Facebook Twitter

საქმე №ბს-1468(2კ-18) 12 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ზ. ზ-ი (მოსარჩელე), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ზ-მა 2016 წლის 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 18 თებერვლის №29 ბრძანების ბათილად ცნობა და ზ. ზ-ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისათვის ზ. ზ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 18 თებერვლის №29 ბრძანება და მოპასუხეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ზ. ზ-მა, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისა და ზ. ზ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ და ზ. ზ-მა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათ სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისა და ზ. ზ-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისა და ზ. ზ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის გამგებლის 2016 წლის 18 თებერვლის №29 ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსის 16.02.2016 წლის დასკვნის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების ...ი - ზ. ზ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 თებერვლიდან. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ზ. ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე მოსარჩელე მიწვეული არ ყოფილა განხილვაზე, მისთვის არ ჩამოურთმევიათ ახსნა-განმარტება და გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ინტერესის მქონე პირის პოზიცია მოსმენილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოება. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა განხორციელებული. ამასთან, სადავო ბრძანება არ შეიცავს ზ. ზ-ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასაბუთებას. კერძოდ, მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა გამგეობებში ანალოგიურ თანამდებობაზე გამწესებულ პირებს მსგავსი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, დისციპლინური სახდელის სახით მიეცათ გაფრთხილება, ხოლო ზ. ზ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 18 თებერვლის №29 ბრძანება, ზ. ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია დაინტერესებული პირისათვის მონაწილეობის უფლების მიცემის გარეშე და მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისა და ზ. ზ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე