საქმე №ბს-103(კ-19) 16 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ს-ა (მოსარჩელე)
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი
მესამე პირი - ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ს-ამ 2017 წლის 27 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ 1992 წლის 21 დეკემბრის №2-1248 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ჯ. ს-ასათვის ქ. ზუგდიდში, ... ქუჩა №6, ბინა №13-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ფაქტის აღიარება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ნოემბრის განჩინებით №3/215-17 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელე ჯ. ს-ას 1992 წლის 21 დეკემბრის №2-1248 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ქ. ზუგდიდში, ... ქუჩა №6-ში მდებარე ბინა №13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. კასატორმა იმავე ფაქტორივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რომლითაც აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამასთან, აღიარებითი სარჩელი დასაშვები არ არის, თუ იგი მიმართულია წმინდა ფაქტობრივი ინტერესის, ფაქტობრივი გარემოების ან სამართლებრივი ურთიერთობის არადამოუკიდებელი ნაწილის მიმართ. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ დარღვევად არ იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნა ფაქტი და არა სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
ჯ. ს-ა სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი 1970-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, ... ქუჩა, სახლი N6, ბინა N13-ში. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა მას საკუთრებაში გადაეცა 1992 წლის 21 დეკემბრის N2-1248 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმებული ნოტარიუს ნ. ქ-ას მიერ). მოსარჩელის მიერ სადავო ბინით სარგებლობა სამართალწარმოების პროცესში დადასტურდა მოწმის ჩვენებით. ამასთან, ჯ. ს-ა უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების არსებობას ასაბუთებს ბინის ტექნიკური პასპორტით (დედნის სახით), საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ნოტარიუს ნ. ქ-ას სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში პრივატიზაციის შესახებ 1992 წლის 21 დეკემბერს რეგისტრირებული ჩანაწერის დამოწმებული ასლით და საბინაო წიგნაკით ამ ბინაზე მისი საკუთრების უფლების შესახებ ტექბიუროს შესაბამისი ჩანაწერით. სადავო არაა ნოტარიუს ნ. ქ-ას სანოტარო ბიუროსა და ზუგდიდის ტექ-აღრიცხვის ბიუროს დოკუმენტაციის განადგურების ფაქტი, შესაბამისად, ჯ. ს-ასთან გაფორმებული 1992 წლის 21 დეკემბრის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება არ მოიპოვება არქივში დოკუმენტაციის განადგურების გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, რადგან 1992 წელს მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაადგინა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. პრივატიზაციის ობიექტი კი შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებელთა ოჯახის წევრები იყვნენ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილებით, მოქალაქეები, რომელთაც უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საცხოვრებელი სახლი (ბინა), განცხადებით მიმართავდნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საბინაო-საექსპლუატაციო უბნებს და საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი (ბინა). ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო საექსპლუატაციო უბანსა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადასცემოდა საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას - ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის. დადგენილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება უნდა დადასტურებულიყო სანოტარო წესით და რეგისტრაციაში გატარებულიყო ადგილობრივი მმართველობის ორგანოში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მატერიალურად არარსებობა, იმ პირობებში, როდესაც მისი გაფორმების ფაქტი დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, არ შეიძლება გახდეს უფლების არსებობის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე