განჩინება
¹ 995-აპ 19 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ.სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი,
მ. ოშხარელი
მონაწილეობით განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ. ო-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ა-ას მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით ზ. ა-ას, ამჟამად პატიმრობაში მყოფს, _ ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “ზ”, “ი” ქვეპუნქტებითა (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) და 236-ე მუხლის პირველი-მე-2 ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულთა გამო როგორიცაა:
ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით; მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; აგრეთვე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ. ა-ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დანაშაულისამებრ გამოყენებისათვის ვარგისი 5,6 მმ კალიბრიანი შაშხანის რგოლური აალების ვაზნა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რაც ამოღებულ იქნა 2005 წლის 21 ივლისს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად;
2005 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 3 საათზე, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ზ. ა-ვა, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, რომლებიც ასევე შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, პისტოლეტებით და “ვინჩესტერის” სისტემის თოფით, წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღურად თავს დაესხა ზესტაფონის რაიონის სოფელ ... მცხოვრებ ე. მ-ის ოჯახს, რა დროსაც უკანონოდ შეაღწიეს ამ უკანასკნელის სახლში, სადაც იმყოფებოდნენ თვით ე. მ-ძე, მისი მეუღლე მ. ფ-ძე და მათი მცირეწლოვანი შვილები _ ზ. და ა. მ-ები. ზ. ა-ამ და მისმა თანამზრახველებმა, მ-ების ოჯახის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გატაცებისა და მისაკუთრების მიზნით, ე. მ-სა და მ. ფ-ის მიმართ გამოხატეს რა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა ფულისა და ძვირფასი ნივთების გადაცემის მოთხოვნით, სცემეს მათ. ამის შედეგად მ. ფ-ემ მიიღო თავის ტვინის შერყევა, მწვავე ობსტრუქტული ბრონქიტი, ბადურის სისხლძარღვთა ანგიოპათია, ხოლო ე. მ-ემ _ თავის ტვინის შერყევა, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა, ჭრილობა თხემის არეში მარჯვენა მხარეს, დაუზიანდა მარჯვენა მტევნის მეოთხე თითის გამშლელი მყესი, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანება, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
ბოროტმოქმედებმა ყაჩაღური თავდასხმის მომენტში, რამაც გასტანა დაახლოებით ორმოც წუთს, გაიტაცეს: მ-ების ოჯახის კუთვნილი 800 ლარი; 150 ლარად ღირებული ერთი წყვილი ოქროს თვლიანი საყურე; 40 ლარად ღირებული შავი ფერის ტყავის ქალის ხელჩანთა მასში არსებული 20 ლარით და 10 ლარად ღირებული პარფიუმერიის ნივთებით; 30 ლარად ღირებული ფოტოაპარატი; 8991044657 ნომრის მქონე “სონის” ფირმის, 120 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი დეპოზიტზე 15 ლარიანი სასაუბრო დროით; ე.ი. მთლიანად _ 1185 ლარის ქონება. შემთხვევის ადგილიდან უსაფრთხოდ მიმალვის მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მათ მძევლად აიყვანეს არასრულწლოვანები _ 14 წლის ზ. და 11 წლის ა. მ-ები, და ბაღდათის რაიონის მიმართულებით გაემართნენ. ამასთან, შემთხვევის ადგილიდან მიმალვისას ზ. ა-ვა და მისი თანამზრახველები მძევალთა მოკვლით დაემუქრნენ ე. მ-ეს, მ. ფ-ეს და ხმაურზე იქ შეკრებილ ამ უკანასკნელთა მეზობლებს, თუკი ისინი მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადებდნენ და არ მისცემდნენ დაუბრკოლებლად შემთხვევის ადგილიდან მიმალვის საშუალებას.
დაახლოებით 30 წუთში, ფეხით რამდენიმე კმ-ის გავლის შემდეგ, ბოროტმოქმედები დარწმუნდნენ რა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, მძევლები გაათავისუფლეს, თვითონ კი მიიმალნენ და მართლსაწინააღმდეგოდ გატაცებული ქონება ურთიერთშორის გაინაწილეს.
ზ. ა-ას ბრალდების საქმე განიხილა ხარაგაულის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2006 წლის 1 ივნისის განაჩენით განსასჯელ ზ. ა-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “ზ”, “ი” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მითითებული რედაქციები) წარდგენილი ბრალდებები არ ცნო დადასტურებულად და ბრალდების ამ ნაწილში იგი გაამართლა, ამასთან, სასამართლომ იმავე განაჩენით ზ. ა-ვა დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი ქმედების ჩადენაში, როგორიცაა საბრძოლო მასალის _ 5,6 მმ კალიბრიანი შაშხანის რგოლური აალების ვაზნის - მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. ამ დანაშაულისათვის სასამართლომ მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ. ო-ემ, რომელიც მის მიერ შეტანილი საჩივრით ითხოვდა: მსჯავრდებულ ზ. ა-ას მიმართ რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის განაჩენის გაუქმებას, საბრალდებო დასკვნით წარდგენილი კვალიფიკაციით მის დამნაშავედ ცნობას და ზ. ა-ას მიმართ სასჯელის _ 10 (ათი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რასაც ასაბუთებდა იმ მოტივებით, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აქედან გამომდინარე, მცდარად დაასკვნა, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ზ. ა-ას მიერ ამ დანაშაულების ჩადენის ფაქტს და უსაფუძვლოდ გამოიყენა ეჭვის განსასჯელის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი, ხოლო განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და, ამასთანავე, სასამართლომ არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.
საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2006 წლის 7 აგვისტოს განაჩენით გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა ზ. ა-ას გამართლების, ასევე, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მისი დამნაშავედ ცნობისა და მისთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ დამაზუსტებელი ცვლილებები შეიტანა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის სხვა ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქმეზე ნივთმტკიცების დართვასა და ზ. ა-ას დაკავების ვადის ათვლას.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ. ო-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელიც, იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში, ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და ზ. ა-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ახალი განხილვისათვის.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ს. ჩ-ამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მან წარმოადგინა ამ საჩივარში ჩამოყალიბებული მოტივები, რომელთა საფუძველზეც იშუამდგომლა საკასაციო პალატის წინაშე, რომ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 აგვისტოს განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ზ. ა-ას მიმართ დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ზ. ა-ას მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს და ადასტურებს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. ა-ას ბრალდების საქმეზე მათ მიერ გამოტანილ განაჩენებში ჩამოყალიბებულ პოზიციას, რომლის მიხედვით, პირის დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს კანონიერი გზით მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო ნებისმიერი ეჭვი, რომელიც სარწმუნოდ არ არის დადასტურებული, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ბრალდება ზ. ა-ას მიმართ მის მიერ ყაჩაღობისა და ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების თაობაზე რეალურად ეფუძნებოდა მხოლოდ ერთადერთ მტკიცებულებას, კერძოდ, დაზარალებულ ე. მ-ის საცხოვრებელ ბინაში არსებული საძინებელი გარნიტურის სარკის ზედაპირიდან აღებულ ერთი თითის ანაბეჭდს, რომელიც, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე დატოვებულია მსჯავრდებულ ზ. ა-ას ხელიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო თავის განაჩენში სწორად მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხსენებულ თითის ანაბეჭდთან მიმართებით დარღვეულია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი მტკიცებულების დამაგრების, ამოღებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმში მისი გაფორმების თაობაზე საპროცესო კანონით, სახელდობრ, საქართველოს სსსკ-ის 120-ე, 121-ე და 287-ე მუხლებით დადგენილი წესები, რის გამოც აღნიშნული თითის ანაბეჭდი ვერ იქნება მიღებული კანონიერ მტკიცებულებად და არ შეიძლება იგი საფუძვლად დაედოს ბრალდებასა და გამამტყუნებელ განაჩენს. აღსანიშნავია, რომ საქმეში არ მოიპოვება სხვა ისეთი მტკიცებულება, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ განამტკიცებდა რწმენას ზემოაღნიშნული მტკიცებულების უტყუარობის თვალსაზრისით. პირიქით, საქმეში არსებობს სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავენ დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულ ზ. ა-ას ყოფნის შესაძლებლობას. მხედველობაშია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც თავიანთი შინაარსით, თანმიმდევრულობითა და შეთანხმებულობით სარწმუნოდ ადასტურებენ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ალიბის უტყუარობას, რასაც ბრალდების მხარე ფაქტობრივად ვერაფრით აბათილებს, გარდა ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიების წამოყენებისა, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესში მონაწილე პროკურორმა ალიბთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებების ერთგვაროვანი შინაარსი იმით ახსნა, რომ ისინი კეთილსინდისიერად ცდებოდნენ, რადგან ობიექტურად არსებული ვითარების გამო ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ზუსტად გაერკვიათ ზ. ა-ას ადგილსამყოფელი. პირველი ინსტანციის განაჩენის თაობაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში იგივე პროკურორი მოწმეთა იმავე ჩვენებებს იმით ხსნის, რომ მოწმის ჩვენება დამოკიდებულია მოწმის მიერ ფაქტობრივ მონაცემთა აღქმის უნარზე, რაც შესაძლოა, არ იყოს არსებული ვითარების ადეკვატური, ხოლო თავის საკასაციო საჩივარში პროკურორი თ. ო-ძე უკვე სულ სხვა ვერსიას ავითარებს, რომლის მიხედვით, მოწმეები, რომლებიც ზ. ა-ას ალიბის დამადასტურებელ ჩვენებებს იძლევიან, არიან მისი ახლობლები ანუ დაინტერესებული პირები.
საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც: სახელმწიფო ბრალმდებელი თავის საკასაციო საჩივარში, ეჭვქვეშ აყენებს რა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას, მიუთითებს, რომ სასამართლოს განაჩენში არ არის ახსნილი, თუ როგორ მოხვდა ზ. ა-ას თითის კვალი შემთხვევის ადგილზე, თუკი მას ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების გაზიარებისა თუ არგაზიარებისას სასამართლო თავის შინაგან რწმენას აფუძნებს მოცემული მტკიცებულების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განხილვით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია უპირატესი ძალა სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, ვერც ბრალდების მხარემ ახსნა, როგორ შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ საძინებელ ოთახში არსებულ სარკეზე, დიდი ხნის განმავლობაში მისი მოხმარების პირობებში, მასზე არ აღმოჩნდა დაზარალებულის ოჯახის წევრთა ხელის ან რომელიმე მათგანის თუნდაც ერთი თითის ანაბეჭდი, რაც საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს იმას, თუ რამდენად კვალიფიციურად ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
ასეთ პირობებში სავსებით ლოგიკური და დასაბუთებულია როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მოსაზრებები და ჩამოყალიბებული დასკვნები საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების თაობაზე, რომლითაც ზ. ა-ვა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “ზ”, “ი” ქვეპუნქტებისა (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) და 236-ე მუხლის პირველი-მე-2 ნაწილების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე წარდგენილ ბრალდებებში.
ამავე დროს, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა იმ ბრალდების საფუძვლიანობაც, რომლის მიხედვით, ზ. ა-ას შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. საქმის იმ მასალების საფუძველზე, რომლებიც სარწმუნო მტკიცებულებების სახით არსებობს, მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ და ამას თვით ზ. ა-აც არ ხდის სადავოდ, ხოლო სასამართლოს მიერ მის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომა შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მისი ჩამდენის პიროვნებას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 7 აგვისტოს ზ. ა-ას მიმართ გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ა-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.