Facebook Twitter

#ბს-1237 (კ-18) 20 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ლ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საქართველოს პრეზიდენტი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2017წ. განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. გ-ემ 22.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ლ. გ-ის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 24.12.2009წ. N947 ბრძანებულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2015წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2016წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით მოსარჩელე ლ. გ-ემ საქართველოს პრეზიდენტი და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო დაასახელა მოპასუხეებად, ასევე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა სამმართველოს 16.12.2009წ. N2757 დასკვნისა და ლ. გ-ის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 24.12.2009წ. N947 ბრძანებულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2017წ. განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. გ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად.

ლ. გ-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ 04.09.2019წ. განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრის გამოხმობის მოთხოვნით. 09.09.2019წ. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილ იქნა შესაბამისი წერილები ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე მოპასუხეების პოზიციის დასაფიქსირებლად სსსკ-ის 831 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა 12.09.2019წ. წერილით მომართა უზენაეს სასამართლოს და ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის გამოხმობაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 17.09.2019წ. წერილით მომართა უზენაეს სასამართლოს და არ დაეთანხმა კასატორის განცხადებას საკასაციო საჩივრის გამოხმობაზე. ზემოაღნიშნულის თაობაზე ლ. გ-ის წარმომადგენელს გ. გ-ეს 18.09.2019წ. სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა და განემარტა მისი მოთხოვნის სამართლებრივი შედეგები, რის შემდეგაც მან დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ლ. გ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შეწყდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის წარმომადგენელი გ. გ-ე 04.09.2019წ. წარმოდგენილ განცხადებაში უთითებდა, რომ იხმობდა საკასაციო საჩივარს, ხოლო 18.09.2019წ. სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ გ. გ-ემ დააზუსტა მოთხოვნა და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით და თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273.2 მუხლის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელმა გ. გ-ემ დააზუსტა მოთხოვნა და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის `გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის დანაწესს (სასკ-ის 3.2 მუხ.) და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს, ვადაში მყოფი მინდობილობით (ტ.2, ს.ფ. 104-110) გ. გ-ეს კასატორის ლ. გ-ის მიერ მინიჭებული აქვს საგანმკარგულებო უფლებამოსილება, რაც ადასტურებს გ. გ-ის შესაძლებლობას ლ. გ-ის სახელით უარი თქვას საკასაციო საჩივარზე.

სსკ-ის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის რომ ლ. გ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შეწყდეს საქმის წარმოება ლ. გ-ის საკასაციო საჩივარზე. ამასთანავე, კასატორის წარმომადგენელს გ. გ-ეს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 14.11.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. გ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს; ლ. გ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; გ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ლ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 14.11.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი