საქმე Nბს-1255(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 2016 წლის 17 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიმართ. მოსარჩელემ №2362565651 პროგრამული შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №04/98133 გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 15 აპრილის №04/30547 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შპს „...ისთვის“ №2362565651 პროგრამული შემთხვევის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 მაისის №04/38858 და 2016 წლის 12 ოქტომბრის №04/77572 გადაწყვეტილებები; მოპასუხე მხარეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების სადავო თანხის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-14 და მე-15 მუხლებით შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ გუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. კასატორის მოსაზრებით, შემთხვევა აუცილებლად არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს და ასევე მაშინ როცა სახეზეა ის გარემოებები, როდესაც მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები ან შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინების სისტემაში მიწოდებულ შესაბამის ინფორმაციას, ასევე თუ შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია დანართის მე-11 მუხლის პირველი და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული პირობები ან სახეზეა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება ან სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია.
კასატორი აღნიშნავს, რომ პაციენტი თ. გ-ა იყო კლინიკის სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, მოთავსდა კლინიკაში 2015 წლის 23 ივლისს 22:28 საათზე, შეტყობინების N2362565651 დიაგნოზით K81.0 მწვავე ქოლეცისტიტი. კლინიკამ შეტყობინება ელექტრონული მოდულის მიხედვით, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით გააკეთა 2015 წლის 24 ივლისს 03:19 საათზე, დიაგნოზით K81.0 მწვავე ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის აბსცესი - ქვების გარეშე. ანგიოქოლეცისტიტი - ქვების გარეშე, ქოლეცისტიტი: ემფიზემური (მწვავე) - ქვების გარეშე. განგრენული - ქვების გარეშე. ჩირქოვანი - ქვების გარეშე.
საქმეში არსებული ფორმა NIV -100-ის მიხედვით N8792, პაციენტი კლინიკაში მოთავსდა 2015 წლის 23 ივლისს 22:28, მკურნალობა ჩატარდა 2015 წლის 25 ივლისს ლაპარატომია, ქოლეცისტექტომია, მუცლის ღრუს სანაცია დრენირება, 2015 წლის 24 ივლისს ზოფაოგასტროდუოდენოსკოპია. კასატორი მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არის: დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან N2362565651 შემთხვევის შეტყობინების შინაარსი გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებაა და მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდგომ ჩატარდა სათანადო ჩარევა, შეუძლებელია ჩარევა განხილულ იქნეს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტად, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქართველოს როგორც საკანონმდებლო აქტის, ასევე სამართლებრივი აქტის მოთხოვნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის N04/98132 გადაწყვეტილებით, შპს „...ს“ უარი ეთქვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ კლინიკის მიერ შეტყობინებაში გადაცემული და სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია არ იყო იდენტური. შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
კასატორი სადავო აქტების მართებულობას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ N2362565651 შემთხვევის შეტყობინების შინაარსი გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებაა, ხოლო განხორციელებული სამედიცინო მანიპულაციების ინტენსივობა არ იძლევა შემთხვევის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტად განხილვის შესაძლებლობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება არ ქმნის კასატორის მიერ მითითებული გარემოების გაზიარების საფუძველს, რადგან საქმეზე დადგენილია, რომ შპს „...მა“ სამედიცინო მომსახურება გაუწია ბენეფიციარს თ. გ-ას. სისტემაში მომსახურება დაცულია №2362565651 პროგრამული შემთხვევის სახით. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით (მათ შორის ფორმა N100) მითითებულია დიაგნოზი: ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, მწვავე განგრენული ქოლეცისტიტი. დაავადების კოდი განისაზღვრა: K- 81.0. შეტყობინების მიხედვით: დაავადების კოდია K-81.0. დიაგნოზი: მწვავე ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის აბსცესი), განგრენული ჩირქოვანი ქოლეცისტიტი. შესაბამისად, დასტურდება, რომ შეტყობინებასა და სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული დაავადების კოდი იდენტურია. დიაგნოზი შეტყობინების მიხედვით არის პირველადი, რაც დარჩა და დაზუსტდა სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგაც.
სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა თ. გ-ას N1905 ჰისტოპატოლოგიურ გამოკვლევაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლის 27 ივლისს გამოსაკვლევად წარდგენილ იქნა ოპერაციული მასალა - ნაღვლის ბუშტი, რომელშიც აღინიშნა ლორწოვანი შრის ინფილტრაცია ჭარბი რაოდენობით ნეიტროფილური ლეიკოციტებით, რომელიც ვრცელდება კუნთოვან შრესა და მიმდებარე ცხიმოვან ქსოვილში. აღინიშნა ვრცელი ნეკროზული უბნებისა და ჰემორაგიული კვების არსებობა. ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზი - მწვავე განგრენული ქოლეცისტიტი. საკასაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნული დიაგნოზი ნამდვილად წარმოადგენს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩვენებას, რომლის გარეშეც გარდაუვალი იყო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გამომრიცხავი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთან, კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს 21.11.2018წ. №32961 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე