№ბს-474(2კ-19) 20 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 16 ნოემბერს ა. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 24 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო-საავტომობილო“ კონტროლის ზონაში სომხეთიდან შემოვიდა MERCEDES-BENZ-ის მსუბუქი ავტომანქანა სომხეთის სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე. მებაჟე-ოფიცრის მიერ ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების 120 კოლოფი სიგარეტი, რაზედაც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი #EL063203 და ა. ხ-ი დაჯარიმდა 1000 ლარით, ასევე ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული ოქმი მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 22 სექტემბრის #24898 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 24 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი #EL063203 და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის #24898 ბრძანება საჩივრით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 24 აგვისტოს #EL063203 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის #24898 ბრძანების და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით 2017 წლის 24 აგვისტოს #063203 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მოქმედების შეჩერება და ოქმით ჩამორთმეული ქონების მესამე პირზე გასხვისების აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ა. ხ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა 2017 წლის 24 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის #063203 ოქმის მოქმედება; ჩამორთმეული ქონების მესამე პირზე გასხვისების აკრძალვის ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინების მე-2 პუნქტი და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა 2017 წლის 24 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის #063203 ოქმის მოქმედება სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 24 აგვისტოს #EL063203 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის #24898 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება #4736/2/17 საჩივარზე, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. მოპასუხეებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ ა. ხ-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილის სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას სახდელის დადების პროცესში გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პროცესში ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ცალკეული პირის სუბიექტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება, რომლის შეზღუდვა საჭიროებს განსაკუთრებულ დასაბუთებას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების პროცესში პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის იქნა გატარებული. ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ასაბუთებენ, რითია განპირობებული გამოყენებული სანქციის, კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარდაუვალობა და რატომ ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზანს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა ატარებდეს რეპრესიულ ხასიათს და ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა, სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის #290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 21-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-6, მე-7, 53-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 3000 ლარამდე ღირებულების აქციზური საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენებაც მართლზომიერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისწინებული სანქციების სრულად გამოყენება კანონშესაბამისია.
კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საგადასახადო სამართალდარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია გამოიკვლიოს სამართალდარღვევის ჩადენის ის გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია სანქციის შეფარდებისათვის, შეაფასოს საჯარო და კერძო ინტერესები და მიიღოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სანქციის შეფარდებისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ისეთ საკითხს, როგორიცაა საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზნები. საგადასახადო პასუხისმგებლობა გამოიყენება სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონის დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენის აცილების მიზნით. შემოსავლების სამსახური იზიარებს სასამართლოს პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია პროპორციულობის პრინციპის დაცვა. შეფარდებული სანქცია არ უნდა იყოს იმდენად მკაცრი, რომ დაუსაბუთებლად შეიზღუდოს პირის უფლებები და მიიღოს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათი, თუმცა სანქცია არ უნდა იყოს იმდენად მსუბუქი, რომ ვერ უზრუნველყოს სამართალდარღვევის შემდგომი პრევენცია. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შეფარდებისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ისეთ გარემოებებს, როგორიცაა სამართალდამრღვევის პიროვნულობა, ქმედების განზრახულობა, სამართალდარღვევის საზოგადოებრივი საშიშროება, არამედ შესაბამისი სამართალდარღვევის სიხშირის ზრდის ტენდენციებს და მსუბუქი სახდელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებს.
კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში გახშირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად. 2017 წლიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გაზრდამ განაპირობა ფასების მნიშვნელოვანი სხვაობა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სადაც აღნიშნული საქონელი საგრძნობლად იაფია. ეს გარემოება უბიძგებს პირებს, საბაჟო ორგანოსგან მალულად შემოიტანონ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მსუბუქი სანქცია, რომელსაც საბაჟო ორგანო 2017 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე იყენებდა, ვეღარ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის პრევენციას. მიუხედავად საბაჟო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სამივე სახის სანქციის კუმულაციურად გამოყენებისა, ასეთი ტიპის სამართალდარღვევები მაინც მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება საჯარო ინტერესებზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ ა. ხ-ის მიერ საქონლის გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ჩადენილია განზრახ. მას ჰქონდა როგორც ცოდნა იმისა, რომ მისი ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, აგრეთვე ამ ქმედების ჩადენის ნება, იგი სრულად აცნობიერებდა თავისი ქმედების არსს, მის მართლსაწინააღმდეგობას და შესაძლო შედეგებს. მიუხედავად ამისა, მან შეგნებულად დაარღვია კანონი და სცადა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანა დეკლარირების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ა. ხ-ს არ ჰქონია მანქანაში რაიმე სპეციალურად მოწყობილი სამალავი, აღსანიშნავია, რომ მას დაუდეკლარირებელი საქონელი დამალული ჰქონდა ავტომანქანის ისეთ ნაწილში, რაც არ არის განკუთვნილი საქონლის შესანახად.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საჯარო ინტერესები აღემატება პირის კერძო ინტერესებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ამ ინტერესების დაკმაყოფილებას კანონის დარღვევით ცდილობს. შემოსავლების სამსახურმა სწორად შეაფასა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი, გაითვალისწინა როგორც ქმედების სახე, ისე მისი მნიშვნელობა სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის და შეარჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2017 წლის 24 აგვისტოს ა. ხ-ის მიმართ შეადგინა #EL063203 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან საბაჟო გამშვებ პუნქტ სადახლოში შემოვიდა მსუბუქი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე ა. ხ-ი (... პასპ.ნომ ...). ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას მის კუთვნილ ჩანთაში, ასევე სალონისა და საბარგულის სათავსოებში აღმოჩნდა არადეკლარირებული სიგარეტი AKHTAMAR original-10 კოლოფი, სიგარეტი CLASSIC ultima 20 კოლოფი, სიგარეტი GLASSIC gold 30 კოლოფი, სიგარეტი BLACK TIP-60 კოლოფი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული სამართალდარღვევისათვის დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქციის, მათ შორის რამოდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ცალკეული გადაცდომა მათი ერთგვაროვანი შინაარსის მიუხედავად, ყოველთვის ხასიათდება კონკრეტული ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლებით, გადაცდომის სიმძიმით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. საგადასახადო პასუხისმგებლობა უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი, სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება და საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს საჯარო და კერძო ინტერესთა შორის პროპორციულობის პრინციპის დაცვით.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. სანქციის სახით მხოლოდ 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი