Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-885(კ-19) 1 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - მ. ბ-ი, ნ. ბ-ი, ნ. ფ-ი, ქ. ფ-ი, შპს ,,...ე"(მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 25 ოქტომბერს გორის რაიონულს სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხეების - მ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ფ-ის, ქ. ფ-ისა და შპს ,,...ეს" მიმართ და მოითხოვა მათი ცრუმაგიერ პირებად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადება.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ფ-ის, ქ. ფ-ისა და შპს ,,...ეს" მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ბ-ი, ნ. ბ-ი, ნ. ფ-ი, ქ. ფ-ი და შპს ,,...ე" აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა, ნ. ბ-მა, ნ. ფ-მა, ქ. ფ-მა და შპს ,,...ემ", რომელთაც გასაჩივრებული გგადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით მ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ფ-ის, ქ. ფ-ისა და შპს ,,...ეს" საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ფ-ის, ქ. ფ-ისა და შპს ,,...ეს" საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის -ცრუმაგიერი მფლობელობის სასამართლოს მიერ დადგენის სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ ხორციელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელისთვის ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად. აღნიშნული ითვალისწინებდა მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის №4908-IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) კოდექსს დაემატა VII​​​16 თავი, შემდეგი შინაარსით: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. აღნიშნული თავის 2163 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დადგინდა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მითითებული კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ვინაიდან, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი გადასინჯოს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ფ-ის, ქ. ფ-ისა და შპს ,,...ეს" საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ფ-ის, ქ. ფ-ისა და შპს ,,...ეს" საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. მ. ბ-ს (პ/ნ ...), ნ. ბ-ს (პ/ნ ...), ნ. ფ-ს (პ/ნ ...), ქ. ფ-სა (პ/ნ ...) და შპს ,,...ეს" (ს/ნ...) დაუბრუნდეთ ზ. მ-ის (პ/ნ...) მიერ საკასაციო საჩივარზე 22.05.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე