Facebook Twitter
1330(კ-18) 12 სექტემბერი, 2019 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ფ-ემ 08.12.2016წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიმართ მოპასუხის 07.11.2016წ. N MIA 01602780515 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 27.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს 07.11.2016წ. N MIA 01602780515 გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის მის მიერ 30.09.2016წ. გადახდილი 500 ლარის დაბრუნება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2018წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ დავა შეეხება ტრანზიტული ნორმით სარგებლობას და მასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს. ტრანზიტული ნომრით სარგებლობის ზოგადი ვადაა 90 დღე, თუმცა თუ სარგებლობა 90 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, პირი მომსახურების საფასურს იხდის დღეში 5 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. ტრანზიტული ნომრით სარგებლობის ხანგრძლივობას პირი თავისი სურვილისამებრ განსაზღვრავს, შესაბამისად, აღნიშნული ნომრით 90 დღეზე მეტი ვადით სარგებლობა პირის უფლებაა და შედეგად მოჰყვება მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება. რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობა არ გამორიცხავს საფასურის გადახდის საჭიროებას. კასატორი მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარი კანონშესაბამისი იყო. გ. ფ-ე 2013 წლიდან სარგებლობს ტრანზიტული ნიშნით, ამასთანავე, მისი ბრალეულობის საკითხი არ არის მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის დაკისრებული თანხა არის სარგებლობის საფასური და არა ჯარიმა. უკეთუ მოსარჩელეს არ სურდა საფასურის გადახდა, მას უნდა შეეწყვიტა სანომრე ნიშნით სარგებლობა. ტრანზიტული ნომრის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ნორმატიულ საფუძველს არ ქმნის რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობის ფაქტი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მართალია ფორმალურად დაირღვა დროებითი სანომრე ნიშნით სარგებლობის ვადა, თუმცა ეს მოხდა გ. ფ-ისაგან დამოუკიდებელი მიზეზით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ რუსთავის რაიონული პროკურატურის 12.07.2013წ. დადგენილებით განისაზღვრა, რომ გ. ფ-ის ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომერი გადაკეთებულია, თუმცა პირვანდელი ნომრის დადგენა შეუძლებელია, ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გერმანიაში, 27000 ევროდ ოფიციალურად იყიდა გ. ფ-ემ, განხორციელდა შესაბამისი ჩანაწერი უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში. საქართველოში მანქანა შემოვიდა იმავე კოდით, რომლითაც გერმანიაში გაფორმდა. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება სატრანსპორტო საშუალების არაკანონიერი გზით შეძენა, საიდენტიფიკაციო ნომრის გ. ფ-ის მიერ გადაკეთება ან მოსარჩელის სხვა რაიმე ბრალეული ქმედება, რამაც შექმნა საქართველოში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, სახელმწიფო სანომრე ნიშნის მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად არის მიჩნეული, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების გამო გ. ფ-ეს ჩამოერთვა ავტომანქანა და გადაყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სადგომზე. ამდენად, გ. ფ-ეს ობიექტური მიზეზების, მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების გამო არ ჰქონდა ტრანზიტული სანომრე ნიშნის სსიპ მომსახურების სააგენტოსათვის ჩაბარების შესაძლებლობა, რადგან სატრანსპორტო საშუალება მის ფაქტობრივ მფლობელობაში არ იმყოფებოდა. გამოძიების შეწყვეტის და ავტომობილის გ. ფ-ისათვის დაბრუნების შემდგომ გ. ფ-ეს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემაზე უარი ეთქვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნივთზე საკუთრების უფლება ამ ნივთით სარგებლობის შესაძლებლობასაც მოიცავს. განსახილველ შემთხვევაში გ. ფ-ემ მისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო ვერ შეძლო სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია და სახელმწიფო სანომრე ნიშნის მოპოვება, რის გამო განაგრძო არსებული ტრანზიტული ნომრით სარგებლობა, აღნიშნული გამოწვეული იყო ქონების სხვაგვარად გამოყენების შეუძლებლობით. კასატორის მოსაზრება, რომ უკეთუ მოსარჩელეს არ სურდა სარგებლობის საფასურის გადახდა, მას არ უნდა ესარგებლა ტრანზიტული ნომრით, ფაქტობრივად გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებაზე გ. ფ-ის საკუთრების არსებით შეზღუდვას, რადგან სარგებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში აზრს კარგავს სატრანსპორტო საშუალების საკუთრება და იძენს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, რაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2018წ. განჩინება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (ს.კ. 205190513) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.09.2018წ. N48589 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი