საქმე №ბს-1179 (კ-18) 16 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ყ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ყ-მა 2016 წლის 5 სექტემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და სსიპ მომსახურობის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №MIA 61601253553 და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 ივლისის №MIA 4 1601813315 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის ... ნ. ყ-ზე უსასყიდლოდ გადაცემა.
მოსარჩელის მითითებით, ა. ყ-მა შეიძინა ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი ..., ნომრის შესაძენად გადაიხადა 350 ლარი და სანომრე ნიშანი მიეკუთვნა სატრანსპორტო საშუალებას მარკა მოდელი BMW 318. აღნიშნული ავტომანქანა გაიყიდა 2015 წლის ოქტომბრის თვეში, ხოლო სარეგისტრაციო ნომერი ჩაბარებული იქნა შესანახად 7 თვის ვადით 2016 წლის 22 მაისამდე, ვიდრე არ შეიძენდნენ სხვა ავტომობილს. სანომრე ნიშნის მესაკუთრე ა. ყ-ი გარდაიცვალა 2016 წლის 12 იანვარს. მისი პირველი რიგის მემკვიდრე არის ნ. ყ-ი. მოსარჩელის მითითებით სამკვიდროში შემავალი ქონების (აქტივისა და პასივის) მისაღებად 2016 წლის 18 მაისს მან სანოტარო ბიუროში წარადგინა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე დროს სამკვიდროს გახსნის დღიდანვე ფაქტიურად შეუდგა სამკვიდროს ფლობას. აიღო პასუხისმგებლობა მამკვიდრებლის ვალდებულებების შესრულებაზე. მოსარჩელის მითითებით, 21 მაისს მიმართა სსიპ მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურს და მოითხოვა არ მომხდარიყო სანომრე ნიშნის გასაყიდად გამოტანა, რადგან ამით დაირღვეოდა მემკვიდრის უფლებები და გარდაცვლილის მემკვიდრე ვერ მიიღებდა სამკვიდროში შემავლ 350 ლარად ღირებულ ქონებას, რაზედაც მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მიერ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-მა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №MIA 6 16 01253553 და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 ივლისის №MIA 4 16 01813315 გადაწყვეტილებები და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ყ-მა შეიძინა ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი ..., რომელიც მიეკუთვნა სატრანსპორტო საშუალებას - მოდელი BMW 318. აღნიშნული ავტომანქანა გაიყიდა 2015 წლის ოქტომბრის თვეში და სარეგისტრაციო ნომერი ჩაბარებულ იქნა შესანახად 7 თვის ვადით - 2016 წლის 22 მაისამდე, სხვა ავტომობილის შეძენამდე. 2016 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა ა. ყ-ი. 2016 წლის 18 მაისს №160524561 სანოტარო აქტით ნ. ყ-ის მიმართ გაიცა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა, რომლითაც ნ. ყ-ს - ა. ყ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილი) უფლება მიეცა როგორც სამკვიდროს მმართველ მემკვიდრეს ემართა სამკვიდრო სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე. ამავე მოწმობაში აღინიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიცემოდა 2016 წლის 12 ივლისის შემდეგ. 2016 წლის 20 მაისს ნ. ყ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურს და მოითხოვა გარდაცვლილ ა. ყ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსათვის შესანახად ჩაბარებული სარეგისტაციო ნომრის - ... რეალიზაციის შეჩერება, ან აღნიშნული სანომრე ნიშნის ნ. ყ-ზე, როგორც სამკვიდრო ქონების მმართველზე, გადაცემა.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 მაისის №MIA 6 16 01253553 გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსიპ საქართველოს მომსახურების სააგენტო შესანახად ჩაბარებულ სარეგისტრაციო ნომერს შენახვისათვის დადგენილ ვადაში გასცემს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრის მემკვიდრის (და არა სამკვიდროს მმართველის) მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსათვის შესანახად ჩაბარებული სარეგისტრაციო ნომრის შენახვისათვის დადგენილი ვადის შეჩერებას სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ნ. ყ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 მაისის №MIA 6 16 01253553 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2016 წლის 12 ივლისამდე სანომრე ნიშნის გასაყიდად გამოტანის შეჩერება და სამკვიდრო მოწმობის წარდგენის შემდეგ დამატებითი საზღაურის გარეშე გადაცემა, როგორც გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეს სამკვიდროს მასაში შემავალი ფასიანი სანომრე ნიშანი.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 21 ივლისის №MIA 4 16 01813315 გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა წარმოადგენს მომსახურების გაწევას, რისთვისაც კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განისაზღვრება მომსახურების სააგენტოს ვალდებულება შეინახოს ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და რომლის შეჩერება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამასთანავე, შესანახად ჩაბარებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა მომსახურების სააგენტოდან შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ შენახვისთვის დადგენილ ვადაში და შესაბამისი უფლების მქონე პირის მოთხოვნის საფუძველზე (მასზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე), აღნიშნული ორი პირობა არის კუმულაციური და სხვაგვარ რეგულაციებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-6 პუნქტზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს, რეგისტრაციის მოწმობას, რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს ან ნიშნებს), ტექნიკურ ტალონს, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნებს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას და ნომრის გაცემას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების“ დაცვით. სარეგისტრაციო ნომრის გაცემა უშუალოდ არის დაკავშირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების არსებობასა და რეგისტრაციასთან. სწორედ ამიტომ, დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს ჩასაბარებლად წარუდგინოს სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი. ამასთანავე, 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების“ მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი ითვალისწინებს 7 თვის ვადით ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრის შენახვის შესაძლებლობას, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში, შენახვის ვადის განმავლობაში რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მისი მემკვიდრის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). ამდენად, ჩაბარებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის გამოსაყენებლად შენახვის 7-თვიანი ვადის განმავლობაში უფლებამოსილმა პირმა - სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ ან მისმა მემკვიდრემ უნდა წარადგინოს მოთხოვნა სანომრე ნიშნის გაცემაზე და წარადგინოს მის სახელზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე და 1421-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ა. ყ-მა ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი ..., ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვის შემდეგ, ჩააბარა შესანახად 7 თვის ვადით - 2016 წლის 22 მაისამდე და გარდაიცვალა აღნიშნული ვადის დადგომამდე, ნ. ყ-მა როგორც მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოსადმი მიმართვის მომენტისათვის სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ ყოფილა, ის დანიშნული იყო სამკვიდროს მმართველად და შესაბამისად, მიიღო მემკვიდრეობით ა. ყ-ის უფლება - შენახული სანომრე ნიშნის მოთხოვნის თაობაზე, რამდანადაც სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს მიმართ საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტად სამკვიდროს გახსნა ითვლება და სამკვიდრო ქონებაში შედის არა მხოლოდ მოძრავი ან უძრავი ნივთი, არამედ ის უფლებებიც, რომლების მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის გააჩნდა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობის დასაბუთებისას განმარტა, რომ ვინაიდან სანომრე ნიშნის გაცემა უშუალოდ უკავშირდება პირის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენას, არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემის დავალების წინაპირობა, რა დროსაც მოპასუხემ უნდა დადგინოს ნ. ყ-ის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისა და მისი სააგენტოში წარდგენის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში მოდის მასთან, შესაბამისად, იგი უნდა გაუქმდეს. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები კუმულაციურად განსაზღვრავს ორ პირობას: დაინტერესებული პირი აუცილებლად უნდა იყოს მემკვიდრე და მეორე, სანომრე ნიშნის გაცემის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე. არცერთი გარემოება ნ. ყ-ის შემთხვევაში სახეზე არ იყო, თუმცა სასამართლო დაუსაბუთებლად მსჯელობს მხოლოდ ერთ საფუძველზე, რაც ასევე არასწორია. კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არასწორად განმარტავს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-34 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს. მოცემული ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინ „მემკვიდრის“ სწორი ინტერპრეტანციისთვის სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ ნორმის ზოგადი კონტექტსიდან გამომდინარე. აღნიშნულ ნორმაში გამოყენებული ტერმინი მემკვიდრე არ გულისხმობს და არც შეიძლება გულისხმობდეს გარდაცვილილი პირის ქონებრივი უფლება-მოვალეობების მიმღებ შესაძლო ერთ-ერთ კანდიდატს, ვინაიდან, სანოტარო ორგანოსათვს მემკვიდრეობის მიღების შესახებ მიმართვა ჯერაც არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მიიღებს მემკვიდრეობას. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-34 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინი მემკვიდრე გულისხმობს პირს, რომელიც არის გარდაცვილილი პირის უფლებამონაცვლე და არა უფლებამონაცვლეობის კანდიდატი. ამ ტერმინის სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საჯარო წესრიგთან და ზემოაღნიშნული კანონის მიზანთან. კანონის მიზანია, რომ შესანახად ჩაბარებული სანომრე ნიშანი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე გასცეს უშუალოდ ამ პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიდგომა გამსჭვალულია იმ სულისკვეთებით, რომ სანომრე ნიშანი არის სამკვიდროს შემადგენელი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ თავად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის, ამასთნ 1470-ე მუხლი მოიაზრებს სამკვიდრო მასად ისეთ „სამართლებრვ სიკეთეს“, რომლის განკარგვა შეუძლია მემკვიდრეს/მემკვიდრეებს, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებას და მისი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული უფლების განკარგვა დაუშვებელია. სანომრე ნიშნის შენახვა ხდება ავტომატურად და ადმინისტრაციული ორგანოს ქონებრივ ვალდებულებას დაინტერესებული პირის მიმართ არ წარმოშობს. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არის საჯაროსამართლებრივი აქტი და იგი უნდა გამოიცეს მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, საკითხი უნდა მოწესრიგდეს სპეციალური ნორმების საფუძველზე და მემკვიდრედ ყოფნა უნდა დადასტურდეს სამკვიდრო მოწმობით, რამეთუ მემკვიდრეთა სიმრავლის შემთხვევაში კანონი მოითხოვს ყველას თანხმობას რეგისტრაციაზე, რის გამოკლევაც მომსახურების სააგნეტოს მიერ შესაძლებელია მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ნორმებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა წარმოადგენს მომსახურების გაწევას რისთვისაც კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განისაზღვრება მომსახურების სააგენტოს ვალდებულება შეინახოს ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და რომლის შეჩერება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამასთანავე ცხადია, რომ შესანახად ჩაბარებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა მომსახურების სააგენტოდან შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ შენახვითვის დადგენილ ვადაში და შესაბამისი უფლების მქონე პირის მოთხოვნის საფუძველზე (მასზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე) აღნიშნული პირობა არის კუმულაციური და სხვაგვარ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმ საკითხზე, წარმოადგენდა თუ არა უფლებამოსილ პირს ნ. ყ-ი და არ იმსჯელა მეორე აუცილებელ პირობაზე - დადგენილ ვადაში უფლებამოსილმა პირმა მიმართა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს, მასზედ რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ნიშნის გაცემისთვის, რასაც ძირითადად დაეყრდნო რუსთავის საქალაქო სასამართლო და რაც პირდაპირ დგინდება ნ. ყ-ის განცხადებიდან და ადმინისტრაციული საჩივრიდან, რადგან ნ. ყ-ს რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ ჰქონდა განცხადების წარდგენის დროისათვის. ამდენად, როდესაც სააპელაციო სასამართლო აუქმებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უნდა გამოერიცხა ის სამართლებრივი დასაბუთება, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა სრულიად ღიად დატოვა აღნიშნული საკითხი.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სანომრე ნიშნის შენახვა არ წარმოადგენს მიბარების ხელშეკრულებას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობაში დაშვებისათვის გაცმულ სარეგისტრაციო ნომერს და იგი არ წარმოადგენს მომსახურების მიმღების საკუთრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ნ. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, როგორც გასაჩივრებული ინდივიდუალური - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე სახელმწიფო სანომრე ნიშნის ... ნ. ყ-ისათვის უსასყიდლოდ გადაცემა.
საქმეზე დადგენილია, რომ ა. ყ-მა 350 ლარი შეიძინა ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი ... . სანომრე ნიშანი მიეკუთვნა სატრანსპორტო საშუალებას მარკა, მოდელი BMW 318. აღნიშნული ავტომანქანა გაიყიდა 2015 წლის ოქტომბრის თვეში, სარეგისტრაციო ნომერი ჩაბარდა შესანახად 7 თვის ვადით 2016 წლის 22 მაისამდე, სხვა ავტომობილის შეძენამდე. სანომრე ნიშნის მესაკუთრე ა. ყ-ი გარდაიცვალა 2016 წლის 12 იანვარს. 2016 წლის 18 მაისის №160524561 სანოტარო აქტით, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობით, ნ. ყ-ს როგორც სამკვიდროს მმართველ მემკვიდრეს, უფლება მიენიჭა სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე განკარგოს სამკვიდრო.
დადგენილია, რომ 2016 წლის 20 მაისს მოსარჩელე ნ. ყ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონული მართვის სამმართველოს ქ. ქუთაისის სამსახურის უფროსს დ. გ-ს და მოითხოვა გარდაცვლილ ა. ყ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსათვის შესანახად ჩაბარებული №... სარეგისტაციო ნომრის რეალიზაციის შეჩერება, ან აღნიშნული სანომრე ნიშნის ნ. ყ-ზე, როგორც სამკვიდრო ქონების მმართველზე გადაცემა.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 მაისის №MIA61601253553 გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის 2016 წლის 20 მაისის განცხადება გარდაცვლილ ა. ყ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსათვის შესანახად ჩაბარებული №... სარეგისტაციო ნომრის შენახვისათვის დადგენილი ვადის შეჩერება (რეალიზაციის შეჩერება) ან აღნიშნული სანომრე ნიშნის ნ. ყ-ზე, როგორც სამკვიდრო ქონების მმართველზე გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსიპ საქართველოს მომსახურების სააგენტო შესანახად ჩაბარებულ სარეგისტრაციო ნომერს შენახვისათვის დადგენილ ვადაში გასცემს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრის მემკვიდრის (და არა სამკვიდროს მმართველის) მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსათვის შესანახად ჩაბარებული სარეგისტრაციო ნომრის შენახვისათვის დადგენილი ვადის შეჩერებას სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნული ნ. ყ-ის მიერ გასაჩივრდა ერთჯერადად ზემოდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 21 ივლისის №MIA 4 1601813315 გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა წარმოადგენს მომსახურების გაწევას, რისთვისაც კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განისაზღვრება მომსახურების სააგენტოს ვალდებულება შეინახოს ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და რომლის შეჩერება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამასთანავე ცხადია, რომ შესანახად ჩაბარებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა მომსახურების სააგენტოდან შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ შენახვისთვის დადგენილ ვადაში და შესაბამისი უფლების მქონე პირის მოთხოვნის საფუძველზე (მასზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე) აღნიშნული ორი პირობა არის კუმულაციური და სხვაგვარ რეგულაციებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები) რომლის უფლებამოსილებასაც ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სახელმწიფო სანომრე ნიშანი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებას, სანომრე ნიშანი, როგორც აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილებას ანიჭებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლს იმოძაოს შეუზღუდავად საგზაო წესების დაცვის შესაბამისად და მისი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული უფლების განკარგვა დაუშვებელია. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის ქონებად მიჩნევას გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლი, განკარგვის ელემენტის არარსებობის გამო. კერძოდ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელზედაც არის მიმაგრებული სანომრე ნიშანი არ აქვს სანომრე ნიშნის განკარგვის უფლება, სანომრე ნიშანი არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რაც გამორიცხავს მისი შემძენის მიმართ ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების ობიექტად მიჩნევას, ამდენად უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ნ. ყ-მა როგორც სამკვიდროს მმართველმა, სატრანსპორტო საშუალებების და სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლით, მემკვიდრეობით მიიღო ა. ყ-ის სამკვიდროში შემავალი უფლება - შენახული სანომრე ნიშნის მოთხოვნის თაობაზე. სანომრე ნიშნის შსს მომსახურეობის სააგენტოში ჩაბარება შენახვის ვადით არ ნიშნავს მხარეთა შორის ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების წინაპირობას, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით განახორციელოს თავისი საქმიანობის მმართველობის ფორმა უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სავალდებულო ელემენტი - საჯარო ინტერესი, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება, უფრო მეტიც მხარეთა შორის არც სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების კერძოდ კი - მიბარების ხელშეკრულების დადების ფაქტს აქვს ადგილი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. მოცემულ შემთხვევაში კი მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის არცერთი ზემოთხსენებული ელემენტი არ არსობებს, ამასთან სანომრე ნიშნის ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოსათვის სავალდებულოა, შესაბამისი პირობების არსებობისას და არ არის დამოკიდებული მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.
საქმეში წარმოდგენილია კომპეტენტური ორგანოს ქ. ქუთაისის სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 მაისის №MIA61601253553 გადაწყვეტილება, რომელშიც აღინიშნა, ის სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა ნ. ყ-ის მოთხოვნა სანომრე ნიშნის გასხვისების აკრძალვის თაობაზე, შესაბამისად საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, აქვს თუ არა სამართლებრივი საფუძველი მოსარჩელის მოთხოვნას და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება შეესაბამება თუ არა კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ N150 ბრძანების მე-18 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს ჩასაბარებლად წარუდგინოს: სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი); ხოლო მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო ვალდებულია: ა) ჩაბარებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე1“- „ე5“, „ე7“, „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს არაუმეტეს 7 თვისა, ხოლო ამ ვადაში რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე;
მითითებული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურში არსებული მონაცემებით ა. ყ-მა მის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე7.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სანომრე ნიშანი ... მომსახურების სააგენტოს ჩააბარა შესანახად 2015 წლის 21 ოქტომბერს კანონმდებლობით დადგენილი 7 თვის ვადით და შესაბამისად შენახვის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 22 მაისამდე. ამდენად, სახეზეა ნორმატიული აქტის საფუძველზე წარმოქმნილი გარკვეული სახის სამართლებრივი შედეგი. ა. ყ-ის გარდაცვალებით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე გახდა მისი შვილი - ნ. ყ-ი, რომლის განცხადებაც „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის N150 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო საქმისწარმოების დაწყებას.
მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 20 ივნისს ნ. ყ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №MIA61601253553 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სანომრე ნიშნის გასაყიდად გამოტანის შეჩერება 2016 წლის 12 ივლისამდე და სამკვიდრო მოწმობის წარდგენის შემდეგ დამატებითი საზღაურის გარეშე გადაცემა, როგორც გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეს სამკვიდროს მასაში შემავალი ფასიანი სანომრე ნიშანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის N150 ბრძანების მე-18 მუხლის მე-3 პუქნტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს 7 თვიან ვადაში სანომრე ნიშნის გაცემის ვალდებულებას, თუ ამ ვადაში წარდგენილი იქნება რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის, ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის მოთხოვნა და აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული სანომრე ნიშნის ჩაბარებიდან არაუმეტეს 7 თვისა, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული უფლებამოსილი პირები, ინარჩუნებენ სანომრე ნიშნის დაბრუნების უფლებას, იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ შესაბამის მოთხოვნასთან ერთად წარდგენილი იქნება მათზე რეგისტრირებული შესაბამისი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. ნ. ყ-ის, როგორც სამკვიდროს მმართველის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სანომრე ნიშნის შენახვისათვის მოთხოვნის უფლება გამოირიცხება იმის გამო რომ, მის მიერ იმპერატიულად დადგენილ 7 თვიან ვადაში, წარდგენილია მხოლოდ მოთხოვნა სანომრე ნიშნის გასხვისების აკრძალვის თაობაზე, ხოლო სანომრე ნიშნის გაცემისათვის სავალდებულო მეორე პირობა - რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების სავალდებულოობის თაობაზე ვერ იქნა დაკმაყოფილებული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ყ-ის მიერ 2016 წლის 18 მაისს სანოტარო ორგანოში წარდგენილი განცხადება, ა. ყ-ის სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თავისთავად აქცევს მას მემკვიდრედ და შესაბამისად, სანომრე ნიშნის მიღების უფლებამოსილ სუბიექტად, თუმცა ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დაკმაყოფილებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის N150 ბრძანებით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა - სატრანსპორტო საშუალების წარდგენის აუცილებლობის თაობაზე, გამოირიცხება მოსარჩელის ლეგიტიმური მოლოდინის არსებობა, აღნიშნული ინტერესის არსებობისთვის საკმარისი და სათანადო საფუძველის არარსებობოს გამო. ნ. ყ-ის მოლოდინი, სარეგისტრაციო ნომერზე უფლების მოპოვების თაობაზე, არ ეფუძნებოდა რაიმე სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს და ის ემყარებოდა იმედს, რომ მემკვიდრეობის მიღებით მის მიმართ ადმინისტრაციული ორგანო გააგრძელებდა სანომრე ნიშნის შენახვისათვის დადგენილ 7 თვიან ვადას, რისი უფლებამოსილებაც მოპასუხეს არ გააჩნია (Ramaer and Van Willigen v. the Netherlands), No. 34880/12, 23.10.2012. 81-ე პარაგრაფი). ლეგიტიმური მოლოდინის არარსებობის გამო, გამოირიცხება როგორც გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ასევე სახელმწიფო სანომრე ნიშნის ... ნ. ყ-ზე უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან სანომრე ნიშნის ჩაბარება განხორციელდა 2015 წლის ოქტომბრის თვიდან 2016 წლის 22 მაისამდე და კანონით დადგენილი 7 თვიანი ვადა უკვე გასულია, ზემოაღნიშნული N150 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 პუქნტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს არ წარმოექმნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის ვალდებულება. ა. ყ-ის მემკვიდრეები ნორმატიული აქტით კერძოდ კი მინისტრის ბრძანებით დადგენილი ვადის გასვლის გამო ვერ მიიჩნევიან მოთხოვნის უფლების მატარებელ სუბიექტებად, თუნდაც მათ მიერ წარდგენილ იქნეს სატრასპორტო საშუალება, რაზედაც შეიძლება მიმაგრდეს სანომრე ნიშანი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სანომრე ნიშნის გაცემა წინააღმდეგობაში მოვა ზემოთხსენებულ ბრძანებასთან. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, რამდენადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა, ისეთ პირობებში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესები“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი იმპერატიულ დანაწესს შეიცავს სანომრე ნიშნის შენახვის 7 თვიან ვადასთან და სატრანსპორტო საშუალების წარდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით და სანომრე ნიშნის გაცემის შესახებ რაიმე სხვა სახის რეგულაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების მატერიალურ-პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ნ. ყ-ს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
6.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე