Facebook Twitter

საქმე №ბს-1142(2კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ბ.ა „...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი.ბ.ა „...-მა“ 2016 წლის 1 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 3 დეკემბრის №50074 ბრძანების, №005-155 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 8 ივლისის №24332 ბრძანების ნაწილობრივ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების (საჩივარი №10917/2/15) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ი.ბ.ა. „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 3 დეკემბრის №50074 ბრძანება და №005-155 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 ივლისის №24332 ბრძანება გასაჩივრებულ ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება (საჩივარი №10917/2/15) მშენებარე სახლში განთავსებული ფართების რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის ნაწილში და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 3 დეკემბრის №50074 ბრძანება და №005-155 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 ივლისის №24332 ბრძანება გასაჩივრებულ ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება (საჩივარი №10917/2/15) ბანკის წინაშე ამხანაგობის სასესხო ვალდებულებების სანაცვლოდ ჩამორთმეული ქონების რეალიზაციად განხილვის გამო დარიცხული თანხების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ი.ბ.ა „...-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით ი.ბ.ა „...-ის“, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორებმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდნენ სააპელაციო საჩივრებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატის მიუთითებით იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მშენებარე სახლში განთავსებული ფართების რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის ნაწილში სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. აღნიშნულის გარეშე კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. განსახილველი საკითხზე ჭეშმარიტების დადგენა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც გაირკვევა რამდენად მოხდა საგადასახადო ორგანოების მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების როგორც სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად ახალი აქტების გამოცემა. მართალია, საგადასახადო ორგანომ ახალ საგადასახადო შემოწმების აქტში დარიცხვის იმავე საფუძვლებზე მიუთითა, რაც სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ორგანომ გააუქმა დარიცხვის შესახებ ბრძანება და ახალ საგადასახადო შემოწმების აქტში ასახა სადავო საკითხი, გამოსცა ახალი დარიცხვის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ საგადასახადო ორგანომ უნდა იმსჯელოს იმ საკითხზე, ერთი მხრივ, რამდენად მოხდა გადაწყვეტილების შესაბამისი აღსრულება, მეორე მხრივ, დაასაბუთოს, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული დარიცხვის საფუძველი წარმოადგენს თუ არა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას. ამასთან, ი.ბ.ა „...“ მიუთითებდა, რომ უკვე შემოწმებული პერიოდის გადამოწმების გამო დარიცხული თანხები განმეორებით დაერიცხა, შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის გამოკვლევა, რადგან დაუშვებელია, რომ პირი ერთი და იმავე ოპერაციაზე ორჯერ დაიბეგროს. ზემოაღნიშნული საკითხების გამოკვლევის შემდეგ კი, დარიცხვის კანონიერება უნდა შემოწმდეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად.

რაც შეეხება მეორე სადავო საკითხს - ბანკის მიერ ამხანაგობისათვის ჩამორთმეული ფართების ოპერაციის შეფასებას. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ამხანაგობამ სს „… ბანკისგან“ აღებული სესხი ვერ დაფარა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, რის გამოც ბანკის მიერ 2011 წელს მოხდა სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების ნაწილის სანაცვლოდ ამხანაგობის საკუთრებაში არსებული 268 113 ლარის ღირებულების ფართების ჩამორთმევა. აღნიშნული ფართები განპიროვნებული იყო ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირების წილებზე. ამხანაგობის მიერ არ მომხდარა აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა. 2011 წლის 11 აგვისტოს ი.ბ.ა. „...-სა“ (მესაკუთრე) და სს „… ბანკს“ (კრედიტორი) შორის, ვინაიდან მოვალის მიერ გაჭიანურდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება, დაიდო იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორის საკუთრებაში გადავიდა თბილისში, … ქუჩა №11/… II შესახვევი №3-ში მდებარე შემდეგი ქონება: 126.68 კვ.მ. ფართი (მშენებარე), მე-2 სართული, ბინა 1, ბლოკი „ა“, მიწის საკადასტრო კოდი: …, ღირებულება 101 344 აშშ დოლარი, დღგ-ს გარეშე და 75.79 კვ.მ. 27 ფართი (მშენებარე), მე-7 სართული, ბინა 16, ბლოკი „ა“, მიწის საკადასტრო კოდი: …, ღირებულება 60 632 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე. 2011 წლის 11 აგვისტოს ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთებზე მოხდა სს „… ბანკ …ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლოს სამართლებრივ შეფასებას და დასკვნას მეორე სადავო საკითხზე, ვინაიდან ადგილი ჰქონდა მშენებარე უძრავი ქონების გადაცემას და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ იგი არ იყო ექსპლუატაციაში შესული, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ამხანაგობის მიზანი არ ითვლება მიღწეულად, ხოლო მისი არსებობა - შეწყვეტილად, მიუხედავად იმისა, რომ მშენებარე უძრავ ქონებაზე წარმოიშვა ბანკის საკუთრება და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისათვის მშენებარე უძრავი ქონებაც განიხილება საკუთრების ობიექტად, საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, აღნიშნული ვერ განიხილება მიწოდებად, წარმოადგენს წილის მიმოქცევას და ამდენად, ფინანსურ ინსტრუმენტს, რადგან საგადასახადო მიზნებისათვის შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლში მითითებულ კაპიტალის წილებში მოაზრებულ უნდა იქნას არა მხოლოდ კაპიტალური საზოგადოებების წევრთა წილები, არამედ ამხანაგობის თანასაკუთრებაში წილთა მიმოქცევაც, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის უტოლდება საწარმოს კაპიტალს. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია. ამრიგად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული როგორც ძირითადი საგადასახადო ვალდებულება, ისე საგადასახადო სანქციები უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გ. საქმე №ბს-538-531(კ-15), 21.01.2016წ.) არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. რამდენადაც, სადავო შემთხვევაში ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალება არც სამართალდამრღვევის პირის ქონებაა და არც სამართალდარღვევის ობიექტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე