Facebook Twitter

საქმე Nბს-1167(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…ა“ (მოსარჩელე)

მესამე პირი - სს „…ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „..მ“ 2015 წლის 1 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 5 აგვისტოს №645 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ საქმეში 3/6922-15 მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე–16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩაბმულ იქნა სს „…ა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „…ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…მ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „…ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „…ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 5 აგვისტოს №645 განკარგულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სს ,,…ის“ 2015 წლის 16 ივნისის №611 ოქმის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „…მ“, რომლის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვა და ინფორმაცია გამოცდილებასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა შპს „ო…ის“ ხელმოწერით და ბეჭდით, რეკვიზიტები შპს „დ…ს“ ხელმოწერით, ხოლო ბეჭედი დასმულ იქნა შპს „ო…ის“ სახელით. აღნიშნული გარემოება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეფასდა აფიდავიტის წესების დარღვევად და სატენდერო კომისიის 2015 წლის 16 ივნისის №611 სხდომის ოქმით შპს „…ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „…ს“ შავ სიაში შეყვანის მიზნით აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის გადაგზავნის თაობაზე და სს „...ის“ 2015 წლის 16 ივნისის №5/6-1705-10 წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, რომ შპს „…ა“ დისკვალიფიცირებული იქნა შესყიდვების პროცედურიდან, რის გამოც ეთხოვა შპს „…ს“ შავ სიაში დარეგისტრირება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 5 აგვისტოს №645 განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, შპს „…ა“ დარეგისტრირდა შავ სიაში.

კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „…ს“ და შპს „ო…ს“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის პროფილებში „თემატიკის“ გრაფაში მითითებული აქვთ იდენტური კატეგორიები - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები, მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, შენობის დასრულების სამუშაოები, სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება. ასევე ისინი მონაწილეობას იღებენ იდენტური შესყიდვის კატეგორიის - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში. შესაბამისად, წარმოადგენენ ერთმანეთის პოტენციურ კონკურენტებს. აფიდავიტის წესზე დათანხმებით კი პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მისი სატენდერო წინადადება შემუშავებულია კონკურენტისაგან დამოუკიდებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ აფიდავიტის მიზნებიდან გამომდინარე კონკურენტი გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც იღებს ტენდერში მონაწილეობას და წარადგენს სატენდერო წინადადებას. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული დარღვევის ტექნიკურ შეცდომად შეფასებას და მიიჩნევს, რომ საქმეზე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის დადგენის ინტერესიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შპს „...ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არა განზრახ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას და აფიდავიტის წესების დარღვევას, რაც წარმოადგენდა მისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებისა და შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველს, არამედ ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ შპს „...თვის“ გაფრთხილების გამოცხადების საფუძველი, რადგან შპს „...ს“ მხრიდან ზემოაღნიშნული ტექნიკური შეცდომის დაშვებას სახელმწიფო ტენდერში მონაწილე პირებისათვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. ამასთან, როდესაც შპს „...მ“ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგინა ხარჯთაღრიცხვა და ინფორმაცია გამოცდილებასთან დაკავშირებით შპს „ო...ის“ ხელმოწერით და ბეჭდით, რეკვიზიტები შპს „დ...ს“ ხელმოწერით, ხოლო ბეჭედი დასმულ იქნა შპს „ო...ის“ სახელით, ამ დროს შპს „...ს“ მიზანი და განზრახვა არ შეიძლება ყოფილიყო სატენდერო კომისიის შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან თავიდანვე აშკარად ჩანდა ტექნიკური შეცდომის არსებობა და ბუნებრივია, შპს „...ს“ მიზანი არ იქნებოდა სატენდერო კომისიისათვის ისეთი აშკარად შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდება, რაც აშკარა იყო, რომ თავიდანვე შეუიარაღებელი თვალითაც იქნებოდა აღმოჩენილი. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, თუ რა მატერიალური ან სხვა სახის სარგებელი შეიძლება მიეღო შპს „...ს“, შპს „დ...ს“ ან შპს „ო...-ს“ ზემოაღნიშნული ტექნიკურად ხარვეზიანი ინფორმაციის წარდგენით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დარღვეულა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აფიდავიტით გათვალისწინებული მოთხოვნა და სადავო შემთხვევა არ შეიძლება შეფასდეს პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებად, რადგან საქმეზე არ დასტურდება, რომ შპს „…ა“, შპს „დ…ა“ ან შპს „ო…“ №… ელექტრონულ ტენდერში წარმოადგენდნენ ერთმანეთის კონკურენტებს, რადგან მითითებულ ელექტრონულ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო შპს „…ა“, ხოლო კასატორის მითითება მათი პოტენციური კონკურენტებად მიჩნევის თაობაზე არ ადასტურებს სადავო აქტის კანონიერებას. საგულისხმოა, რომ დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ კრძალავს ერთი ფიზიკური პირის მიერ რამდენიმე სამეწარმეო სუბიექტის შექმნისა და მათი პარალელურ რეჟიმში კანონით აუკრძალავი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. ამდენად, მხოლოდ ტექნიკურად ხარვეზიანი ინფორმაციის წარდგენით არ დგინდება შპს „...ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „…ს“ შავ სიაში შეყვანის საფუძველი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გამომრიცხავი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთან, კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს/ნ 204428510) დაუბრუნდეს 22.05.2018წ. №01535 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე