საქმე Nბს-1447(2კ-18) 12 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-მა 2017 წლის 23 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №001664 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 21 თებერვლის №1-416 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 21 თებერვლის №1-416 ბრძანება (,,მ. მ-ისა და ნ. გ-ის წარმომადგენლის - ნა. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე") მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №001664 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე", მ. მ-ის ნაწილში და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. მ-ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომელთაც იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ მათ სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ მ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ქ. თბილისში, ...ის ქ. N7ბ-ში მდებარე სახლის პირველი სართულის ფასადზე უნებართვო რეკონსტრუქციის მწარმოებელ პირთან დაკავშირებით წარმოდგენილია ფართის წინა მესაკუთრის, ჯ. ქ-ის განცხადებები და ზეპირი მოსმენის სხდომებზე დაფიქსირებული განმარტებანი, სადაც იგი უთითებს, რომ სამუშაოები ნაწარმოებია მ. მ-ის მიერ, ვ. შ-ის, ქ. ბ-ის, ც. ძ-ის და სხვათა განმარტება, სადაც უთითებენ, რომ მ. მ-მა ჯ. ქ-ისგან საცხოვრებელი სახლი შეიძინა დღეს არსებული მდგომარეობით. ასევე წარმოდგენილია დ. გ-ის განმარტება, სადაც იგი უთითებს, რომ სამუშაოები ნაწარმოებია 2014 წლის ივლისში, გასხვისების შემდგომ მ-ის მიერ. საქმეში არსებული სხვადასხვა ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით შეუძლებელია ცალსახად დადგინდეს სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, რის გამოც სახეზე იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შემადგენლობა. აღნიშნული სახლის ერთადერთი მესაკუთრე კი იყო მ. მ-ი, რომელმაც, როგორც მესაკუთრემ ზედამხედველების საქალაქო სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა და ვერ წარადგინა მშენებლობის განხორციელების კანონიერად მიჩნევის დამადასტურებელი დოკუმენტები. კასატორის განმატებით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია სამართალდამრღვევი სუბიექტის და სამართალდარღვევის დროის დადგენის აუცილებლობის თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დრიოსათვის მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და ამავე განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №001664 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც მ. მ-ი დაჯარიმდა 4 000 ლარით ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №7ბ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის I სართულის ფასადზე განხორციელებული უნებართვო რეკონსტრუქციისათვის (1-3 ფასადზე გაუქმებულია კარის ღიობი, ა-ბ ფასადზე ერთი ფანჯრის ნაცვლად მოწყობილია კარის ღიობი და ფრამუგა ლითონის გისოსით, 3-1 ფასადზე დამატებულია ფრამუგა ლითონის გისოსით). მასვე დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული დარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. საქმეში წარმოდგენილი მოქალაქეების-ვ. შ-ის, ქ. ბ-ის, ც. ძ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ბ-ის, მ. წ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ მ. მ-მა 2014 წელს ჯ. ქ-ისაგან იყიდა საცხოვრებელი სახლი ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №7ბ. ნამყოფი არიან ჯ. ქ-ის საცხოვრებელ ბინაში ჯერ კიდევ სანამ იგი გაყიდდა საცხოვრებელ ფართს, ცალკე მდგომ 2 სართულიან შენობა-ნაგებობას და შეუძლიათ დაადასტურონ, რომ 2014 წლის მდგომარეობით როგორც არსებობდა მ. მ-ის შესყიდული 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლის კარ - ფანჯრები, ზუსტად იდენტურ მდგომარეობაშია დღეს. ასევე წარმოდგენილია ჯ. ქ-ის 2016 წლის 22 სექტემბრის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №7ა-ში მდებარე სახლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარებულია მას შემდეგ, რაც მან გაასხვისა სახლი, აქედან გამომდინარე აღნიშნული სამუშაოები ჩაატარა მ. მ-მა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება იმისა, თუ რატომ იყო შეუძლებელი სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის დადგენა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ რა კონკრეტული მტკიცებულება იქნა შეფასებული და გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება, მათ შორის აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონის არსი და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, ყველა შემთხვევაში უნდა შეაფასოს სამართალდარღვევა ინდივიდუალურად და მათ შორის, გამოიკვლიოს, ხომ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართალდამრღვევად მ. მ-ის მიჩნევა და მესაკუთრედ ყოფნის გამო მისი დაჯარიმება არ ქმნის სადავო აქტის კანონირად მიჩნევის შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №7ბ-ში მდებარე უძრავი ქონების არსებული მდგომარეობით შეძინის ფაქტის შესახებ ჯ. ქ-ისაგან. მოსარჩელე ასევე უთითებდა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა წინა მესაკუთრის მიერ. შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება(მათ შორის სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პერიოდის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება) კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის ორგანო პასუხისმგებლობის ღონისძიების დადგენის პროცესში შებოჭილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაადასტუროს პირის ბრალეულობა ჩადენილ გადაცდომაში.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე