საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1555(2კ-18) 10 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე); 2. თ. ლ-ი, დ. ო-ი, რ. ო-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2016 წლის 16 ივნისს სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - თ. ლ-ის, რ. ო-ისა და დ. ო-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დ. ო-ი და თ. ლ-ი აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად. რ. ო-ი და თ. ლ-ი აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად; მოთხოვნა, დ. ო-ის და რ. ო-ის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, თ. ლ-მა, დ. ო-მა და რ. ო-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის, თ. ლ-ის, რ. ო-ის და დ. ო-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ასევე გაასაჩივრეს თ. ლ-მა, დ. ო-მა და რ. ო-მა, რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით თ. ლ-ის, დ. ო-ისა და რ. ო-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის, თ. ლ-ის, დ. ო-ისა და რ. ო-ის საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის -ცრუმაგიერი მფლობელობის სასამართლოს მიერ დადგენის სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ ხორციელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელისთვის ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებით. აღნიშნული ითვალისწინებდა მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის №4908-IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის VII16 თავი: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. 2165 მუხლით დადგინდა „პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი“, რომლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მითითებული კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის, თ. ლ-ის, დ. ო-ისა და რ. ო-ის საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი გადასინჯოს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით, 374-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის, თ. ლ-ის, დ. ო-ისა და რ. ო-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს - თ. ლ-ს, დ. ო-სა და რ. ო-ს დაუბრუნდეთ 04.02.2019წ. №19256936, №19257220 და №19257276 საგადახდო დავალებებით დ. ო-ისა (პ/ნ ...) და თ. ლ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე