ბს-908 (კ-19) 12 სექტემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 15.11.2018წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. თ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 28 000 ლარის დაკისრება.
გორის რაიონული სასამართლოს 16.11.2018წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ყადაღა დაედო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. …ში მდებარე N.საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მესაკუთრე გ. თ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 18.12.2018წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ. თ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1 000 ლარი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 16.11.2018წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ გ. თ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 19.09.2011წ. გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.09.2011წ. N728 ბრძანებით დამტკიცებული N153 კონტრაქტი, რომლის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტარქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება. ამდენად, გ. თ-ისათვის ცნობილი იყო კონტრაქტის დარღვევის თაობაზე მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ამასთანავე, კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 06.06.2019წ. N264 დადგენილებით ცვლილება შევიდა "სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. N238 დადგენილებაში, რომლის XIX თავის მე-7 პუნქტის თანახმად, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდებათ პირებს, რომელთაც 10.06.2019 წლამდე "სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.09.2011წ. N728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან "სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.09.2011წ. N729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრათ (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28000 ლარის ოდენობის ჯარიმა. ვინაიდან გ. თ-ი დათხოვნის პერიოდისათვის წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის დისლოცირებადი ქსელების ოცეულის მეთაურს, კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის, ზემოაღნიშნული დადგენილების დ) ქვეპუნქტის საფუძველზე ეკისრება ვალდებულება სამინისტროს აუნაზღაუროს 5000 ლარი. ამდენად, არსებობს ახლადაღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.10.2018წ. ბრძანებით გ. თ-ი 19.09.2011წ. N153 კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა გ. თ-ის პირადი პატაკის, ანუ კონტრაქტის 6.1.1 ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ამავე კონტრაქტის 6.2 პუნქტის მიხედვით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 28 000 ლარს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება საქართველოს მთავრობის 06.06.2019წ. N264 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების სადავო ურთიერთობაზე გავრცელების შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ თავდაცვის სამინისტროში იმსახურა 7 წელი და სამსახურებრივი მოვალეობების პირნათლად შესრულების გამო ხდებოდა მისი დაწინაურება სხვადასხვა თანამდებობაზე გადაყვანის გზით. მოპასუხესთან 19.09.2011წ. დადებული N153 კონტრაქტი შეწყდა გ. თ-ის პირადი პატაკის გამო, კონკრეტულად მას აღარ სურდა შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება. ამდენად ადგილი არ ჰქონია გ. თ-ის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. შესაბამისად ამ გარემოებათა გათვალისწინებით კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი