Facebook Twitter

საქმე №ბს-1369 (კ-18) 29 იანვარი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ჯ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჯ-მა 2018 წლის 22 თებერვალს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოპასუხის - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის № კ-216 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დავალება აღადგინოს ნ. ჯ-ი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურში იმავე თანამდებობაზე, რომელსაც იგი იკავებდა განთავისუფლებამდე ან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვა ტოლფას თანამდებობაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ნ. ჯ-ის სასარგებლოდ, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურების დავალება, 2017 წლის 12 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 760 ლარის ოდენობით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ-216 ბრძანება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ. ჯ-ი მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურში აღდგება იმავე თანამდებობაზე, რომელსაც იგი იკავებდა გათავისუფლებამდე, ან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვა ტოლფას თანამდებობაზე მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ჯ-ის სასარგებლოდ, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 12 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 760 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-II დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაერთიანების შემდეგ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები დაექვემდებარნენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით განსაზღვრულ პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესს.

სადავო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ-216 ბრძანებით მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის სამსახურის ...ის განყოფილების მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნ. ჯ-ი, მის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო, სამსახურიდან განთავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 12 ნოემბრიდან. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ნ. ჯ-ისთვის მობილობის რეჟიმით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა არ შეუთავაზებია მხარეთა შორის სადავო არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. ჯ-ისათვის რეზერვში ჩარიცხვისა და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ წინადადების გაგზავნისა და მოსარჩელის უარის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ნ. ჯ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება გამოცემულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სადავო ბრძანებაში მითითებული ნ. ჯ-ის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი, არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას, შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე