Facebook Twitter

საქმე Nბს-1146(2კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ქ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ქ-ემ 2016 წლის 27 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ინისის N1-1146 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N583 ბრძანებისა და ამავე სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2305410 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ე. ქ-ის მიმართ ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ე. ქ-ის მოთხოვნა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე დასტურის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ე. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის N1-1146 ბრძანება, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N583 ბრძანება და ამავე სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2305410 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ე. ქ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ე. ქ-ის მოთხოვნა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე დასტურის გაცემის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ განცხადებას, რომელსაც საფუძვლად დაედო სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №171559 ბრძანება, თან ერთვის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა, რომლითაც დგინდება, რომ განცხადების წარდგენის დროისთვის 2014 წლის 28 ნოემბერს, საპროექტო მიწის ნაკვეთზე დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები არ იყო განხორციელებული. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის №3/1168-15 გადაწყვეტილებით, მართალია, დაკმაყოფილდა ე. ქ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სადავო გადაწყვეტილება, მაგრამ სასამართლოს არ დაუვალებია ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ე. ქ-ის განცხადება. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1701559 გადაწყვეტილების ბათილად ცნობით განცხადების განხილვა დაუბრუნდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე არსებულ მდგომარეობას.

კასატორების მოსაზრებით განცხადების ხელმეორედ განხილვის ეტაპზე, გამოვლინდა ისეთი გარემოება, კერძოდ, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, რომელიც არ ყოფილა სასამართლოს მიერ შეფასებული, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაავალა უნებართვოდ განხორციელებული ობიექტის დემონტაჟი ან ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/1168-15) ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1701559 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ე. ქ-ემ 2014 წლის 28 ნოემბრის NAR1269076 განცხადებით მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ, თბილისში, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე I კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე წერილობითი დასტურის გაცემა. ზონალური საბჭოს 2014 წლის 11 დეკემბრის №1624402 გადაწყვეტილებით I კლასს მიკუთვნებულ, აღნიშნულ მშენებლობას მიეცა დადებითი შეფასება, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 19 დეკემბრის №2398 ბრძანებით შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. ასევე, დადგენილია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2015 წლის 26 იანვრის №1701559 გადაწყვეტილებით შესაძლებლად არ მიიჩნია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ე. ქ-ის 2014 წლის 28 ნოემბრის №AR1269076 განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, რაც განპირობებული იყო ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №48) ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...ის, ...ისა და მისი სამხრეთით განთავსებული ტერიტორიის პერსპექტიული განვითარების (ჩარჩო-გეგმა) განაშენიანების რეგულირების და სავალდებულო ხაზების სისტემური კორექტირების საკითხის განსხვავებულად რეგულირებით.

კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/1168-15) სრულად დაკმაყოფილდა ე. ქ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1701559 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ დაუვალებია ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის დამატებით შესწავლა, გამოკვლევა, სარჩელი არ დაკმაყოფილებულა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლომ ცალსახად დაადგინა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1701559 გადაწყვეტილების უკანონობა. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ წარდგენილ სარჩელში ე. ქ-ე აღნიშნავდა, რომ ზონალური საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე განახორციელა შეთანხმებული I კლასის მშენებლობა, რაც უკვე წარმოადგენს დასრულებული სახის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლის აღსასრულებლადაც იქნა ისინი გამოცემული. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გამოცემისას შესწავლილ იქნა რა ე. ქ-ისთვის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე დასტურის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო იყო განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სასამართლოს არ დაუდგენია, რომ წარდგენილი განცხადება იყო ხარვეზიანი, საჭიროებდა დამატებით გამოკვლევასა და შესწავლას. უფრო მეტიც, სარჩელის წარდგენისას უკვე დასრულებული იყო მშენებლობა, რასაც მოსარჩელე წარდგენილ სარჩელშივე აღიარებდა. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორების განაცხადი ნაწარმოები მშენებლობის უკანონობის თაობაზე. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის N1-1146 ბრძანების, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N583 ბრძანებისა და ამავე სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2305410 გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველი გახდა ე. ქ-ისათვის ისეთი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის დავალდებულება, რომელთა წარდგენაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ წარმოშობილი გარემოებებით არ ყოფილა განპირობებული და რომელთა წარდგენის საჭიროებაც საკითხის განხილვისას სასამართლოს არ დაუდგენია, როდესაც მიიჩნია, რომ მშენებლობის განხორციელების დადასტურებაზე უარის თქმა იყო უკანონო. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეფუძნება ისეთ გარემოებებს, რომლებიც წინა სასამართლოს განხილვის დროსაც არსებობდა, თუმცა სასამართლომ ე. ქ-ის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ხელშემშლელ ფაქტებად ეს გარემოებები არ მიიჩნია. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით არ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების შესრულების გვერდის ავლა. ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ სადავო აქტები გამოცემულია სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინების გარეშე.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს 13.08.2018წ. №01604 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე