Facebook Twitter

ბს-1442(კ-18) 12 სექტემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჯ-მა 11.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 04.08.2017წ. N1181 განკარგულების ბათილად ცნობის და კომიისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 04.04.2017წ. N1181 განკარგულება, კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ჯ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ნორმატიულად ერთმანეთისაგან გამიჯნულია თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ასევე განსხვავებულია მათზე საკუთრების უფლების მოპოვების წესი და საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო. განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა მფლობელობის არამართლზომიერება, ნაკვეთის თვითნებურად დაკავება. კომისია არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობებზე. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ნაკვეთზე ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 2000-მეტრიანი სპეციალური შეზღუდვა, რაც დამატებით აბრკოლებს აღიარებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება კომისიის მიერ სადავო აქტის საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მართალია 1992 წ. ნ. ჯ-ის სახელზე გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა მოგვიანებით სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგინდა სხვადასხვა პირებისათვის, მათ შორის ნ. ჯ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის დაბრუნების საჭიროება, გაუქმდა მიღება-ჩაბარების აქტის სამართლებრივი შედეგები. ამასთანავე, ნ. ჯ-ის განცხადების განხილვისას, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მართლზომიერი მფლობელობა. ამდენად, კომისიის მიერ საკითხის განხილვისას დადგენას საჭიროებდა მფლობელობის ხასიათი, მისი მართლზომიერება.

მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ კომისია სადავოდ არ ხდის ნ. ჯ-ის მიერ ნაკვეთის 2007 წლამდე დაკავებას, სადავო აქტში აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია მხოლოდ მფლობელობის მართლოზმიერ ხასიათზე, რაც კომისიის, როგორც არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ საკუთრების აღიარებას გამორიცხავს. აღნიშნულის მიუხედავად კომისიის 13.07.2017წ. N616 ოქმში, რომელიც სადავო აქტის გამოცემის საფუძველია, მითითებულია, რომ ნ. ჯ-ის მოთხოვნა საკუთრების აღიარების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დასტურდება ნ. ჯ-ის მიერ ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. ამდენად, სადავო აქტში და მის საფუძველში - კომისიის ოქმში ასახული მოსაზრებები ურთიერთშეუსაბამოა. ნ. ჯ-ის მიერ ნაკვეთის ფლობის ფაქტისა და პერიოდის დასადგენად გასათვალისწინებელია საქმეში დაცული მტკიცებულებები: მეზობელთა წერილობითი ახსნა-განმარტებები, ფოტოსურათები, აეროგადაღება, კომუნალური გადახდის ქვითრები და სხვ.. კომისიის 04.08.2017წ. N1181 განკარგულება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად სრულად გამოიკვლია საქმის გარემოებები, შეაფასა მტკიცებულებები და ამის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კასატორის მითითებას ნაკვეთის სპეციალურ ზონაში მდებარეობის შესახებ, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარემოება არ გამხდარა კომისიის მიერ ნ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის და თანამდევ სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობის საჭიროება დამატებით ადასტურებს დავის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის მართლზომიერებას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი