საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-757(კ-19) 1 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ...ი“, შპს ,,ვ...ა“, შპს ,,ლ...ი“, თ. გ-ა, გ. გ-ა, შპს ,,ლა...ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილბის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 30 ოქტომბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხეების - შპს ,,მ...ის“, შპს ,,ვ...ას“, შპს ,,ლ...ის“, თ. გ-ას, გ. გ-ას და შპს ,,ლა...ის“ მიმართ და მოითხოვა მათი ცრუმაგიერ პირებად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 3 ნოემბერს მოპასუხეებმა ფოთის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართეს და მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუენების შესახებ განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N030310117002150007 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა: - თ. გ-ას (პ/ნ ...) საბანკო ანგარიშებს სს ,,თ... ბანკში“; - გ. გ-ას (პ/ნ ...) საბანკო ანგარიშებს: სს ,,ს... ბანკში“, სს ,,თ... ბანკში“, ,,პ... ბანკში“; - შპს ,,ლა...ის“ (ს/ნ ...) საბანკო ანგარიშებს: სს ,,ს... ბანკში“, სს ,,თ... ბანკში“.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად: შპს ,,მ...ი“ (ს/ნ ...), შპს ,,ვ...ა“ (ს/ნ ...), შპს ,,ლ...ი“ (ს/ნ ...), თ. გ-ა (პ/ნ ...) და გ. გ-ა (ს/ნ ...). სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დანარჩენ ნაწილში (შპს ,,ლა...ის“ სხვა მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში) არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურმა ასევე, შპს ,,მ...მა’’, შპს ,,ვ...ამ’’, შპს ,,ლ...მა", თ. გ-ამ და გ. გ-ამ, რომელთაც მოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და შპს ,,მ...ის“, შპს ,,ვ...ას“, შპს ,,ლ...ის“, თ. გ-ას და გ. გ-ას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,მ...ის’’ ( ს/ნ ...) ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნა გ. გ-ა (პ/ნ ...) და თ. გ-ა (პ/ნ ...); შპს ,,ვ...ას’’ (ს/ნ ...) ცრუმაგიერ პირად ცნობილ იქნა გ. გ-ა (პ/ნ ...). დანარჩენ ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის -ცრუმაგიერი მფლობელობის სასამართლოს მიერ დადგენის სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ ხორციელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელისთვის ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად. აღნიშნული ითვალისწინებდა მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის №4908-IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) კოდექსს დაემატა VII16 თავი, შემდეგი შინაარსით: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. აღნიშნული თავის 2163 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დადგინდა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მითითებული კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ვინაიდან, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი გადასინჯოს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე