საქმე №ბს-839(2კ-19) 16 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - საქართველოს პრეზიდენტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ს-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება
მესამე პირები - ი. ჯ-ე, ირ. ჯ-ე, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „...ა“
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ს-მა 2017 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და ქ. თბილისის მთავრობის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის ,,ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №..., 2001 წლის 11 ოქტომბრის №..., 2000 წლის 30 ნოემბრის №..., 2003 წლის 10 ივლისის №... დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" №... დადგენილების ბათილად ცნობა მ. ს-ის ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ №... განკარგულების ბათილად ცნობა საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №... განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ მ. ს-ის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად საქმეში ჩართულ იქნა ი. ჯ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად საქმეში ჩართულ იქნა ირ. ჯ-ე, ხოლო ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,...ა".
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით,
მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №..., 2001 წლის 11 ოქტომბრის №..., 2000 წლის 30 ნოემბრის №..., 2003 წლის 10 ივლისის №... დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №... დადგენილება მ. ს-ის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №... განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №... განკარგულება მ. ს-ის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, რომელთაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას იშუამდგომლა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის N... განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელთაც განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკაცსაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7...2/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსახილველ საქმეზე არ იქნა განხორციელებული, კერძოდ, სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულად მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადავო აქტების გამოცემისას არ გაითვალისწინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ შესრულებულად მიიჩნია ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები მ. ს-ის მხრიდან, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №... განკარგულების შესაბამისად, ქ. თბილისში, .... და ... მიმდებრე ფერდობზე, 600 კვ.მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე მ. ს-თან ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, გამოსცა სადავო აქტები, რომელიც შეუძლებელს ხდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებს მიერ გამოცემული აქტები არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობაა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებში მეორდება სააპელაციო საჩივრისა და ასევე, ქ.ბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაყენებული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორები დამატებით არ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე