Facebook Twitter

საქმე №ბს-1494(4კ-18) 12 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მესამე პირები), გ. ქ-ი (მოსარჩელე), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირები - შპს „...ი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ქ-მა 2014 წლის 01 მაისს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მთავრობის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ... საკადასტრო კოდზე განხორციელებული ჩანაწერებისა და გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 18 თებერვლის ... გადაწყვეტილების, 2014 წლის 4 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 17 მარტის 1-1/381 ბრძანების ბათილად ცნობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 მაისის განჩინებით გ. ქ-ის სარჩელი არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ. ქ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ივლისის განჩინებით გ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 მაისის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 445-450-ე მუხლებზე მითითებით, საქმე სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...ი“.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით გ. ქ-ის მოთხოვნები თბილისის მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ დარჩა განუხილველი სარჩელის გახმობის გამო. საბოლოოდ მოსარჩელის მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 23 თებერვლის N... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 14 აპრილის N... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 6 ივლისის N... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 18 თებერვლის N... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დავალება განახორციელოს 2014 წლის 12 თებერვლის N... განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაცია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 23 თებერვლის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 14 აპრილის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 6 ივლისის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 18 თებერვლის N... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 აპრილის N... გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა 2014 წლის 12 თებერვლის N... განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელება;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტომ, ქალაქ თბილისის მერიამ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 23 თებერვლის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 14 აპრილის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 6 ივლისის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 18 თებერვლის N... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 აპრილის N... გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ძირითადად იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე გ. ქ-მა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, რადგან საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ გ. ქ-ის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებულია რეგისტრაცია 2006 წლის ნოემბერში, ხოლო სახელმწიფოს სახელზე 2010 წელს განხორციელებული რეგისტრაციამ სრულად მოიცა გ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ საქმის ხელახალი განხილვისას დაადგინოს სახელმწიფოსგან თვითმმართველის სახელზე გადაცემული და დღეის მდგომარეობით შპს „...ის“ სახელზე რეგისტრირებული ქონება ფარავს თუ არა 2006 წლის 29 ნოემბერს გ. ქ-ის სახელზე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, სრულიად უსაფუძვლოა.

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ და სადავო ქონება მან შეიძინა სახელმწიფოსგან და შესაბამისი მიწისა და სხვა უძრავო ქონების დამადასტურებელი ოქმების საფუძველზე დარეგისტრირდა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობისა და დაცვის გარანტს, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია. ასევე მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება ნაკვეთების იდენტურობის საკითხთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი, განსახილველ შემთხვევაში კი საჯარო რეესტრმა ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ გ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს შპს „...ის“ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და გ. ქ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, გ. ქ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროება, ვინაიდან სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე, სადავო ქონების მიმართ სხვა პირთა საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი არ არის შესწავლილი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ კერძო საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი, რაც უკავშირდება, ერთი მხრივ, სხვისი საკუთრების უფლების ობიექტზე უსაფუძვლოდ და უკანონოდ ახალი რეგისტრაციის განხორციელების გამორიცხვას, მეორე მხრივ კი, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის წესების დაცვას, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებულ პირთა უფლებების უზრუნველყოფის ვალდებულებას. მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე დაარეგისტრირა სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლება, რომ მხედველობაში არ მიიღო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2006 წლის 20 ნოემბერის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N45 ოქმითა და N46 ოქმით გ. ქ-ის მიერ შეიძინა მიწის ნაკვეთების შეძენისა და მის სახელზე 2006 წელს განხორციელებული რეგისტრაცია, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, გ. ქ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 205296375) დაუბრუნდეს 16.11.2018წ. №03053 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - გ. ქ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 14.11.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით ზ. ც-ის (პ/ნ ...) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე