Facebook Twitter

საქმე Nბს-1595(2კ-18) 12 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ. მ-ა, ლ. კ-ა, ა. მ-ა, ი. მ-ა (მოსარჩელეები)

მესამე პირები - მ. კ-ა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ამ, ლ. კ-ამ, ა. მ-ამ და ი. მ-ამ 2017 წლის 26 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მე. კ-ას შორის გაფორმებული 2011 წლის 15 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მ. მ-ას, ლ. კ-ას, ა. მ-ას და ი. მ-ას ნაწილში, და საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 იანვრის №24/01/04 განკარგულების ბათილად ცნობა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ მ. მ-ას, ლ. კ-ას, ა. მ-ას და ი. მ-ას ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ მე. კ-ა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მესამე პირის - მე. კ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი პირველი რიგის მემკვიდრე მ. კ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ას, ლ. კ-ას, ა. მ-ას და ი. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ამ, ლ. კ-ამ, ა. მ-ამ და ი. მ-ამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ას, ლ. კ-ას, ა. მ-ას და ი. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ას, ლ. კ-ას, ა. მ-ას და ი. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მე. კ-ას შორის 2011 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მ. მ-ას, ლ. კ-ას, ა. მ-ას და ი. მ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 იანვრის N24/01/04 განკარგულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ'' მ. მ-ას, ლ. კ-ას, ა. მ-ას და ი. მ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის სადავო 2011 წლის 24 იანვრის N24/01/04 განკარგულება გამოცემულია მისი გამოცემის დროს მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 პუნქტით, მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავს სადავო აქტისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. კასატორების მითითებით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადაეცემა არა ერთ პირს, არამედ დევნილის ოჯახს, ვინაიდან, დევნილთა შესახებ კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების სუბიექტს სწორედ დევნილის ოჯახი წარმოადგენს და არა თითოეული დევნილი პირი ცალ-ცალკე, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაიგზავნა დანართებში აღნიშნული იყო, რომ უძრავი ქონება საკუთრებაში უნდა გადასცემოდა დევნილ ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მოსარჩელეები. სწორედ ამ სახით იქნა გამოცემული საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაც. ამასთან, კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო პალატის შეფასებას ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელეთათვის სადავო განკარგულებისა და მის საფუძველზე განხორციელებული პრივატიზების შესახებ გახდა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებებ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 28.05.2009წ. N403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.5 მუხლის თანახმად, ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესის ერთ-ერთი საფეხურია შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიქტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა და მათთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება, შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ და დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უნდა ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით და დაყრდნობოდნენ მას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ არსებობდა. ასეთ პირობებში დაუდგენელია რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნენ მიჩნეული მოსარჩელეები პრივატიზებულ ფართში მცხოვრებ პირებად და მე. კ-ას ოჯახის წევრებად.

რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელეებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 14 თებერვლის N01-02/08/3658 წერილით გახდა ცნობილი ის ფაქტი, რომ ითვლებოდნენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად, მოპასუხეთა მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს, როგორც ლ. კ-ა, ასევე მ. მ-ა, ინფორმირებული იყვნენ ხელშეკრულებაში მათი და მათი შვილების მითითების შესახებ, ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და გამორიცხავს მისი ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს, რაც ასევე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მოსარჩელეებს უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე