Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-790(კ-19) 02 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შ. ე. გ.ა. ა-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინებით შ. ე. გ.ა. ა-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2018წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ე. გ.ა. ა-მა.

საკასაციო სასამართლოს 13.06.2019წ. განჩინებით შ. ე. გ.ა. ა-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და საკასაციო საჩივრის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფოსტაში ჩაბარების დამადატურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

24.07.2019წ. კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, თუმცა არ წარმოუდგენია საკასაციო საჩივრის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფოსტაში ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლოს 05.08.2019წ. განჩინებით შ. ე. გ.ა. ა-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფოსტაში ჩაბარების დამადატურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.). განჩინება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსსკ-ის 70.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 05.08.2019წ. განჩინება 09.08.2019წ. ჩაბარდა შ. ე. გ.ა. ა-ს წარმომადგენელს - შ. თ-ეს. ხარვეზის გამოსწორებისთვის განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2019 წლის 16 აგვისტოს (პარასკევი) 24 საათზე. კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, შ. ე. გ.ა. ა-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ამასთანავე, შ. თ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.07.20197წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 100%, _ 300 ლარი,

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ემუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინებაზე შ. ე. გ.ა. ა-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. შ. თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.07.20197წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 100%, _ 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი