საქმე №ბს-1322(კ-18) 22 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს ,,…“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (მოპასუხე)
მესამე პირი - ე. დ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,...ამ“ 2016 წლის 11 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის №34/28 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება, ე. დ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით სს „...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.2 ნაწილში არასწორად განმარტა სემეკის 18.09.08 N20 დადგენილების მე-11 მუხლი, კერძოდ ...ამ სწორედ სემეკის 18.09.08 N20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე მოახდინა აღურიცხავი ელ.ენერგიის დარიცხვა და განხორციელებული დარიცხვის კუთხით, სააპელაციო სასამართლომ ვერ მიუთითა რაიმე უსწორობა. კასატორის განმარტებით, უდავოდ დადგენილია, რომ ე. დ-ას მრიცხველი სრულად არ აღრიცხავდა რეალურად მოხმარებულ ელ.ენერგიას, რაზედაც არსებობს მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი აქტი, შესაბამისად, დარიცხვა განხორციელდა კანონიერად.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-11 მუხლის მე-8 პრიმა პუნქტის მიხედვით, ,,დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ დროს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში". მოცემულ საქმეზე კი ე. დ-ას განაწილების ლიცენზიატისათვის წერილობით არ მიუმართავს მრიცხველის საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარების მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტი განმარტავს, რა არის შემოწმება და ვიზუალურ დათვალიერებასაც კი შემოწმებად მიიჩნევს - ,,ამ წესების მიზნებისათვის, ელ.ენერგიის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები", რაც სემეკის მიერ აბსოლუტურად უგულვებელყოფილი იქნა. ამდენად, სემეკმა ფაქტობრივად გამოსცა ისეთი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომელიც მის მიერვე გამოცემულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მოდის წინააღმდეგობაში და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ინდივიდუალური აქტით დაადგინა ზოგადი ქცევის წესი, მსგავსად ნორმატიული აქტისა. ასეთი მიდგომა არღვევს კანონს, ხელს უშლის სტაბილურობას და რაც მთავარია, …ას აყენებს დიდი ოდენობით ზარალს, რაც საბოლოო ჯამში კვლავ ელ.მომარაგების სტაბილურობასა და მომხმარებელთა სოციალურ მდგომარეობას გააუარესებს (...ის მიერ გაწეული ხარჯები, განსაკუთრებით კი, სემეკის მიერ დავალებული - აისახება სამომხმარებლო ტარიფში).
კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სემეკმა აღნიშნულ ღონისძიებას მიმართა ელ.ენერგიით უწყვეტად მომარაგების მიზნით. დანელიას ელ.ენერგიით მომარაგება არ შეწყვეტია და ვალდებულებაც უკვე შესრულებული ჰქონდა და დაუყოვნებლივი აღსრულების კანონით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი არ იყო სახეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სს „...ას“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლი ითვალისწინებს საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გადაწყვეტის სპეციალურ წესს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ ფუნქციონირებაში, მას მე-11 მუხლის მე-8 პრიმა მუხლით მინიჭებული აქვს შემოწმების ჩატარების მოთხოვნის შესაძლებლობა, ამავე მუხლის მე-11 პრიმა პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოქალაქე ე. დ-ას ელექტროენერგია მიეწოდება სს „...ას“ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელიდან და მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველით. ასევე დადგენილია, რომ ე. დ-ას მოთხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 13 მარტს შემოწმდა №... მრიცხველი და შედგა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების №1054074 აქტი, რომლის მიხედვითაც, აბონენტს ჩართული ჰქონდა წყლის გამაცხელებელი, ხოლო აღნიშნულ დატვირთვაზე მრიცხველის სააღრიცხვო მექანიზმს ციფრი არ გადაჰქონდა. 2015 წლის 26 მარტს დაზიანებული მრიცხველი შეიცვალა ახლით, რომლის მიხედვითაც მრიცხველი მუშაობდა გამართულად. აბონენტის აღრიცხვის ბარათის მონაცემებით დადგენილია, რომ მომხმარებლის მრიცხველი ელექტროენერგიის ხარჯს აღრიცხავდა 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით - 2289 კვტ/სთ, რისი გადახდაც
ე. დ-ას მიერ ხდებოდა ყოველთვიურად. ასევე დადგენილია, რომ სს ,,...ას” დამრიცხავი კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს №ს 1/2-126- 15 დარიცხვის აქტით მრიცხველის დაზიანების გამო, (მრიცხველს მაღალ ტვირთზე იმპულსი ჰქონდა და ციფრი არ გადაჰქონდა), აბონენტს დაერიცხა 2798.36 კვტ/სთ - თანხით 489,72 ლარი, თუმცა მრიცხველის დაზიანების ფაქტის გამოვლენის მიუხედავად, მოსარჩელის მიერ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი დაზიანებული მრიცხველის შემოწმების შედეგების ამსახველი მტკიცებულება, ასევე უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 26 მარტის პერიოდში არასწორად ხდებოდა ელექტრონერგიის მრიცხველის ჩვენების წაკითხვა, ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს Nს 1/2-126-15 დარიცხვის აქტი წინააღმდეგობაშია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-11 პრიმა პუნქტის, მე-13 და მე-15 პუნქტების მოთხოვნებთან, რაც გამორიცხავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის №34/28 სადავო გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის შესაბამისად, ბათილად ცნობის შესაძლებლობას და არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - სს ,,...ას“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 04.10.2018წ. №55915001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე