Facebook Twitter

#ბს-88(კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 26 სექტემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და შ. კ-ის მიმართ.

სარჩელის მიხედვით, ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. #21-ში, ...ის #19-ის მიმდებარედ შპს „...ის“ საკუთრებაში ირიცხება 1435,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (ს/კ...). ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 4 სექტემბერს აღიარებულ იქნა შ. კ-ის საკუთრება ქ. ბორჯომში, ...ის #19-ის მიმდებარედ არსებულ 48 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რის საფუძველზეც გაიცა #175 საკუთრების მოწმობა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ...), შეჭრილია მის ნაკვეთში და კეტავს მიწის ნაკვეთთან მისასვლელ გზას.

მოსარჩელის განმარტებით, როდესაც კომისიაზე იხილებოდა შ. კ-ის განცხადება მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარების მოთხოვნით, იგი, როგორც დაინტერესებული მხარე, მიუხედავად მოთხოვნისა, კომისიის სხდომაზე არ მიიწვიეს. მოსარჩელის მითითებით, კომისიამ გადაწყვეტილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ გვერდის ავლით მიიღო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 სექტემბრის #6 სხდომის ოქმისა და 2017 წლის 13 სექტემბრის #175 საკუთრების უფლების მოწმობის (მათი ძალაში შესვლის დღიდან) ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შ. კ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შ. კ-ის საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს ნაწილს, რომელსაც ფლობს 2007 წლამდე (1980 წლიდან) უწყვეტად, რაც დასტურდება მასზე აღმოცენებული ხეხილით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო 48 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შ. კ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე ტერიტორიას და სახლის ერთიან ღობეში მოქცეული ეზოს ნაწილს. პალატის მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილ ფოტომასალაზე აღბეჭდილი ვითარებიდან გამომდინარე ნათელია, რომ აღნიშნულ ფართში მოწყობილია საყოფაცხოვრებო დანიშნულებითი სივრცე, აშკარაა, რომ აღნიშნული სივრცე შეიქმნა 2007 წლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-9 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კომისიას არც ერთ ინსტანციაში არ წარმოუდგენია განკარგულება დაკანონებულ მიწის ნაკვეთზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

კასატორის მითითებით, უძრავი ქონება, რომლის მომიჯნავედაც დაკანონდა მიწის ნაკვეთი, დაკანონების დროს ეკუთვნოდა და დღესაც ეკუთვნის ორ თანამესაკუთრეს, კერძოდ, 2/3 წილი - შ. კ-ეს და 1/3 - ლ. ღ-ს. თუნდაც კანონმდებლობის შესაბამისად ეწარმოებინა კომისიას ადმინისტრაციული წარმოება, მიწის ნაკვეთი მხოლოდ შ. კ-ეზე არ უნდა დაეკანონებინა. რა უფლებაც ვრცელდებოდა მთავარ მიწის ნაკვეთზე, ზუსტად ის უფლება უნდა გაევრცელებინა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზეც.

ამასთან, კასატორს წარმოდგენილი აქვს შუამდგომლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულად წარმოდგენის დავალებასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 სექტემბრის #6 სხდომის ოქმი, რომლითაც შ. კ-ეს უღიარდა ქ. ბორჯომში, ...ვი #19-ის მიმდებარედ არსებული 48 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული სხდომის ოქმის საფუძველზე 2017 წლის 13 სექტემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემულ იქნა #175 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის თანახმად, შ. კ-ეს საკუთრებაში გადაეცა 48.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბორჯომში, ...ვი #19-ის მიმდებარედ.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შ. კ-ე დაახლოებით 1980 წლიდან ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს ლ. ღ-თან ერთად, თუმცა სადავო ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებამდე შ. კ-ემ ცალკე დაირეგისტრირა მისი წილი მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებული აქვს ვაზი და ხეხილი. აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს ნაწილს, რომელსაც ფლობს 2007 წლამდე, რაც დასტურდება მასზე აღმოცენებული ხეხილით.

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია, შ. კ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ლ. ღ-ის განმარტება, რომლის თანახმად, შ. კ-ეს ბორჯომში, ...ის #19-ში არსებული 48 კვ.მ მფლობელობაში აქვს დაახლოებით 1980 წლიდან.

ამასთან, შ. კ-ის მიერ წარმოდგენილია მ. ზ-ის (მის: ბორჯომი, ...ის ქ. #16) და მ. ლ-ის (მის: ბორჯომი, ...ვი #15) ნოტარიულად დამოწმებული განმარტებები იმის თაობაზე, რომ შ. კ-ესა და მის ოჯახს ...ვი #19-ში არსებულ 48 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მფლობელობაში აქვთ დაახლოებით 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ასევე, გასათვალისწინებელია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენილი 2000 წელს გადაღებული ორთოფოტოც, რომლითაც დასტურდება მე-3 პირის პოზიცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სადავო მიწის ნაკვეთის მხოლოდ შ. კ-ეზე დაკანონებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ლ. ღ-ის მიერ აღიარების კომისიაში არ ყოფილა წარდგენილი განცხადება სადავო ნაკვეთის აღიარების მოთხოვნით.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულად წარმოდგენის დავალებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით, შეამოწმოს მისი შესაბამისობა მოქმედ საპროცესო და მატერიალურ ნორმებთან, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მოპოვების პროცესუალური კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე ლ. შ-ეს 21.12.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. შპს „...ის“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. შ-ის მიერ 21.12.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი