Facebook Twitter

საქმე №ბს-1069 (ს-19) 16 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

თავმჯდომარემ ვასილ როინიშვილმა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განვიხილე ი. ო-ას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ს. ჩ-ის 2019 წლის 27 აგვისტოს №2ბ/114-19 განკარგულების (სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შესახებ) თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

2019 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა (მოსამართლე - ს. ჩ-ე) განიხილავდა ადმინისტრაციულ საქმეს - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრისა გამო, მოწინააღმდეგე მხარის – ი. ო-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევისა და მოსამართლის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, პროცესის მონაწილე მხარე - ი. ო-ა (პ/ნ ...) სასამართლოს განკარგულებით დაჯარიმდა - 50 ლარით. ი. ო-ას მიერ სასამართლო სხდომაზე წესრიგის განმეორებით დარღვევისათვის, გაიზარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის - ს. ჩ-ის 2019 წლის 27 აგვისტოს 1-ლი განკარგულებით დაკისრებული ჯარიმის (50 ლარი) ოდენობა 100 ლარამდე და საბოლოოდ, ი. ო-ას დაეკისრა ჯარიმის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა. დაჯარიმების საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილი. განკარგულების ასლი ი. ო-ას 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაბარდა (ს.ფ. 10).

აღნიშნული განკარგულება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა ი. ო-ამ (საჩივრის ფოსტისათვის გადაცემის თარიღი - 2019 წლის 6 სექტემბერი) და მისი, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განკარგულების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 11). საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2019 წლის 16 სექტემბერს 10:30 საათზე შემოვიდა.

გავეცანი წარმოდგენილ მასალებს, საჩივარს და მიმაჩნია, რომ ი. ო-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განკარგულება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლეს. ამასთან, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს სასამართლოდან მის გაყვანას, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი 2019 წლის 27 აგვისტოს სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, უდავოა ის ფაქტი, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის - ბ. თ-ას შუამდგომლობის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემ - ი. ო-ამ ადგილზე წამოძახილებით აპელანტის წარმომადგენელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა და მიმართა არაკორექტულად. მოსამართლის გაფრთხილების მიუხედავად, ი. ო-ს მიერ აპელანტის წარმომადგენლის მიმარტ არაკორექტული მიმართვა განმეორდა, რითაც დაარღვია სხდომის დარბაზში წესრიგი (იხ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 16:13:47 სთ-დან 16:15:32 სთ-ს ჩათვლით).

ყოველივე ზემოაღნიშნული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისი დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ს. ჩ-ის 2019 წლის 27 აგვისტოს განკარგულება - ი. ო-ას 100 (ასი) ლარით დაჯარიმების შესახებ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ვიხელმძღვანელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3, მე-6 და მე-11 ნაწილებით და

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

1. ი. ო-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ს. ჩ-ის 2019 წლის 27 აგვისტოს №2ბ/114-19წ. განკარგულება - (სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შესახებ);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი