Facebook Twitter

939-აპ 25 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი,

დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. შ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განაჩენით თ. შ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე აეკრძალა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის ვადით.

განაჩენით თ. შ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თ. შ-ამ, მუშაობდა რა ფოთის შს სამმართველოს მალთაყვის უბნის ქვეგანყოფილების უფროსად და ითვლებოდა სახელმწიფო მოხელედ, 2005 წლის თებერვლის პირველ დეკადაში გაიგო, რომ ფოთში, --- ¹6-ში მცხოვრები ს. ჩ-ძე მალთაყვის უბანში მდებარე შენობას შლიდა და ეუფლებოდა სხვის ნივთს _ აგურს, მივიდა მასთან, თავი გააცნო პოლიციელად და როცა დარწმუნდა, რომ ს. ჩ-ძე ეწეოდა სხვისი ნივთის ფარულად გატაცებას ანუ ქურდობას, გადაწყვიტა აღნიშნული გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. მან ს. ჩ-ძე დაიბარა და შეხვედრაზე მისულ ს. ჩ-ეს შესთავაზა გაეგრძელებინა ქურდობა, ხოლო ყოველ 15 დღეში მისთვის გადაეხადა ქრთამის სახით გარკვეული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ს. ჩ-ეს ქურდობას აუკრძალავდა და აღნიშნულის შესახებ შეატყობინებდა სამართალდამცავ ორგანოებს. ფულის გადახდის შემთხვევაში კი არ აღკვეთდა მის უკანონო საქმიანობას და არ დააკავებდა მას, რითაც გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას. მან 2005 წლის თებერვალ-მარტის თვეებში დაურეკა ს. ჩ-ეს მობილურ ტელეფონზე და სთავაზობდა მიეტანა მისთვის გადასაცემი თანხა გაწეული სამსახურებრივი მფარველობისათვის.

2005 წლის 25 მარტს ს. ჩ-ემ ქრთამის სახით გადასცა თ. შ-ას მის კუთვნილ „დიჰაცუს“ მარკის ავტომანქანაში 600 ლარი _ 30 ცალი 20 ლარიანი კუპიურა და ავტომანქანიდან გადავიდა, ხოლო იგი (თ. შ-ია) დაკავებულ იქნა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონის საბარგულის ქვეშ არსებული თაროდან ამოღებულ იქნა თ. შ-ას მიერ ს. ჩ-საგან ქრთამის სახით აღებული თანხა _ 600 ლარი. ამავე დროს თ. შ-ამ არ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ აღკვეთა ს. ჩ-ის უკანონო, უნებართვო საქმიანობა და შესაბამის ორგანოებს არ აცნობა ს. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ, რის შედეგადაც ს. ჩ-ის მიმართ არ დაწყებულა წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული თ. შ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას ან სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის კანონის უხეში დარღვევით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით _ დაზარალებულ ს. ჩ-ის ჩვენებით, მოწმეების _ ი. ტ-ას, რ. წ-ას, მ. ბ-ას, გ. ხ-სა და სხვათა ჩვენებებით; საგნების ან დოკუმენტების წარმოდგენის, ავტომანქანის ჩხრეკისა და ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმებით, საქმეზე დართული ნივთმტკიცებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულ თ. შ-ას მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა. პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ. შ-ია უსაფუძვლოდ არის მსჯავრდებული სასამართლოს მიერ, რადგან ასეთი დასკვნისთვის საფუძველი საქმის მასალებში არ მოიპოვება.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და დაუნიშნა მისი ქმედებისა და პიროვნების შესაბამისი, სამართლიანი სასჯელი.

რაც შეეხება მსჯავრდებულ თ. შ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მას შერაცხული ბრალდების კვალიფიკაციიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან თ. შ-ს მსჯავრი დაედო ასევე იმაში, რომ მან, იყო რა მოხელე, ჩაიდინა ქრთამის აღება ფულის სახით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ მოქმედების შეუსრულებლობისათვის, რომელიც მას, როგორც მოხელეს, უნდა შეესრულებინა და შეეძლო კიდეც შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, _ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობასთან ერთად არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის სპეციალური ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობაც, რომლითაც დაწესებულია პასუხისმგებლობა იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რასაც ასევე მოიცავს ზოგადი ნორმის შემადგენლობა, მაშინ აღნიშნული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სპეციალური ნორმით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური შემადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია აღნიშნული დანაშაულის ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ამდენად დამატებით, ზოგადი ნორმით _ 332-ე მუხლით კვალიფიკაციას აღარ საჭიროებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულ თ. შ-ას სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ თ. შ-ას მიმართ განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად შერაცხული.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ თ. შ-ას მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.