საქმე Nბს-1404(კ-18) 29 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ. გ-ი, ე. მ-ი, ნ. ო-ე
მესამე პირები - ამხანაგობა „...“ , სს ქარხანა „...“, გ. გ-ი, ა. ჯ-ი, სს „ე...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 23 აპრილს მ. გ-მა, ე. მ-მა, ნ. ო-ემ, თ. ს-ემ, თ. ო-მა, ნ. გ-მა, ა. ტ-იმ, დ. ბ-ემ, ე. გ-ემ, ნ. ქ-ემ, ი. უ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელეთა 2013 წლის 09 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 1 მაისს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა, მოპასუხედ მიუთითეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 იანვრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების არარად აღიარება და 2013 წლის 13 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 იანვრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 13 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის განჩინებით მ. გ-ის, ე. მ-ის, ნ. ო-ის, თ. ს-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ა. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ნ. ქ-ის, ი. უ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ამხანაგობა „...“, სააქციო საზოგადოება ქარხანა „...“ და სააქციო საზოგადოება „ე...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ჯ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაება გ. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის, ე. მ-ის, ნ. ო-ის, თ. ს-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ა. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ნ. ქ-ის, ი. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებაა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-მა, ე. მ-მა, ნ. ო-ემ, თ. ს-ემ, თ. ო-მა, ნ. გ-მა, ა. ტ-იმ, დ. ბ-ემ, ე. გ-ემ, ნ. ქ-ემ, ი. უ-მა, რომელთაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით, აპელანტების თ. ს-ის, თ. ო-ის, ა. ტ-ის, ე. გ-ისა და ნ. ქ-ის ნაწილში, მათი (აპელანტების) წარმომადგენლის დ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. აპელანტების ნ. ო-ის, მ. გ-ისა და ე. მ-ის მოთხოვნების ნაწილში სააპელაციო საჩივარი, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებას მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, ნ. გ-ის, დ. ბ-ისა და ი. უ-ის ნაწილში სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის, ე. მ-ისა და ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მ. გ-ის, ე. მ-ისა და ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 სექტემბრის N... გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველი დარჩა 2013 წლის 9 აგვისტოს N... ადმინისტრაციული საჩივარი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული და საქმისათვის სხვა არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სს „...ამ“ და ამხანაგობა „...მა“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩნებით, ამხანაგობა „...ის“ და სს „...ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, მ. გ-ის, ე. მ-ისა და ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მ. გ-ის, ე. მ-ისა და ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 სექტემბრის N... გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველი დარჩა 2013 წლის 09 აგვისტოს N... ადმინისტრაციული საჩივარი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული და საქმისათვის სხვა არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ,რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ. გ-ის, ე. მ-ის და ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ის, ე. მ-ის და ნ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (13.09.2013) გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველად დარჩა N... (09.08.2013) ადმინისტრაციული საჩივარი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის მიღება.
ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი ნ. ო-ის, ა. ჯ-ის და სხვათა N... (09.08.2013) განცხადებით მოთხოვნილია რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №... (05.12.2006), №... (03.07.2007) და №... (06.08.2007) გადაწყვეტილებების საფუძველზე, თბილისში, ...ას ქუჩა №11 და №9/11-ში მდებარე უძრავ ნივთებზე (ფართობით: 23892.00 კვ.მ., და 31900.00 კვ.მ.; საკადასტრო კოდები: ... და ...) რეგისტრირებული სს ”...ის” და ამხანაგობა ”...ის” საკუთრების უფლების გაუქმება, ასევე №... (27.01.2009) გადაწყვეტილების არარად აღიარება და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ა. ჯ-სა და სხვებს უარი ეთქვათ 2013 წლის 09 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან განცხადებაში აღნიშნული საკითხები სასამართლოს განსჯადი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ სადავო რეგისტრაციები განხორციელებულია ძალაში მყოფი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე და განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენდა არა მათი კანონიერების შემოწმება, არამედ საჯარო რეესტრისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც საჯარო რეესტრმა ხელახლა უნდა იმსჯელოს 2013 წლის 09 აგვისტოს განცხადებაში მითითებულ საკითხებზე.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია N... (13.09.2013) გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ მოპასუხემ მართებულად უთხრა მოსარჩელეებს განცხადების განხილვაზე უარი, რადგან განცხადებაში მითითებული რეგისტრაციების გასაჩივრება შეიძლება სასამართლო წესით. რაც შეეხება ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ N...(27.01.2009) გადაწყვეტილებას, სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლზე და განმარტა, რომ საჯარო რეესტრი ვალდებული იყო აღმოჩენისთანავე შეესწორებინა ტექნიკური ხარვეზი. ამასთან, სადავო აქტის გამოცემისას რეალურ საფუძველს წარმოადგენდა არა დამისამართების უფლების განხორციელება, არამედ ტექნიკური ხარვეზის არსებობა თბილისში, ...ას ქუჩა N11-ში მდებარე უძრავი ნივთის შესახებ ამონაწერში. ხარვეზის არსებობა კი გამოწვეული იყო რეალური მისამართის - თბილისი, ...ას ქუჩა N9/11-ის დოკუმენტებიდან უზუსტო გადატანით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის, ე. მ-ის და ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ის, ე. მ-ის და ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (13.09.2013) გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველად დარჩა N... (09.08.2013) ადმინისტრაციული საჩივარი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის მიღება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, ამხანაგობა „...ის“ და სს „...ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია, რადგან სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მეორე მხრივ, თავად მსჯელობს ადმინისტრაციული საჩივრის საგანზე.
სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე №ბს-408-403 (2კ-14) და 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე №ბს-1695-1651 (კ-10) და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა გადაესინჯა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, ვინაიდან გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღებისა და ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას. აღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის მიღების დროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება.
მართალია, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას (სუსგ 25.05.2011წ. N1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. Nბს-598-591 (კ-15)), თუმცა არ ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას განიხილოს რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი. ასეთი საჩივრის განხილვა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის გათვალისწინებით, არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება“ (სუსგ 02.11.2017, Nბს-231-227(კ-15)). თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს შემდეგს: „სასკ-ის 2.5 მუხლი ადგენს სზაკ-ით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შემთხვევაში სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში სწორედ საგამონაკლისო დანაწესი მოქმედებს, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლო წესით საჩივრდება, სააგენტო განიხილავს რეგისტრაციის უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებზე ადმინისტრაციულ საჩივრებს. სზაკ-ის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.
ამრიგად, კასატორი პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელშიც ცალსახადაა მითითებული, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლო წესით საჩივრდება. მხოლოდ ამ ნორმის დეფინიციიდან გამომდინარეც კი სააგენტო უფლებამოსილი იყო მიეღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით. სააგენტოს გააჩნია უფლებამოსილება თავად გადასინჯოს მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი, თუმცა ეს არ აკისრებს მას ვალდებულებას, განიხილოს აქტის კანონიერება. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავად უზენაესმა სასამართლომაც მიიჩნია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პრიმა მუხლი თავისი არსით დისკრეციული ხასიათისაა, ის სააგენტოს ანიჭებს არა ვალდებულებას, არამედ დისკრეციულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება – კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. შესაბამისად, სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ის უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს, გადასინჯავს თუ არა თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხს.
შესაბამისად, ცალსახაა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, ამდენად არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (13.09.2013) გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველად დარჩაNN... (09.08.2013) ადმინისტრაციული საჩივარი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის მიღება, რასაც არ იზიარებს კასატორი და სასამართლო პრაქტიკაზე მითითბით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებული, სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კი შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
კასატორის მითითებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოსთვის ყველა ფაქტობრივი გარემოება იყო ცხადი და მას არაფერი უშლიდა ხელს არსებითი გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ პირობებში, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დაუშვებელია საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით უკან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რამდენადაც, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის №ბს-408-403(2კ-14) გადაწყვეტილება), საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელეთა იურდიული ინტერესის გათვალისწინებით, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რა დროსაც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მარეგისტრირებელმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა განიხილოს მოსარჩელეთა ადმინისტრაციული საჩივარი, შეისწავლოს საქმის ყველა გარემოება, იმსჯელოს მოთხოვნილი აქტების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება, პალატა შესაძლებლად მიიჩნევს საჩივრის არსებობის გარეშეც, მარეგისტრირებელმა ორგანომ საკუთარი ინიციატივით, მოახდინოს მის სისტემაში შემავალი სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საკუთარების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლის შემოწმების კანონით გათვალისწინებული 10 წლიანი ვადა, რათა არ მოხდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წლების შემდეგ, ყოველგვარი გონივრული ვადის დაცვის გარეშე ბათილად ცნობა და დაინტერესებული მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დასაბუთებული სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 14.12.2018წ. №35413 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე