საქმე Nბს-151(კ-19) 23 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჯ-ა-ა-ე (მოსარჩელე)
მესამე პირები - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და დევნილთა სამინისტრო), ო. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-ა-ა-ემ 2017 წლის 12 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ო. გ-ას შორის გაფორმებული 2010 წლის 4 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მ. ჯ-ა-ა-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ო. გ-ა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ა-ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ო. გ-ას შორის გაფორმებული 2010 წლის 4 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება მ. ჯ-ა-ა-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადაეცემა არა ერთ პირს, არამედ დევნილის ოჯახს, ვინაიდან, დევნილთა შესახებ კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების სუბიექტს სწორედ დევნილის ოჯახი წარმოადგენს და არა თითოეული დევნილი პირი ცალ-ცალკე, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა ო. გ-ასთან, რომელსაც უნდა უზრუნველყო დევნილი ოჯახის მათ შორის მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ხელშეკრულების დადებიდან სასამართლოში სარჩელის შეტანამდე გასულია ექვსი წელი, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე ხანდაზმულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2010 წლის 4 იანვარს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (გამყიდველი) და ფიზიკურ პირს ო. გ-ას (მყიდველი) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველმა მყიდველს გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე - მდებარე წყნეთი, ... ქ. ... დას. კოტეჯი 3 და ხელშეკრულებით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, უზრუნველეყო კონკრეტული პირები, მათ შორის, მ. ჯ-ა, საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 დეკემბრის №920 განკარგულება. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 დეკემბრის №920 განკარგულებაში მოქალაქე მ. ჯ-ა-ა-ე და ო. გ-ა მოხსენიებული არ არის. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 დეკემბრის №966 განკარგულებით, რომლითაც განისაზღვრა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (დანართის შესაბამისად) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემოდათ განკარგულების დანართში მითითებულ პირებს, განკარგულების დანართში მისამართზე თბილისი, დაბა წყნეთი, ... ქ. ... დას. კოტეჯი №3, მითითებულია მხოლოდ ო. გ-ა და მისი მეუღლე ლ. ჯ-ა. ამდენად, მართებულია საპელაციო პალატის მსჯელობა, რომ გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ო. გ-ას შორის 2010 წლის 04 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, შეიზღუდა მოსარჩელის ინტერესი, როგორც დევნილის, სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე, მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზება, მ. ჯ-ა-ა-ის მიმართ, სადავო ხელშეკრულება არ შეესაბამება იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების შინაარს, რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულებას. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 28.05.2009წ. N403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.5 მუხლის თანახმად, ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესის ერთ-ერთი საფეხურია შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიქტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა და მათთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება, შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ და დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უნდა ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით და დაყრდნობოდნენ მას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ არსებობდა. ასეთ პირობებში დაუდგენელია რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მიჩნეული მოსარჩელე პრივატიზებულ ფართში მცხოვრებ პირად და ო. გ-ას ოჯახის წევრად.
რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეზე ვერ იქნა მითიტებული იმ გარემოების შესახებ, რომლითაც შესალებელი იქნებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტის უტყუარად დადგენა, ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და გამორიცხავს მისი ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე