საქმე №ბს-1506(კ-18) 19 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - ფ. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-ემ 2015 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხის - ა(ა)იპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 ოქტომბრის N117/2015 დადგენილების ბათილად ცნობა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის N10/2016 დადგენილების ბათილად ცნობა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 1 დეკემბრის N1992/01- 07-9 წერილის ბათილად ცნობა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯომარე ვ. პ-ას 2016 წლის 11 აპრილის N42/2016 დადგენილების ბათილად ცნობა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2016 წლის 17 მარტის N1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა ნ. კ-ის მხოლოდ კონკურსანტის ანკეტის გამოთხოვის ნაწილში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2016 წლის 22 მარტის N2 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა ნ. კ-ის კონკურსიდან მოხსნისა და ფ. შ-ის პრეტენდენტად მიჩნევის ნაწილში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2016 წლის 25 მარტის N3 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა პრეტენდენტ ფ. შ-ის შეფასების ნაწილში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2016 წლის 28 მარტის N4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა კენჭისყრის ჩატარების ნაწილში, ფ. შ-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2016 წლის 1 აპრილის N5 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც აღსრულდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ფ. შ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 01 დეკემბრის №1992/01-07-9 წერილი; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ვ. პ-ას 2016 წლის 11 აპრილის №42/2016 დადგენილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2016 წლის 22 მარტის №2 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება ნ. კ-ის კონკურსიდან მოხსნის შესახებ, ამავე კომისიის 2016 წლის 28 მარტის №4 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება-კენჭისყრის შედეგი, ამავე კომისიის 2016 წლის 01 №5 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება ფ. შ-ის გამარჯვებულად ცნობის შესახებ და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაბათილებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება შეწყდა მომავალში-სადავო საკითხთან დაკავშირებით ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დღიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებაზე და განმარტა, რომ საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იყო 7 წევრით და ამიტომ 3 წევრის - ლ. ა-ის, თ. პ-ისა და მ. კ-ის აცილების საკითხი უნდა განეხილა დანარჩენ 4 წევრს. ხსენებულ დადგენილებაში ცალსახად არის მითითებული, რომ კომისია შედგებოდა 4 წევრისაგან. კომისიის წევრები იყვნენ ლ. ა-ე, თ. პ-ი, მ. კ-ე და ლ. ხ-ი. სავარაუდოდ, საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობას სასამართლომ მიუმატა საკონკურსო-სააპელაციო კომისიის წევრთა რაოდენობა, რაც დაუშვებელია, ვინაიდან, საკონკურსო-სააპელაციო კომისია საკონკურსო კომისიისგან დამოუკიდებელი ორგანოა და მისი წევრები ვერ განიხილავდნენ საკონკურსო კომისიის წევრთა აცილების საკითხს. აღნიშნულს არც სასამართლო უთითებს და სავარაუდოდ, შეცდომით მიიჩნია თ. წ-ე, თ. ა-ე და თ. ქ-ა საკონკურსო კომისიის წევრებად. სასამართლოს ხსენებულმა შეცდომამ განაპირობა უკანონო განჩინების მიღება, ვინაიდან სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსზე და არა ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომელზეც უნდა მიეთითებინა, ვინაიდან ნ. კ-ე განცხადებით ითხოვდა ოთხწევრიანი კომისიიდან 3 წევრის აცილებას. აქვე უნდა ითქვას, რომ ნ. კ-ის განცხადება, კომპეტენციიდან გამომდინარე, განხილულ იქნა უნივერსიტეტის რექტორისა (როგორც დაწესებულების ხელმძღვანელის და კომისიის შემადგენლობის წარმდგენის) და იურიდიული დეპარტამენტის მიერ ერთობლივად და რექტორის გადაწყვეტილებით, განმცხადებელს პასუხი გაეცა იურიდიული დეპარტამენტის მიერ. სწორედ აცილება იყო ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სასამართლო განხილვებისას (აღნიშნულს დაეფუძნა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც), რამაც განაპირობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად შეაფასოს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემდგომ შესაძლებლობას მისცემს სწორად შეარჩიოს სამართლებრივი ნორმა და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული, განსახილველ შემთხვევაში, არ განხორციელებულა და სასამართლოს მიერ მიღებული იქნა უკანონო განჩინება.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სადავო განჩინებაში ასევე განხილულია ნ. კ-ის პლაგიატის გამო კონკურსიდან მოხსნის საკითხი და მითითებულია, რომ საკონკურსო კომისიამ არ დაასაბუთა რატომ დაეყრდნო აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დასკვნას ნ. კ-ის ნაშრომში პლაგიატის დადასტურების შესახებ მაშინ, როდესაც ეს სარჩელი შეტანილი იქნა 2016 წელს და პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა დღემდე არ დასრულებულა. უკანასკნელი სხდომა ჩატარდა 2017 წლის 6 აპრილს. აღნიშნულ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა ნ. კ-ის ნაშრომში პლაგიატის არსებობა და მას შემდეგ სასამართლო სხდომა არც კი ჩანიშნულა. აქტი, რომელმაც გაასაჩივრა ნ. კ-ემ ძალაშია დღემდე და მისი კანონმდებლობასთან წინააღმდეგობა არ დადასტურებულა, შესაბამისად, კომისიას სრული უფლება ჰქონდა ეხელმძღვანელა ამ აქტით. ნ. კ-ე, თუნდაც არჩეული ყოფილიყო აკადემიურ თანამდებობაზე, ვიდრე არ დადგინდება მისთვის პლაგიატის დადასტურების შესახებ აქტის კანონშეუსაბამობა, ავტომატურად გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც ითვალისწინებს უნივერსიტეტში მოქმედი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულება.
კასატორი მიუთითებს, რომ ლოგიკას მოკლებულია ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს, კონკრეტული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ელოდოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც რთული განსაჭვრეტია რამდენი წლის შემდეგ შეიძლება გახდეს ცნობილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც კომპეტენტურმა, საამისოდ შექმნილმა ორგანომ განიხილა საკითხი და მიიჩნია, რომ ნაშრომში ფიქსირდებოდა უპრეცენდენტო რაოდენობის პლაგიატი. საკონკურსო კომისიამ ოქმში მიუთითა და დაასაბუთა რატომ არის პლაგიატი მიუღებელი მოვლენა აკადემიურ სივრცეში და კასატორს მიაჩნია, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მიერ კომისიის დავალდებულება არ გაეზიარებინა სათანადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. აკადემიური პერსონალის შერჩევის კანონისმიერი ვალდებულება სრულდება იმ მიზნით, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში-უნივერსიტეტში არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და სტუდენტს საშუალება ჰქონდეს დროულად, ხარისხიანად მიიღოს განათლება. განსახილველ შემთხვევაში, ფ. შ-ის არჩევით უზრუნველყოფილი იქნა სტუდენტთათვის განათლების შეუზღუდავად მიცემა და კასატორს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტს აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესი უკანონოდ არ ჩაუტარებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ნ. კ-ემ უნივერსიტეტის რექტორს მიმართა განცხადებით საკონკურსო კომისიის შემადგენლობიდან ლ. ა-ის, თ. პ-ისა და მ. კ-ის აცილების მოთხოვნით, რაზედაც ნ. კ-ეს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 1 დეკემბრის N1992/01-07-9 წერილით ეთქვა უარი და აღნიშნული საკითხი საკონკურსო კომისიას არ განუხილავს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 1 დეკემბრის N1992/01-07-9 წერილის კანონიერებასთან დაკავშირებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 93-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ნ. კ-ის განცხადების საფუძველზე საკონკურსო კომისიის ოთხი წევრიდან აცილება იქნა მოთხოვნილი სამი წევრის მიმართ და აღნიშნული მოთხოვნა საკონკურსო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდიდა, ააიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118/2014 დადგენილებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის გათვალისწინებით, საკითხის განხილვის უფლებამოსილება წარმოეშვა საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირებს, კერძოდ, უნივერისტეტის რექტორსა და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს და არა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს.
რაც შეეხება ნ. კ-ის კონკურსიდან მოხსნის საკითხს მის მიმართ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 14 აგვისტოს N133/0101 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელმაც დაადგინა გ. ს-ისა და ნ. კ-ის შედგენილი სახელმძღვანელოს ,,თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები, მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაციის“ პლაგიატის ფაქტი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიას გააჩნია ფართო დისკრეცია კვალიფიკაციის დადგენისა და ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატის შერჩევის მიზნით, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პირობებში, აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დასკვნის გამო კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნა არ ათავისუფლებს მოპასუხეს შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთების საჭიროებისგან ჩადენილი დარღვევის ხასიათისა და პრეტენდენტის მახასიათებლების შეფასებითა და შეწონასწორებით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დასკვნის კანონიერების საკითხის სადავოა ნ. კ-ის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის გამო. ამდენად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანს გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოურკვევიათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მოცემულ საქმეზე კი აღნიშნული მოთხოვნათა დარღვევა ქმნის სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე