Facebook Twitter

საქმე №ბს-1583(კ-18) 12 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ამ 2017 წლის 2 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს N04/52073 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, გ. გ-ას სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11100 ლარის ანაზღაურება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს N04/52073 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გ. გ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11 100 ლარის ანაზღაურება, კანონით დადგენილი წესით;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ გ. გ-ა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე პირი (2ჯგ ინვალიდი), რომელიც წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.4.-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს, რომელზეც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 31 მარტს შეიქმნა N864580 მიმართვა. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, გ. გ-ას 2017 წლის 1 ივნისამდე შეეძლო მიეღო სამედიცინო მომსახურება, კერძოდ, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით. აღნიშნული ოპერაცია სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდებოდა 11100 ლარით, ხოლო პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 1400 ლარს.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს N04/52073 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ. გ-ას ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში 2017 წლის 25 აპრილის N208 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N864580 მიმართვა სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11 100 ლარის ანაზღაურების თაობაზე და გ. გ-ა, ვინაიდან მისი შემოსავალი აღემატებოდა 40 000 ლარს, აღარ წარმოადგენდა აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე სუბიექტს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის თაობაზე და დასაბუთებულად მიიჩნევს მსჯელობას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვერ იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის N208 დადგენილებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების სუბიექტად მიჩნეული, რადგან მან განსახილველ შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსი ჯერ კიდევ ხსენებული ცვლილების ძალაში შესვლამდე 2017 წლის 31 მარტის N864580 მიმართვით შეიძინა და საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოსარჩელე გ. გ-ას უკვე მოპოვებული ჰქონდა უფლება - მიეღო სამედიცინო მომსახურება, როგორც N36 დადგენილებით გათვალისწინებულ სუბიექტს, ამდენად, არ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვის გაუქმებისა და მოსარჩელისთვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება ზიანის სახით გ. გ-ას სასარგებლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11100 ლარის ანაზღაურების საკითხს, საქმეში არსებული სამედიცინო ცენტრი ,,...ას“ 2017 წლის 29 მაისის ანგარიშფაქტურით, სამედიცინო მომსახურების კალკულაციით, გადახდის ქვითრებითა და N486 წერილით დგინდება, რომ გ. გ-ას 2017 წლის 31 მაისს ჩაუტარდა გეგმიური ოპერაცია კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით, რისთვისაც მის მიერ გადახდილი იქნა სამედიცინო მომსახურების თანხა სრული მოცულობით - 12500 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს შეფასებებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, არსებობს მოსარჩელისათვის ზიანის სახით სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11 100 ლარის ანაზღაურების წინაპირობები, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებას.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე