განჩინება
¹ 836-აპ 1 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ტყეშელაშვილი,
მ. ოშხარელი
მონაწილეობით განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ გ. გ-ის, რეაბილიტირებულ ზ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. ნ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 26 იანვარს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახურში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ზ. გ-ის მიმართ მოქალაქე ნ. ჯ-ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. 2004 წლის 31 იანვარს ზ. გ-ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.
2004 წლის 1 თებერვალს ზ. გ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება 3 თვით.
2004 წლის 8 აპრილს ზ. გ-ის მიმართ აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა მარეაბილიტირებელი საფუძვლით, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება.
2004 წლის 8 აგვისტოს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს ზ. გ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ნ-ემ სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც გამოიხატებოდა ზ. გ-ის რეაბილიტირებულად გამოცხადებასა და მისთვის უკანონო ბრალდებით პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის გამო თანხის მოთხოვნაში.
ასანაზღაურებელი მატერიალური ზიანის თანხაში განმცხადებელი მიუთითებდა ზ. გ-ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისი ოჯახის წევრების ქუთაისიდან თბილისში მგზავრობაზე, მისთვის საპყრობილეში ამანათების შეგზავნაზე, ადვოკატის შრომის ანაზღაურებასა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მკურნალობისათვის გაწეულ დანახარჯებზე, ასევე მოითხოვდა მორალური ზიანისათვის 15 000 ლარის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 თებერვლის დადგენილებით ზ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ალ. ნ-ის მოთხოვნა სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ზ. გ-ეს მორალური ზიანი აუნაზღაურდა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო ქონებრივი ზიანი _ 230 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რეაბილიტირებულ ზ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ნ-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ.
კერძო სააპელაციო საჩივრით რეაბილიტირებული ზ. გ-ძე ითხოვდა დადგენილებაში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ შესაბამის ორგანოებს მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით დაკისრებოდათ 477 ლარის გადახდა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურება _ იმ ოდენობით, რომ მატერიალურ და მორალურ ზიანს ერთობლივად შეედგინა 15 000 ლარი. აპელანტი ასევე ითხოვდა თავისი რეაბილიტაციის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლ. გ-ძე ითხოვდა დადგენილებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, რეაბილიტირებულ ზ. გ-სათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი მატერიალური ზიანის ნაწილში ანაზღაურების გაუქმებას და მორალური ზიანის ნაწილში დადგენილი თანხის შემცირებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ლ. გ-ის კერძო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ხოლო რეაბილიტირებულ ზ. გ-ის კერძო სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში კერძოდ:
ზ. გ-ძე ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა ზ. გ-ის სრული რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაცია ოფიციალურ გამოცემაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 2230 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ემ და ზ. გ-ის დამცველმა, ადვოკატმა ა. ნ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ემ კერძო საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და უარის თქმა რეაბილიტირებულის მოთხოვნაზე.
კასატორ ზ. გ-ის ადვოკატი ალ. ნ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების შეცვლას რეაბილიტირებულის სასარგებლოდ და, საქართველოს სსსკ-ის 225-ე, 226-ე, 227-ე მუხლების თანახმად, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 15 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივარს, აღნიშნა, რომ განჩინება არის უკანონო და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ არ გაითვალისწინა სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეაბილიტირებულს უნდა აუნაზღაურდეს ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის. ამდენად, განმცხადებელს უნდა წარმოედგინა შეთანხმება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ვინაიდან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის ჰონორარის გადახდის ფაქტი, ამდენად, მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძველს მოკლებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები. მართალია, ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას აგრეთვე ფულადი კომპენსაციით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ფულადი კომპენსაციით მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მორალური ზიანის ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია. კერძოდ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლის გამოყენება, რომლის თანახმადაც, არ უნდა მოხდეს მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლომ უნდა შეამციროს მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. გ-ემ ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და რეაბილიტირებულისათვის უარის თქმა ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
პალატის სხდომაზე რეაბილიტირებულ ზ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ნ-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უკანონო, დაუსაბუთებელი. სასამართლომ რეალურად არ განსაზღვრა იმ თანხის ოდენობა, რომელიც დაფარავს სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად ზ. გ-სათვის მიყენებულ მორალურ და მატერიალურ ზიანს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში ზ. გ-ის მეუღლეს შეუწყდა ორსულობა და მიიღო დიდი მორალური ტრავმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ალ. ნ-ემ იშუამდგომლა პალატის წინაშე, რათა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის გაზრდა.
რეაბილიტირებულმა ზ. გ-ემ მხარი დაუჭირა თავისი ადვოკატის მოთხოვნას.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. ა-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა ზ. გ-ის რეაბილიტაციის თაობაზე სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატის აზრით, დადასტურებულია ის, რომ 2004 წლის 26 იანვარს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახურში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ზ. გ-ის მიმართ, რომელიც 2004 წლის 8 აპრილს შეწყდა მარეაბილიტირებელი საფუძვლით, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შესახებ.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს რეაბილიტირებულ ზ. გ-ის ადვოკატის _ ალ. ნ-ის მოთხოვნას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის გაზრდის თაობაზე, უსაფუძვლობის გამო.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის და ზ. გ-ის მკურნალობისათვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 230 ლარი. რაც შეეხება მორალურ ზიანს, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა 2000 ლარის ოდენობით, განსაზღვრულია გონივრულ ფარგლებში და არ არსებობს მისი შემცირების ან გაზრდის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ გ. გ-სა და რეაბილიტირებულ ზ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. ნ-ის კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინება რეაბილიტირებულ ზ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.