Facebook Twitter
808(2კ-19) 12 სექტემბერი, 2019 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „თ…ის“ (შპს „ყ…ის“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „დ…მა“ 03.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ მოპასუხის 04.04.2018წ. N25/61 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და კომისიის მიერ შპს „დ…თვის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.06.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ყ…ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.09.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 04.04.2018წ. N25/61 გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა შპს „დ…სათვის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „ყ…ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „ყ…ის“ მიერ.
კასატორი შპს „ყ…ი“ მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა არსებული ნორმატიული მოწესრიგების მიზანი. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა განიმარტება როგორც ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მომხმარებლის მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 09.07.2009წ. N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 8.4 მუხლის თანახმად, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ფლობდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ დანადგარებს, მათ შორის, მრიცხველებსა და სხვა სახის მოწყობილობებს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება და მოხმარების აღრიცხვა. მოსარჩელის მიერ მითითებული მილსადენის მონაკვეთები არის ცალკეული ხაზობრივი ნაგებობები - გაზსადენები, რომლებიც არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გამანაწილებელი ქსელი განიხილება როგორც გამანაწილებელი კომპლექსი და ცენტრალური გაზსადენების გარდა მოიცავს ნაგებობებს გაზსადენზე, გაზსადენის ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის საშუალებებს, მარეგულირებელ სადგურებს, პუნქტებს, დანადგარებს, ობიექტებამდე არსებულ საერთო და ინდივიდუალური სარგებლობის გაზსადენებს და სხვ.. ამდენად, ცალკეული გაზსადენები ვერ იქნება მიჩნეული გამანაწილებელ ქსელად. მოსარჩელის საკუთრება რეგისტრირებულია ცალკეულ გაზსადენებზე და არა ქსელზე.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, მომხმარებელთა გაზით უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელეს დასჭირდება დასახლებაში არსებული შპს „ყ…ის“ კუთვნილი დაბალი და საშუალო წნევის გაზსადენებით (დაახლოებით 40000 მ.) სარგებლობა. სხვა შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა მოაწყოს ალტერნატიული გაზსადენი და დაამონტაჟოს მრიცხველები, აღნიშნული პროცესის დასრულებამდე დღის წესრიგში დადგება 17000-მდე აბონენტისათვის გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხი.
კასატორი აღნიშნავს, რომ მას 18.05.2006წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სრულად გადაეცა სს „თ…ის“ გაკოტრების მასაში შემავალი უძრავ-მოძრავი ქონება. ამ ქონების ექსპლუატაციას შპს „ყ…ი“ კანონშესაბამისად ახორციელებს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 04.05.2018წ. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილებები და დადგინდა, რომ დაუშვებელია ერთ ტერიტორიულ ერთეულში (ქალაქი, დაბა, სოფელი) ორი ან ორზე მეტი განაწილების ლიცენზიის გაცემა (26.11 მუხ.). ამდენად, კომისიისათვის ქ.თბილისში მეორე ლიცენზიის გაცემის დავალება კანონსაწინააღმდეგოა. სასამართლომ არ იმსჯელა სადავო არეალში შპს „ყ…ის“ ლიცენზიის იურიდიული ბედზე. სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე მის მიერ კომისიისათვის ლიცენზიის გაცემის დავალების უფლებამოსილებაზე.
კასატორი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს 05.12.2018წ. Nბს-911-907(კ-17) განჩინებას, რომელშიც განიმარტა, რომ კომისია ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ იმ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს, თუმცა ეს არ გულისხმობს ყველა შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის ვალდებულებას. მომწოდებელთა ოდენობის განსაზღვრისას სახელმწიფო ითვალისწინებს კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობას, სხვა მიწოდების ქსელების არსებობას, დამატებითი მიმწოდებლის დაშვების საჭიროებას და სხვ., მცირე ქსელებისათვის ლიცენზიის გაცემა ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის გადამწყვეტი საკითხია.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანია, გაურკვევლია კომისიამ განმეორებით უნდა ჩაატაროს წარმოება, გამოიკვლიოს ლიცენზიის გაცემის წინაპირობები, თუ უპირობოდ უნდა გასცეს ლიცენზია მოსარჩელის სახელზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის გაზსადენებიდან მომხმარებლამდე არსებული მოწყობილობები სრულად შპს „ყ…ის“ ეკუთვნის, რომელსაც დაახლოებით 1700 აბონენტთან აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა. გაურკვეველია რა სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება აეკრძალოს შპს „ყ…სს“ აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელება.
კასატორი თვლის, რომ კომისიას ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით ნორმატიულად მინიჭებული აქვს სრული და ფართო ავტონომია, სასამართლო დაუსაბუთებლად ჩაერია კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო აქტის გამოცემისას სრულად იყო დაცული პროცედურული წესები, აქტი დასაბუთებულია და მიღებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. სასამართლომ ფაქტობრივად არ შეამოწმა სადავო აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 29.07.2019წ. წარდგენილი განცხადების საფუძველზე შპს „ყ…ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა საფირმო სახელწოდების ცვლილება და ახალ საფირმო სახელწოდებად დარეგისტრირდა შპს „თ…ი“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „თ…ის“ (შპს „ყ…ის“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დივერგენციის საფუძვლით საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც არსებითად მსგავსი გარემოებების მქონე დავაში სააპელაციო სასამართლო ნორმის საკასაციო პალატისგან განსხვავებულ განმარტებას ახდენს. ამდენად, უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებებით ხელმძღვანელობისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს განხილული და განსახილველი დავების ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსებითი მსგავსება. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული დავისა და განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია. განსახილველ დავაში გაზგამანაწილებელი ქსელის გარკვეული ნაწილი მოსარჩელის საკუთრებაშია და ამ გაზსადენებით დაუდგენელი საფუძვლით სარგებლობს სხვა ლიცენზიანტი - შპს „ყ…ი“, რაც ხელს უშლის შპს „დ…ს“ ლიცენზიის მოპოვებაში. კასატორი მიერ მითითებულ Nბს-911-907(კ-17) დავაში არ არსებობდა მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები, ინდ. მეწარმეს საკუთრებაში ჰქონდა ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც იმ არეალში მოქმედი ლიცენზიანტის მიერ არ გამოიყენებოდა თავის სალიცენზიო ვალდებულებათა შესასრულებლად, ინდ. მეწარმე ფაქტობრივად ითხოვდა პარალელური ქსელის შექმნას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე: შპს „დ…ს“ სურს თავის საკუთრებაში, თუმცა ამჟამად სხვის სარგებლობაში, არსებული ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა, მოსარჩელე არ ითხოვს ალტერნატიულ, პარალელურად არსებულ ქსელზე ლიცენზიის გაცემას.
მართებულია საკასაციო პალატის Nბს-911-907(კ-17) განჩინებაში მითითებული მოსაზრება, რომ ლიცენზირებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური მოწესრიგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კომისიის მიერ ხორციელდება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რა დროსაც კომისია ხელმძღვანელობს ენერგეტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 11.1 მუხ.). კომისია ლიცენზიას გასცემს მხოლოდ იმ ინდივიდუალურ მეწარმეზე ან სამეწარმეო იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 26.1 მუხ.), თუმცა ეს არ გულისხმობს ყველა შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის ვალდებულებას. ამასთანავე, არსებული პოლიტიკის გათვალისწინებით, დისკრეციიული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის, მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც აქვს სრული უფლებამოსილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ლიცენზიები და ნებართვები, შეაჩეროს მათი მოქმედება, გააგრძელოს მათი მოქმედების ვადა, მოახდინოს მათი მოდიფიცირება, გააუქმოს ისინი („ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-2 მუხ. „ბ“ ქვ.პ., მე-10 მუხ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს კომისიის უფლებამოსლებების განხორციელებაზე სასამართლო კონტროლის გამორიცხვას. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი. სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის, ფაქტების სწორად დადგენის მოთხოვნის დაცულობა. სასამართლო კონტროლი მოიცავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ საკითხისადმი კავშირში არმყოფი მოსაზრებებით მოქმედებას. დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში პირს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება, თუმცა გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია (სუსგ 07.03.2019წ. Nბს-797(კ-18)).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემა. ლიცენზიის გაცემის წესსა და პროცედურებს განსაზღვრავს „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. N23 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზირების წესები“ („ლიცენზირების წესების“ 1.2 მუხ.), რომლის მიხედვით ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია, კომისიას წარუდგინოს წერილობითი განცხადება კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად და დაურთოს ნორმატიულად განსაზღვრული დოკუმენტაცია, მათ შორის გაზის ქსელის სქემა (5.1, 5.3 მუხ.). კომისია 3 დღის ვადაში ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ნორმატიულ მოთხოვნებთან და განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, საბოლოოდ კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (6.4, 6.5, 6.8 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში შპს „დ…ის“ მიერ კომისიაში თავდაპირველად წარდგენილ განაცხადს დაუდგინდა ხარვეზი, შპს-ს დაევალა ბუნებრივი გაზის ქსელის სქემის წარდგენა, რის შემდეგაც შპს-მ კომისიაში წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა განაცხადის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამო დაიწყო საჯარო წარმოება და არსებითად იმსჯელა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის შესახებ შპს „დ…ის“ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ განაცხადი აკმაყოფილებდა ნორმატიულად განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს, მასზე თანდართული იყო არსებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა. უფრო მეტიც, სადავო 04.04.2018წ. გადაწყვეტილებაში კომისიის მიერ დადგენილად არის მიჩნეული, გაზგამანაწილებელი ქსელის მოსარჩელის საკუთრებაში ქონა. სადავო აქტის მიხედვით, კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შპს „დ…ის“ საკუთრებაში არსებული საშუალო/დაბალი წნევის გამანაწილებელი ქსელი მდებარეობს ქ. თბილისში, …ის მიმდებარედ, ყოფილი …ის ტერიტორიაზე და მისი ერთი ნაწილი მიერთებულია ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე, ხოლო მეორე ნაწილი შპს „ყ…ის“ საშუალო წნევის გამანაწილებელ ქსელზე. ამდენად, კასატორ შპს „ყ…ის“ მოსაზრება, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია არა ქსელი, არამედ ცალკეული ხაზობრივი ნაგებობები - გაზსადენები, რომლებიც არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არ არის დასაბუთებული. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სადავო აქტით დადგენილად იქნა მიჩნეული შპს „დ…ის“ საკუთრებაში გამანაწილებელი ქსელის ქონა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ „ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 461.4 მუხლი, რომლის თანახმად ქსელის მფლობელი, სათანადო საფასურის მიღების სანაცვლოდ, ვალდებულია გარკვეულ შემთხვევებში ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა, არ გამორიცხავს ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების დაკმაყოფილებისა და შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში, ქსელის მესაკუთრის მიერ ლიცენზიის დამოუკიდებლად მოთხოვნის და მიღების შესაძლებლობას, სუბიექტის საკუთრებაში არსებული ქსელით სხვის მიერ სარგებლობა არ სახელდება მესაკუთრისათვის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერ საფუძვლად. ამდენად, მხოლოდ აღნიშნული მოწესრიგების გამო, ლიცენზიის გაცემაზე უარი, არ არის დასაბუთებული.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტი ძირითადად შედგება ნორმების ციტირებისაგან და არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ ციტირებული ნორმების გამოყენების რაიმე არგუმენტაციას. ამასთანავე, ციტირებულ ნორმათა უმეტესობა ლიცენზიანტის ვალდებულებებს აწესრიგებს. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია არა ლიცენზიანტის, ანუ ლიცენზიის მქონე პირის მიერ თავის ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულება, არამედ ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერება. კომისიის მოსაზრება, რომ ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში შპს „დ…ი“ ვერ შეძლებს თავის ვალდებულებათა სათანადოდ შესრულებას, არის დაუსაბუთებელი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ლიცენზიანტის მიერ კანონისმიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულება შესაძლოა გახდეს მისი პასუხისმგებლობის ან ლიცენზიის გაუქმების („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 22-ე მუხ.), თუმცა არა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ლიცენზიის გაცემამდე იმის ვარაუდი, რომ ლიცენზიის მიღების შემთხვევაში, პირი უტყუარად არაჯეროვნად შეასრულებს თავის ვალდებულებებს, არ არის დასაბუთებული.
რაც შეეხება ერთ ტერიტორიულ ერთეულში ორი ან ორზე მეტი განაწილების ლიცენზიანტის არსებობის შესახებ აკრძალვას („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 26.11 მუხ.), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული პუნქტი კანონის 26-ე მუხლს დაემატა 04.05.2018. №2326 კანონით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სადავო აქტი კი მიღებულია 04.04.2018წ.. ამდენად, სადავო აქტის გამოცემისას კანონის 26.11 მუხლის დანაწესი ვერ გახდებოდა ლიცენზიის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოება.
კასატორთა მითითება, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა შპს „ყ…ის“ ლიცენზიის იურიდიულ ბედზე, არ არის დასაბუთებული, რადგან განსახილველი დავის საგანი არ არის მესამე პირისათვის კონკრეტულ არეალში ლიცენზიის გაცემის მართლზომიერება, ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესაძლებლობა და სხვ.. რაც შეეხება კომისიის მოსაზრებას, სასამართლოს მიერ ლიცენზიის გაცემის დავალების დაუშვებლობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება კომისიის მიერ შპს „დ…ის“ განაცხადის ფორმალური გამართულობის შემოწმება, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, ზეპირი მოსმენის ჩატარება. ამდენად, სადავო აქტის გამოცემის მიზნით მართალია გამოკვლეულ იქნა საქმის გარემოებები, თუმცა მოხდა მათი არასწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც წარმოშვა სასამართლოს შესაძლობლობა კომისიისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „თ…ის“ (შპს „ყ…ის“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „თ…ის“ (შპს „ყ…ის“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინება;
3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას (ს.კ. 204400200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.05.2019წ. N694 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. შპს „თ…ის“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს „ყ…ის“ მიერ 08.05.2019წ. N949 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი