Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-303(კ-19) 10 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები: ი/მ „გ. გ-ე“, ი/მ „მ. ნ-ე“ და ვ. შ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 18 მაისს სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - ი/მ „გ. გ-ის“, ი/მ „მ. ნ-ისა“ და ვ. შ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ სარჩელი ი/მ „გ. გ-ის“, ი/მ „მ. ნ-ისა“ და ვ. შ-ის მიმართ, მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის -ცრუმაგიერი მფლობელობის სასამართლოს მიერ დადგენის სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ ხორციელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელისთვის ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებით. აღნიშნული ითვალისწინებდა მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის №4908-IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის VII​​​16 თავი: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. 2165 მუხლით დადგინდა „პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი“, რომლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მითითებული კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი გადასინჯოს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე