Facebook Twitter

საქმე Nბს-539(კს-19) 12 სექტემბერი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა.ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. განჩინება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ღ-მა 29.08.2005წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მისთვის რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება (უმუშევრად დარეგისტრირება) და ასევე 6 თვის კომპენსაციის – 120 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2006წ. გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ღ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2008წ. განჩინებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2006წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. ა. ღ-მა ასევე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2008წ. განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საქმეში სს ,,...ის” მესამე პირად ჩართვაზე. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2008წ. განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება 07.04.2008წ. სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.12.2008წ. განჩინებით ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2008წ. განჩინება სს ,,...ის” საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, ამავე პალატის 07.04.2008წ. განჩინება ა. ღ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 18.04.2008წ. განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

16.02.2009წ. ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2006წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.2009წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2009წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2009წ. განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულის შემდეგ ა. ღ-მა იგივე საფუძვლებით არაერთგზის შეიტანა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განცხადებები ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და კერძო საჩივრები. სხვადასხვა დროს ა. ღ-ს უარი ეთქვა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში განცხადებები განუხილველად იქნა დატოვებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2018წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.2018წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

13.08.2018წ. ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2018წ. განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულია რიგი საპროცესო ნორმები, საქმე განხილულია ერთპიროვნულად, კოლეგიური შემადგენლობის ნაცვლად. მოსამართლეს არ ჰქონდა ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადების განუხილველად დატოვების უფლება, მით უფრო ერთპიროვნული განხილვის შედეგად. განცხადების შეტანის როგორც ერთთვიანი, ასევე ხუთწლიანი ვადა დაცულია, რადგან ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ პირველი განცხადება ა. ღ-მა სასამართლოში წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2006წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ა.ღ-ი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული და ყველა წინმსწრები განჩინება, უნდა განახლდეს საქმის წარმოება და მოხდეს სარჩელის სრული დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. ღ-მა 13.08.2018წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2018წ. განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილება. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქმე სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განხილული ერთპიროვნულად, ამასთანავე დაცული აქვს სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. სააპელაციო სასამართლოს 09.11.2018 წ. განჩინებით ა.ღ-ის განცხადება დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ.

საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს. სსკ 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ მე-4 მუხ.) გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. ამასთან, სსკ-ის 426-ე მუხლის თანახმად, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განსჯად სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.

განსახილველ შემთხვევაში ა.ღ-ი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებდა იმ ფაქტს, რომ დავის განხილვისას სს ,,…იდან“ არ ყოფილა გამოთხოვილი მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება, რაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. აღნიშნულ გარემოებაზე, როგორც საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, ა.ღ-ი არაერთგზის უთითებდა მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა დროს წარდგენილ განცხადებებში, ამდენად, დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში განცხადების შეტანამდე წლებით ადრე. შესაბამისად, მართებულია გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მითითება ა.ღ-ის მიერ სსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული 1-თვიანი ვადის დარღვევის შესახებ. ის გარემოება, რომ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თავდაპირველი განცხადება ა.ღ-ის მიერ შეტანილ იქნა სასამართლოს 22.11.2006წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში არ ადასტურებს განცხადების შეტანის სსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული 1-თვიანი და 5-წლიანი საერთო ვადის დაცვას, რადგან სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო ა. ღ-ის 13.08.2018წ. და არა 16.02.2009წ. განცხადება. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ა. ღ-ის სარჩელზე არსებითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (31.12.2008წ.) 5 წელზე მეტია გასული, შესაბამისად, გამოირიცხება საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადება უნდა განეხილა სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას და დავის ერთპიროვნულად გადაწყვეტა არის საპროცესო ნორმათა დარღვევა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. სასკ-ის 34.11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. სასკ-ის მე-6 მუხლი ჩამოთვლის მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებს და მათ შორის ასახელებს სოციალური დაცვის საკითხებზე აღძრულ სარჩელებს („გ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ღ-ის სასარჩელო მოთხოვნა იყო რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება და უმუშევრის შემწეობის გაცემა. მოთხოვნა ემყარებოდა იმჟამად მოქმედ „დასაქმების შესახებ“ კანონს. ამდენად, საქმე შინაარსობრივად ეხებოდა სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო ა. ღ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი განეხილა და გადაეწყვიტა ერთპიროვნულად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ განცხადების განუხილველად დატოვებამდე, აუცილებელი წინაპირობა იყო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენა, არ ეფუძნება სათანადო სამართლებრივ საფუძვლებს, რადგან სსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით სასამართლო თავისი ინიაციტივით ამოწმებს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხის და განცხადების დაშვების ამა თუ იმ პირობის არარსებობისას, სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად ტოვებს. სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განცხადებაზე ხარვეზს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ მისი გამოსწორება შესაძლებელია. ამასთანავე, არსებობს შემთხვევები, როდესაც ხარვეზის დადგენის გარეშე, განცხადების განხილვაზე იმთავითვე ხდება უარის თქმა, რადგან ხარვეზის დადგენა აზრს იქნება მოკლებული მისი გამოსწორების შეუძლებლობის გამო, მაგ., ასეთი შემთხვევა სახეზეა, როდესაც უტყუარად დასტურდება სასამართლოში ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ნორმატიულად განსაზღვრული ვადის დარღვევით წარდგენა, რაც მას იმთავითვე დაუშვებლად აქცევს. ასეთ შემთხვევებში განცხადებას აქვს არა რაიმე პროცედურული ხარვეზი, რომლის გამოსწორების საშუალებაც მხარეს უნდა მიეცეს, არამედ არსებობს მისი განხილვის დამაბრკოლებელი არსებითი გარემოება, რასაც მხარე ვერ აღმოფხვრის. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ხარვეზის დადგენის გარეშე ა. ღ-ის განცხადების განუხილველად დატოვება ეფუძნებოდა სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს.

განმცხადებელი უთითებს, რომ მისი მიზანია გაუქმდეს სააპელაციო პალატის განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე ყველა წინმსწრები გადაწყვეტილება (განჩინება), რათა ხელახლა მოხდეს მისი სარჩელის არსებითად განხილვა და დაკმაყოფილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2006წ. გადაწყვეტილებით ა.ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც კანონიერ ძალაში შევიდა 31.12.2008წ., უზენაესი სასამართლოს მიერ ა.ღ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით. ა.ღ-ის მითითებით მისი საბოლოო მიზანი სწორედ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაა. აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია განსახილველი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო პალატის 09.11.2018წ. განჩინების გაუქმების შემთხვევაშიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 09.11.2018წ. გასაჩივრებული განჩინებით ა.ღ-ის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მართებულად დარჩა განუხილველად, ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 426-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი