საქმე Nბს-1175(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ა (მოსარჩელე)
მესამე პირები: ჯ. ნ-ი, მ. ნ-ი, თ. ნ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ამ 2017 წლის 24 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 28 თებერვლის №01-01/07/5082 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 10 აპრილის №05-01/06/8961 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, წეროვანის დევნილთა დასახლებაში რიგი №... კოტეჯი №...-ის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით №3/2928-17 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ჯ. ნ-ი, მ. ნ-ი და თ. ნ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 10 აპრილის №05-01/06/8961 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 28 თებერვლის №01-01/07/5082 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ სადავო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების სრულყოფილიად გამოკვლევა, ასევე გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ იქნა შეფასებული სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც გახდა საფუძველი სადავო აქტის გამოცემისა. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ჯ., თ. და მ. ნ-ების დევნილის სტატუსთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ სამინისტროს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე პირველ რიგში უნდა დაედგინა ფლობდა თუ არა მ. კ-ა სადავო კოტეჯს წეროვნის დასახლებაში. როგორც სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული პროცესის ზეპირი მოსმენისას, ასევე სასამართლო პროცესზე ცალსახად დადასტურებულ იქნა, რომ მოსარჩელე მიუხედავად რეგისტრაციისა, ფაქტობრივად არ ფლობს სადავო კოტეჯს. აღნიშნული ასევე დასტურდება სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების მიერ აღნიშნულ კოტეჯში ვიზიტის შედეგად ჩატარებულ „პროფაილინგის“ მასალებით. მონიტორინგის თანამშრომლებს წეროვნის დასახლება, კოტეჯი, რიგი ..., N№... - ში დახვდა ჯ. ნ-ის ოჯახი, რომლებიც 2008 წლიდან, მას შემდეგ რაც სახლემწიფომ გადასცა კოტეჯი რეგისტრირებულნი არიან და ფაქტობრივად ცხოვრობენ აღნიშნულ ფართში.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფოს სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.3 პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმის 2.1.2.3. და 2.1.2.4. პუნქტების მიხედვით „მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელ დევნილებს, რომლების საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს ფაქტობრივი ჩასახლების ადგილებს, მათ აღნიშნული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ ფაქტობრივად ფლობის მიხედვით“. ვინაიდან მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს და არ სარგებლობს ზემოთ მითითებული კოტეჯით, სამინისტრო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს საკუთრებაში გადაცეს აღნიშნული ფაქტი. მით უმეტეს, რომ სადავო კოტეჯში ფაქტობრივად მცხოვრები ჯ. ნ-ის ოჯახი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ ისინი წარმოადგენენ 2008 წლის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს და დაევალა სამინისტროს დევნილის სტატუსის აღდგენა, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში და მოცემულ ეტაპზეც პრეტენზიას გამოთქვამენ სადავო კოტეჯზე. შესაბამისად, კომისიის მსჯელობა არის სწორი და კანონიერი, როცა სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სანამ მიმდინარეობს დავა, როგორც მ. კ-ასა და ჯ. ნ-ის ოჯახს შორის, ასევე სამინისტროსა და ჯ. ნ-ს შორის, სამინისტრო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სადავო კოტეჯი საკუთრებაში გადაეცეს მხოლოდ მ. კ-ას.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 9 მარტის N№11128/01 ადმინისტრაციული საჩივრით მ. კ-ას მოთხოვნას წარმოადგენდა 2017 წლის 28 თებერვლის №5082 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. სამინისტრომ, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოარკვია, რომ მ. კ-ა რეგისტრირებულია წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში და გარკვეული პერიოდულობით ცხოვრობს - წეროვანში, მე-... რიგში მდებარე №... კოტეჯში. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის პროცესში, მოქალაქე მ. კ-ას წარმომადგენელმა - გ. ვ-ემ ჩამოაყალიბა მოთხოვნა და განმარტა, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული 2017 წლის 28 თებერვლის №01-01/07/5084 ადმინისტრაციული აქტი, მ. კ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე არის უკანონო, ვინაიდან, მ. კ-ა ითხოვს დაუკანონდეს მას ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი ან სამინისტრომ უზრუნველყოს იგი სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით. მიუხედავად იმისა, რომ იგი რეგისტრირებულია წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში, მე-... რიგში მდებარე №... კოტეჯში. მ. კ-ას დღემდე არ უკანონებენ სახელმწიფოს მიერ მისთვის ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემულ კოტეჯს. ამის მიზეზად სამინისტრო ასახელებს ზემოაღნიშნულ კოტეჯში შეჭრილ პირებს, რომლებიც უკანონოდ არიან რეგისტრირებული იმავე კოტეჯში, ვინაიდან მათ, დღეისათვის, დევნილის სტატუსიც კი არ გააჩნიათ, ხოლო სამინისტრო არ რეაგირებს აღნიშნულზე და არადევნილ პირებს - ჯ. ნ-სა და მისი ოჯახის წევრებს, აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ დევნილთათვის განსაზღვრული საცხოვრებლით. ამასთან, სამინისტრომ, დევნილთა შესახებ კანონის საფუძველზე, უნდა შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები და დევნილი პირი უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლით. მიუხედავად ამისა, კ-ა დღემდე არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. იგი ითხოვს სამინისტრომ გამოიკვლიოს საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებული ობიექტური გარემოებები და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი - მ. კ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. მ. კ-ამ განმარტა, რომ გ. ნ-თან ქორწინების შემდგომ, 2-3 წელიწადში, იგი შვილთან - ს. ნ-თან ერთად, დაბრუნდა მშობლების სახლში - სოფელ ... . მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, იგი ფაქტობრივად დაშორდა მეუღლეს. ვინაიდან შვილი ატარებდა ქართულ გვარს, მას სურვილი ჰქონდა ბავშვს ესწავლა ქ. თბილისში. ამ მიზნით, მან მიაბარა შვილი ქ. თბილისში მცხოვრებ ახლო ნათესავს, ხოლო თვითონ პერიოდულად აკითხავდა ხოლმე სოფლიდან. მოგვიანებით, მისმა მამამთილმა - ს. ნ-ა სთხოვა მას დაბრუნებულიყო მათ ოჯახში. მ. კ-ამ აღნიშნა, რომ ს. ნ-ი ყოველთვის ყურადღებითა და სიყვარულით ეპყრობოდა მას და მის შვილს, შესაბამისად, მან გადაწყვიტა უარი არ ეთქვა მამამთილისათვის და საცხოვრებლად ისევ გადავიდა მეუღლის ოჯახში, სოფელ იკოთში, მაგრამ მეუღლესთან ურთიერთობა არ აღუდგენია, ვინაიდან იგი ფაქტობრივად არ იმყოფებოდა სახლში. ს. ნ-ი კი ცხოვრობდა და სწავლობდა ქ. თბილისში, მხოლოდ პერიოდულად ჩადიოდა ოჯახის წევრების მოსანახულებლად ახალგორის რაიონში. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოვლენების შემდგომ, დევნილი ს. ნ-ის განსახლება განხორციელდა წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში არსებულ ერთ-ერთ კოტეჯში. მან შესთავაზა რძალს - მ. კ-ას, მასთან ერთად დარეგისტრირებულიყო აღნიშნულ მისამართზე, ვინაიდან თვითონ მომჩივანიც მუდმივად ცხოვრობდა იქ და უვლიდა მოხუც მამამთილს. ს. ნ-ის ჯანმრთელობის გაუარესების პერიოდში, მათთან ჩამოდიოდა ქ. თბილისში მცხოვრები კ-ას არადევნილი მაზლი - ჯ. ნ-ი ოჯახით. ერთ-ერთი ჩამოსვლისას ჯ. ნ-ის ოჯახმა განაცხადა, რომ აღარ აპირებენ ქ. თბილისში დაბრუნებას და საცხოვრებლად რჩებიან იმავე კოტეჯში. ჯ. ნ-მა თაღლითური გზით მოიპოვა დევნილის სტატუსი, დარეგისტრირდა შვილებთან ერთად აღნიშნულ ფართში და ს. ნ-ის გარდაცვალების შემდგომ, დაიწყეს მ. კ-ას შევიწროება. მომჩივანმა განმარტა, რომ ჯ. ნ-ის ოჯახი არ აძლევს მას საშუალებას ისარგებლოს აღნიშნული ფართით, ყველანაირად ცდილობენ გამოიწვიონ კონფლიქტი, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მ. კ-ას ხშირად უწევს პოლიციის გამოძახებაც. მისი ყოფილი მეუღლე ძირითადად იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა მ. კ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დღეისათვის გარკვეული ურთიერთობა აქვთ, ზეპირ მოსმენაზეც მან მოიყვანა და ელოდება სამინისტროს დევნილთა მისაღებში. შვილი ჟურნალისტია, ცხოვრობს ნათესავებთან ქ. თბილისში და მუშაობს ერთ-ერთ ტელევიზიაში. თვითონაც ხშირად არის შვილთან, ვინაიდან ჯ. ნ-ის ოჯახთან ერთად ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება მისთვის ძალიან რთულია, მით უფრო, რომ დაუდგინდა მე-4 სტადიის სიმსივნე, რომელიც საჭიროებს მუდმივ კონტროლსა და მკურნალობას. მომჩივნის განცხადებით, ჯ. ნ-სა და მისი ოჯახის წევრებს არ ეკუთვნით არც დევნილის სტატუსი და არც საცხოვრებელი ფართი დევნილთა ჩასახლებაში. ისინი მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ... ქ. №22-ში. ამჟამადაც ფლობენ აღნიშნულ საკუთრებას, რომელიც რეგისტრირებულია მისი მულის - მ. ნ-ის სახელზე და ფაქტობრივად სარგებლობენ ორივე საცხოვრებელი ფართით. იგი ითხოვს, სამინისტრომ მას დაუკანონოს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კოტეჯი ან დააკმაყოფილოს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით.
ადმინისტრაციული პროცესის მიმდინარეობის დროს მომჩივანსა და მის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აღნიშნულ კოტეჯში რეგისტრირებული არიან მ. კ-ა, ასევე ჯ. ნ-ი და მისი შვილები. აღსანიშნავია, რომ სწორედ ნ-რების დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მ. კ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ჯ. ნ-ი და მისი ოჯახი, ფაქტობრივად ცხოვრობენ რა ზემოაღნიშნულ კოტეჯში, შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ამ საცხოვრებელი ფართის მხოლოდ მათი ოჯახისთვის დაკანონებით. სასამართლო დავის დასრულებამდე, სამინისტრო ვერ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესით მ. კ-ასათვის აღნიშნული კოტეჯის ან სხვა ალტერნატიული ფართის საკუთრებაში გადაცემის საკითხს, ვინაიდან, მ. კ-აც და ჯ. ნ-იც რეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ ფაქტობრივად ორად გაყოფილ კოტეჯში მუდმივად ცხოვრობს ჯ. ნ-ის ოჯახი, ხოლო მ. კ-ა პერიოდულად (დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 21 მარტის N01-01/05-2856 სამსახურებრივი ბარათი). აქვე გასათვალისწინებელია, რომ მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა ამ ფართში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახს.
სამინისტროს მიერ მოსარჩელეს განემარტა, რომ სამინისტრო დეტალურად შეისწავლის ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ და ფორმალურ გარემოებას, იმსჯელებს და მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ პირს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში. 2017 წლის 10 აპრილის №8961 გადაწყვეტილებით მ. კ-ას ეცნობა, რომ მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სამინისტროს მიერ მიღებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სადავო ფართში ასევე რეგისტრირებულნი არიან და ფაქტობრივად მუდმივად ცხოვრობენ არადევნილი პირები: ჯ. ნ-ი, ნ. ნ-ი, მ. ნ-ი და თ. ნ-ი. აქვე აღსანიშნავია, რომ ჯ. ნ-სა და სამინისტროს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა მისი დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ დავის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულმა ამა თუ იმ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარისათვის ზემოაღნიშნული კოტეჯის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საკუთრებაში გადაცემაზე, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფოს სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.3 პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმის 2.1.2.3. და 2.1.2.4. პუნქტის მიხედვით „მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელ დევნილებს, რომლების საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს ფაქტობრივი ჩასახლების ადგილებს, მათ აღნიშნული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ ფაქტობრივად ფლობის მიხედვით“.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მინისტრის 2017 წლის 16 იანვრის №44 ბრძანების შესაბამისად, შექმნილ დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) საკითხზე მომუშავე 2017 წლის 31 იანვრის კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა მოსარჩელის 2017 წლის 20 იანვრის №1017 განცხადებით მოთხოვნილი საკითხი. აღნიშნული საკითხის განხილვის შედეგად მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ დღეის მდგომარებით მ. კ-ასა და ჯ. ნ-ს შორის მიმდინარეობს დავა ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სამინისტრო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის დაკანონებაზე დავის ამოწურვამდე. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების ურთერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად კასატორს მიაჩნია, რომ სამინისტრო მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ფართის დაკანონების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მ. კ-ას მოთხოვნის უარყოფის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. აღნიშნულის გარეშე კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამასთან, იგი ითხოვს იმ საცხოვრებელი ფართის მისთვის გადაცემას, სადაც იგი არის რეგისტრირებული და მისი განმარტებით, ფაქტობრივად ცხოვრობს - წეროვნის დევნილთა დასახლება მე-… რიგში, №… კოტეჯში. ასევე, დადგენილია, რომ გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული კოტეჯის საკუთრებაში გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ფართში რეგისტრირებულები იყვნენ და ფაქტობრივად ცხოვრობდნენ არადევნილი პირები: ჯ. ნ-ი, ნ. ნ-ი, მ. ნ-ი და თ. ნ-ი. აქტით განმარტებულ იქნა, რომ მიმდინარეობდა დავა ჯ. ნ-ის დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით და ამ დავის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას შეეძლო გარკვეული გავლენა მოეხდინა მ. კ-ასთვის ზემოაღნიშნული კოტეჯის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საკუთრებაში გადაცემაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სამინისტრომ, მ. კ-ას განცხადების განხილვის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მხოლოდ იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ჯ., თ. და მ. ნ-ების დევნილის სტატუსთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განცხადების განხილვისას, პირველ რიგში, უნდა დადგენილიყო ფაქტობრივად ფლობდა თუ არა ზემოაღნიშნულ ფართს მოსარჩელე - მ. კ-ა; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა ან უარყოფდა მოსარჩელის მიერ სადავო ქონებით სარგებლობის ფაქტს. ასევე, გამოეკვლია მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა განმარტებები, აღნიშნულ ფართში მოსარჩელის ცხოვრებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გარემოებები არ გამოკვლეულა, კასატორის არგუმენტაცია, რომ მ. კ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა ჯ., მ. და თ. ნ-ების დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე