საქმე №ბს-1333(კ-18) 22 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ. კ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. კ-ემ 2017 წლის 16 მაისს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო რ. კ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 12 იანვრის №22 დადგენილებისა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 12 იანვრის №22 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ რ. კ-ის 2017 წლის 6 თებერვლის №3827/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 21 აპრილის №02/88 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 12 იანვრის დადგენილება №22 „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო რ. კ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 21 აპრილის №02/88 ბრძანება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 12 იანვრის №22 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე რ. კ-ის 2017 წლის 6 თებერვლის №3827/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა იმავე ფაქტორივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მერიამ არ მიიჩნია, რომ ამხანაგობის სხვა წევრების მიმართ გაცემული მშენებლობის ნებართვა ქმნიდა რ. კ-ის მიერ დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოსწორების საფუძველს და შესაბამისად სამშენებლო სამართალდარღვევის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 1 აგვისტოს გაიცა №124 მითითება და დადგინდა, რომ რ. კ-ემ ქ. ბათუმში, ...ქ. №12-ში, უნებართვოდ განახორციელა საცხოვრებელ სახლზე აივნის მიშენება. აღნიშნული მითითებით რ. კ-ეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა, რომ მოეხდინა დემონტაჟი ან წარმოედგინა სათანადო დოკუმენტაცია. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 15 ნოემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე დადგინდა, რომ რ. კ-ის მიერ არ შესრულდა 2016 წლის 1 აგვისტოს №124 მითითების პირობები, მას არ ჰქონდა განხორციელებული მიშენებული აივნის დემონტაჟი და ვერ წარმოადგინა სათანადო დოკუმენტაცია-მშენებლობის სანებართვო მოწმობა. რის შემდგომაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოტანილ იქნა სადავო დადგენილება რ. კ-ის 3000 ლარით დაჯარიმების თაობაზე.
2017 წლის 21 თებერვლის (ქ. ბათუმის მერიაში საჩივრის განხილვის ფარგლებში) №5731/25 განცხადებით რ. კ-ის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში დამატებით წარდგენილი მტკიცებულების, კერძოდ, „მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2 თებერვლის №მ/165 ბრძანებისა და №002370 მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე ქ. ბათუმის მერიამ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ნოემბრის №მ/2827 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №12-ში მდებარე 3051,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) არსებულ შენობაზე აივნის მიშენების მიზნით არქიტექტურული პროექტი (№1196), ხოლო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2 თებერვლის №მ/165 ბრძანების საფუძველზე გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №002370. საგულისხმოა, რომ ეს შეთანხმებები, მიუხედავად იმისა, რომ ის მოიცავდა რ. კ-ის უკანონო მიშენებასაც, შეეხებოდა ბმა ,,...ას“ , ანუ დამკვეთი და მშენებლობის ნებართვის მაძიებელი იყო ამხანაგობა და არა სამშენებლო სამართალდამრღვევი - რ. კ-ე, შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიამ უკვე საჩივრის განხილვის ფარგლებში ჩათვალა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 12 იანვრის №22 დადგენილების საფუძველზე რ. კ-ის მიერ უნებართვო მშენებლობა (აივნის მიშენება) კანონიერად ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად, იგი უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 3000 ლარით.
ქ. ბათუმის მერია ამ კატეგორიის საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს შემდეგი აქტებით: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი - შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია ეს არის შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით , რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვითაც, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია კი საჭიროებს მშენებლობის ნებართვის აღებას. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კანონის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით.
კასატორის მოსაზრებით, რ. კ-ის მიერ წარმოებული მშენებლობით განხორციელდა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, რომელიც საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის აღებას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, რაც დადგენილია, რომ რ. კ-ეს არ გააჩნდა. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ კანონიერად მიიჩნია, რომ რ. კ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობა საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის აღებას და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2 თებერვლის №მ/165 ბრძანების საფუძველზე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა №002370 ვერ გახდება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულ ბრძანებაში სუბიექტი არის მბა „...ა“, რომელიც ითხოვდა მანსარდის დაშენების ნებართვას, ქ. ბათუმის მერია კი რ. კ-ეს ედავებოდა აივნის უკანონო მიშენებაზე. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1 აგვისტოს №124 მითითებით რ. კ-ეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა, რომ მოეხდინა უნებართვოდ მიშენებული აივნის დემონტაჟი ან წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია. სათანადო დოკუმენტაციაში იგულისხმება სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების ჩადენამდე არსებული დოკუმენტაცია, რადგან არსებობს ალბათობა, რომ არსებობდეს სამშენებლო დოკუმენტაცია და გაცემული იყოს მშენებლობის ნებართვა, რომელიც პირს აძლევს დარღვევად მიჩნეული მშენებლობის განხორციელების უფლებას, მაგრამ იგი ცნობილი არ იყო ზედამხედველობის ორგანოსათვის. რაც, როგორც აღინიშნა, რ. კ-ეს არ გააჩნდა. კასატორი მიიჩნევს, რომ მერიის მიერ კანონიერად იქნა გამოყენებული დადგენილებაში მითითებული ნორმები. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ. კ-ეს დადგენილების მიღების მომენტისთვის არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო რ. კ-ე დაეჯარიმებინა 3000 ლარით, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისათვის არ მოიპოვებოდა სამართლებრივი საფუძველი, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებები არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს სადავო შენობა-ნაგებობის სამართლებრივი მდგომარეობა, რამდენადაც სამშენებლო სამუშაოებისთვის კანონიერი სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი (იხ. სუს. გ. საქმე №ბს-360-357(2კ-17) 19.10.2017წ.). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 2 თებერვალს გამოსცა ბრძანება Nმ/165 და ქ. ბათუმში, ... ქ. N12-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-დაშენების მიზნით (არქიტექტურული პროექტი N1196, 28.11.2016 წ.), ბმა „...ას“ სახელზე გასცა მშენებლობის ნებართვა, რომელიც ასევე მოიცავდა სადავო აივანსაც. ამდენად, აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლის არსებობა გამორიცხავს სადავო ობიექტის დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობას.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გ. საქმე №ბს-360-357(2კ-17) 19.10.2017წ.) არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე