორიგება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მორიგების აქტს ხელს არ აწერს ყველა მხარე. 01.02.18წ. მორიგების აქტს ხელს აწერს მოსარჩელე და მესამე პირი, ხოლო მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლის ხელმოწერა მორიგების აქტზე არ არის. მორიგების აქტის მიხედვით მოსარჩელეს არასდროს პრეტენზია არ ექნება ა. ს-ის საკუთარ საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 49.1 მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. საქმის მასალების მიხედვით სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თუმცა სააპელაციო სასამართლოს სადავო 01.02.2018წ. განჩინებაში არ არის გადაწყვეტილი მხარეთა შორის ბაჟის განაწილების საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2018წ. განჩინება;

3. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი