საქმე Nბს-1035(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა 2018 წლის 6 თებერვალს სარჩელი აღძრა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 8 იანვრის Nკ 21 ბრძანების გაუქმება, პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გათავისუფლების დღიდან, 2018 წლის 8 იანვრიდან, სამსახურში არყოფნის დრომდე ხელფასის ანაზღაურება (ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენს 1 500 ლარს) მოითხოვა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ გამოიკვლიეს საქმეში არსებული არსებითი საკითხები ისე მიიღეს გადაწყვეტილებები. საქმეში არსებული თანდართული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 16 ივნისის დადგენილებით, თვითმმართველი ამბროლაური და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად - ამბროლაურის მუნიციპალიტეტად, შესაბამისად, მოხდა მათი შერწყმა, და 2017 წლის 15 ნოემბერს მიღებულ იქნა ახალი საშტატო ნუსხა. საქმეში წარმოდგენილია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N08 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოს ოდენობების განსაზღვრის საკითხს. აღნიშნული დადგენილების მიხედვით ცალსახაა, რომ არსებობდა ერთი თანამდებობა პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ...ის, და ასევე მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების - საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის, საბუღალტრო აღრიცხვისა და შესყიდვების განყოფილებების ...ის თანამდებობა. მოსარჩელეს ეკავა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ...ის პოზიცია, როდესაც მოხდა თვითმმართველი ამბროლაური და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გაერთიანება, 2017 წლის 15 ნოემბერს დამტკიცდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი საშტატო ნუსხა, აღნიშნული საშტატო ნუსხის მიხედვით, მოხდა გარკვეული ცვლილებების შეტანა საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურებში, კერძოდ, მის ბაზაზე შეიქმნა საფინანსო და შესყიდვების სამსახურები. საფინანსო სამსახურის ... დაინიშნა ბ. კ-ე, ხოლო მერიის ადმინისტრაციას შესყიდვების სამსახურის ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსარჩელის კანდიდატურა არც განხილულა. ამავე საშტატო განრიგში საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების ნაცვლად წარმოიშვა საბიუჯეტო განყოფილება, რომელშიც 3 თანამდებობა გაჩნდა, მაშინ როდესაც გაერთიანებამდე მოცემულ განყოფილებაში მხოლოდ ორი თანამდებობა არსებობდა.
კასატორის მოსაზრებით უპირველესად, პრობლემურია და სასამართლოს მიერ არასათანადოდ არის გამოკვლეული შერწყმის შედეგად წარმოშობილი საფინანსო და შესყიდვების სამსახურის განყოფილებების საშტატო თანამდებობები, რამდენად იყო შეუძლებელი მოსარჩელის აღნიშნულ თანამდებობაზე გამწესება ან რამდენად განიხილა თავად მერიამ მოსარჩელის ტოლფასს თანამდებობაზე ან დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შეუძლებლობა. შერწყმამდე მოსარჩელე იყო საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ...ი, აღნიშნული სამსახურის ბაზაზე შერწყმის შემდეგ ცალკე ჩამოყალიბდა საფინანსო და ცალკე შესყიდვების სამსახური. მოსარჩელისთვის გაუგებარია, ადმინისტრაციულმა ორგანომ რატომ განიხილა მოსარჩელის კანდიდატურა მხოლოდ საფინანსო სამსახურის ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე და არ განუხილავს ასევე შესყიდვების სამსახურის ...ის თანამდებობაზე, რადგან მოსარჩელე ორგანიზაციების შერწყამამდე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ...ი იყო, სასამართლომ ასევე არ გადაამოწმა უფლებრივად აღნიშნული სამსახურის და მისი განყოფილებების ...ის უფლება-მოვალეობები იყო თუ არა იდენტური ან მსგავსი იმ თანამდებობის უფლება-მოვალეობებთან, რომელსაც მოსარჩელე მხარე გათავისუფლებამდე ასრულებდა.
მოსარჩელისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ დააკმაყოფილა სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა გამოეთხოვა შესყიდვების სამსახურის ...ისა და საბიუჯეტო განყოფილებაში დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაცია, რამდენადაც მხარე სადავოდ ხდიდა ასევე მობილობის პროცესის განხორციელებას. აღნიშნული დოკუმენტების გამოთხოვით ცალსახა გახდებოდა ვინ არიან ამ თანამდებობაზე დანიშნულები პირები, რა უფლება მოვალეობები აკისრიათ დღეს მათ, როდის მოხდა ამ თანამდებობაზე ამ პირების გამწესება, რა პირობებში, დაინიშნა თუ არა სხვა პირები მობილობის პროცესით, განიხილეს თუ არა მოსარჩელე ამ თანამდებობებზე და რამდენად სრულყოფილად შეასრულა ადმინისტარციულმა ორგანომ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება, რომ გათავისუფლებული მოხელე საქართველოს მთავრობის N199 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაიყვანოს იმავე თანამდებობაზე, ან ტოლფასზე ან უფრო დაბალ თანამდებობაზე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც შეიქმნა შესყიდვების პირველადი სტრუქტურული ერთეული და საბიუჯეტო განყოფილებაში, ნაცვლად 2 შტატისა გაჩნდა 3 შტატი, შესაბამისად, მოხდა შტატის დამატება და ამავე დროს მოსარჩელის კომპეტენციის გათვალისწინებით შეეძლო ამ სამსახურის ...ის ან/და განყოფილებაში აღნიშნული ფუნქციის შესრულება, რადგან საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების ...ი იყო. შესაბამისად, მხარისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება აღნიშნულ შუამდგომლობას არ ჰქონდეს შემხებლობა წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან და როგორ შეეძლო სასამართლოს შეეფასებინა მთლიანი მობილობის პროცესი ამ დოკუმენტების შესწავლის გარეშე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მერიის მხრიდან აუდიტის დასკვნის წარმოდგენა ემსახურება მხოლოდ მოსარჩელე მხარის დისკრედიტაციას და მას არავითარი შემხებლობა არ აქვს საქმის გარემოებებთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის მიერ მოსარჩელე შეფასდა როგორც კარგი და შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, რის საფუძველზე დადო კომისიამ დასკვნა, აღნიშნული არ წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს, მით უფრო იმ პირობებში, რომ აღნიშნულის საპირწონედ არ იქნა წარმოდგენილი ბ. კ-ის საქმიანობის ფარგლებში გაკეთებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნა. გარდა ამისა, მოსარჩელე საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურში ...ის პოზიციის დაკავებამდე მუშაობდა გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ...ის თანამდებობაზე, შესაბამისად, როდესაც განხორციელდა შერწყმა ამბროლაურის თვითმმართველი ქალაქის ამბროლაურის მუნიციპალიტეტთან, შესაძლებელი იყო მოსარჩელის განხილვა განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის რომელიმე თანამდებობაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ ძველი და ახალი საშტატო ნუსხის გათვალისწინებით, სოციალურ სამსახურში თანამდებობები დაემატა, შესაბამისად, მობილობის პროცესის მიმდინარეობისას შესაძლებელი იყო მოსარჩელის განხილვა აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციებზე.
კასატორი ასევე შუამდგომლობს საკასაციო სასამართლომ გამოითხოვოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბერს N18 დადგენილებით განსაზღვრული პირველადი სტრუქტურული ერთეულის- შესყიდვების სამსახურის ...ის; განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში დასაქმებულ განყოფილების ...ს პირთა; საბიუჯეტო განყოფილების ...ის პირადი საქმეები, თანამდებობაზე დანიშვნის აქტები, ასევე მათი უფლება-მოვალეობების მარეგულირებელი დოკუმენტები და მათ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით ჩატარებული წარმოების მასალები. ვინაიდან, აღნიშნული საკითხი დაყენებული იყო შუამდგომლობის სახით პირველი ინსტანციისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში, რომლებმაც ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, შესაბამისად, უზენაესს სასამართლოს კიდევ ერთხელ მომართა აღნიშნულ საკითხზე შუამდგომლობით, ასევე მიუთითა, რომ მოცემული ინფორმაციის მიღება მხარისთვის შეუძლებელია, რადგან ეს დოკუმენტები წარმოადგენს პირის პირად ინფორმაციას. ხოლო აღნიშნული დოკუმენტების მოწოდებით, შესაძლებელი გახდება როგორც მობილობის პროცესის, ასევე თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების პროცესების ანალიზი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ის შუამდგომლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 8 აგვისტოს ბრძანებით გ. გ-ი დაინიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ...ად. აღნიშნულ ბრძანებაში, 2017 წლის 3 ივლისს შევიდა ცვლილება და გ. გ-ი დაინიშნა პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ...ის თანამდებობაზე. საბოლოოდ მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1 500 ლარით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებით გ. გ-ი შეფასდა: „შეფასება–კარგი, შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.
„გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივლისის N987 – II ს დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად – ამბროლაურის მუნიციპალიტეტად, ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურუილი ერთეული – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, მოხელეთა შეფასების შემდგომ მობილობის პროცესის განხორციელების საფუძველზე, მოხდა მოხელეთა თანამდებობებზე გამწესება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.
გ. გ-ს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 სექტემბრის N4829 წერილით ეცნობა მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156–ე მუხლით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული საშტატო რაოდენობის მიხედვით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა განისაზღვრა 118 ერთეულით. საფინანსო სამსახურის საშტატო რაოდენობა განისაზღვრა 8 ერთეულით, მაშინ, როდესაც გამგეობასა და მერიაში, საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელთა ერთიანი რაოდენობა იყო 17 ერთეული. აღნიშნული სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობა შემცირდა 9 ერთეულით.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 8 იანვრის Nკ21 ბრძანებით, გ. გ-ი, მობილობის განუხორციელებლობის გამო, გათავისუფლდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ...ის თანამდებობიდან და მიეცა სამი თვის კომპენსაცია. დადგენილია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით, გაუქმდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის ...ის თანამდებობა, აღარ არსებობს ის თანამდებობა და საჯარო დაწესებულება, საიდანაც მოსარჩელე გათავისუფლდა. გათავისუფლებამდე საჯარო სამსხურის ბიუროს წერილით ეთხოვა საჯარო დაწესებულებათა სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიება, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა მობილობა. საჯარო სამსახურის ბიურომ, 2017 წლის 20 დეკემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს მიაწოდა ინფორმაცია რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოძიებული პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის შესახებ, კერძოდ: ცაგერის რაიონულ სასამართლოში არსებული პოზიციები, რაც რეალური არ აღმოჩნდა და გ. გ-ის მობილობით გადასვლა საჯარო სამსახურში ვერ განხორციელდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე დარწმუნდა მისი მობილობის წესით დასაქმების შეუძლებლობაში, წერილობით განაცხადა თანხმობა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე და მიეცა სამი თვის კომპენსაცია, ანუ თავადვე განაცხადა თანხმობა მის მიმართ გავრცელებულიყო „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივი შეფასება სადავო საკითხთან მიმართებაში, რადგან „საჯარო სამსახურის შეახებ“ საქართველოს კანონის 108–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; ამავე კანონის 110–ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამავე კანონის 114–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე.
დადგენილია, რომ საჯარო დაწესებულება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, გაუქმდა. გ. გ-ი მისი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობას უკავშირებს მობილობის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით გათვალისწინებული წესის დარღვევით განხორციელებას და მიუთითებს, რომ არასათანადოდ არის გამოკვლეული შერწყმის შედეგად წარმოშობილი საფინანსო და შესყიდვების სამსახურის განყოფილებების საშტატო თანამდებობები. კასატორის მოსაზრებით ასევე არ არის გამოკვლეული, რამდენად იყო შეუძლებელი მოსარჩელის აღნიშნულ თანამდებობაზე გამწესება ან რამდენად განიხილა თავად მერიამ მოსარჩელის ტოლფასს თანამდებობაზე ან დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შეუძლებლობა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით გათვალისწინებული -გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებისა და პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დაადგინეს გასაჩივრებული აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება და მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობა, რამდენადაც მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებს გასაჩივრებული აქტის უკანონობას. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა გაუქმდა, აღარ არსებობს, რაც წარმოადგენდა სადავო ბრძანების გამოცემის უპირობო საფუძველს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება არ იძლევა მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემა მოპასუხის მხრიდან განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე