ბს-1201(კ-18) 12 სექტემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჩ-ემ 08.05.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ მოპასუხის 20.04.2015წ. N1819173 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2015წ. გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20.04.2015წ. N1819173 ბრძანება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ვ. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2017წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ვ. მ-ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ამავე სასამართლოს 25.09.2017წ. განჩინებით საქმის წარმოება განახლდა, ვ. მ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ლ. კ-ი და გ. მ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მინაშენი განხორციელებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებაზე, სხვენი მ. ჩ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არ არის დარეგისტრირებული. სადავო ობიექტი არის მინაშენი მრავალბინიან სახლზე და მასზე აღრიცხული იყო ვ. მ-ის საკუთრება 2009 წლიდან, ამდენად, ობიექტის ლეგალიზაცია არ იწვევს საკუთრების ობიექტის ოდენობის გაზრდას, ლეგალიზაციაზე უარის თქმა გამოიწვევდა ვ. მ-ის საკუთრების უფლების შელახვას. ამხანაგობის ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება სადავო ფართზე ვ. მ-ის საკუთრების წარმოშობა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3-ზე მეტი თანხმობას აცხადებს ფართის ლეგალიზებაზე. კასატორი თვლის, რომ იმავე შინაარსის განცხადების განხილვით სზაკ-ის 102-ე მუხლი არ დარღვეულა. ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოიწვია დაინტერესებული მხარეები, მოუსმინა მათ, ასევე ადგილზე დაათვალიერა ობიექტი. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა უგულებელყო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის, სსკ-ის მე–10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს. ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, აღარ საჭიროებს მტკიცებას (სსკ-ის 106-ე მუხ. „გ“ ქვ.პ.), სასკ-ის 1.2 მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული დანაწესი ვრცელდება აგრეთვე ადმინისტრაციულ წესით განსახილველ საქმეებზეც. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 01.03.2013წ. გადაწყვეტილებით არამართლზომიერად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის მიერ ვ. მ-ისათვის სადავო ობიექტის ლეგალიზაცია. აღნიშნული გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი, რომ ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები არ არის მოქცეული ერთი სახურავის ქვეშ და მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი ფართი მთლიანად მის ინდივიდუალურ საკუთრებაშია, სადავო ფართი დაშენებულია მ. ჩ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართზე და სამშენებლო კონსტრუქციის თვალსაზრისით წარმოადგენს მ. ჩ-ის ფართის გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ვ. მ-ის საკუთრებაში არსებული ბინის მიშენებულ ნაწილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია სადავო ობიექტის ლეგალიზებისათვის მ. ჩ-ის თანხმობა და ჩათვალა, რომ სადავო ფართის ლეგალიზება ლახავს მ.ჩ-ის საკუთრების უფლებას. სადავო ობიექტის მ. ჩ-ის ფართის სახურავზე, სხვენის გვერდით მოწყობა დასტურდება აგრეთვე საქმეში დაცული ფოტოსურათებით. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ მ. ჩ-ის ფართის თავზე არსებული სახურავი საერთო საკუთრების საგანია არ არის დასაბუთებული. ამასთანავე, სახურავის ამხანაგობის საკუთრებად მიჩნევის შემთხვევაშიც, არ იარსებებდა ლეგალიზაციის საფუძლები, რადგან საქმეში წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 27.05.2012წ. N6 კრების ოქმიდან (ტ.1, ს.ფ. 99) არ იკვეთება ამხანაგობის სხდომის გამართვის წესი, ამხანაგობის წევრთა საერთო რაოდენობა, დამსწრე, კენჭისყრაში მონაწილე მესაკუთრეთა ვინაობა, რაოდენობა და სხვ., ამდენად, ოქმში მხოლოდ იმის მითითება, რომ ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი თანახმაა ფართის ლეგალიზებაზე, არ ქმნის მისი სარწმუნო მტკიცებულებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მ. ჩ-ის მითითებით, რამდენიმე მესაკუთრე ფართის ლეგალიზების წინააღმდეგია. ის, რომ კრების ოქმი ნოტარიალურად არის დამოწმებული, არ ადასტურებს მის სარწმუნოობას, რადგან ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ იქნა მხოლოდ კრების თავმჯდომარის ხელმოწერის ნამდვილობა და არა ოქმის შინაარსი (ტ.1, ს.ფ. 100). ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია აღნიშნული მტკიცებულება, ისე მიიჩნია ოქმში ასახული მონაცემები სარწმუნოდ.
კასატორის მოსაზრება სალეგალიზაციო ფართის ვ. მ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ არ არის განსახილველი დავისათვის რელევანტური, რადგან ერთი მხრივ მარეგისტრირებელ ორგანოში მინაშენის აღრიცხვა არ აქცევს აღნიშნულ მშენებლობას კანონიერად, ხოლო მეორე მხრივ უკანონო მინაშენის დარეგისტრირება არ წარმოშობს მისი ლეგალიზაციის ნორმატიულ ვალდებულებას.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მ. ჩ-ის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობის ფიზიკური ცვეთა აჭარბებს 60%-ს. მართალია დასკვნა არ უთითებს აღნიშნული მდგომარეობის ვ. მ-ის ქმედებებით გამოწვევის შესახებ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შენობის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობა შესაძლოა მასზე მშენებლობის განხორციელების შედეგად უფრო გაუარესდეს, რაც ხელყოფს მესაკუთრის - მ. ჩ-ის უფლებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინება;
3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს.კ. 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2018წ. N01423 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი