#ბს-1572(კ-18) 25 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 25 დეკემბერს ჯ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 23 სექტემბრის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 24 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გარდაბნის რაიონი, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, 2017 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაცია მოითხოვა. მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა მისი გარდაცვლილი მეუღლის - შ. ა-ის სახელზე, სარეგისტრაციო სამსახურს ასევე წარედგინა სამკვიდრო მოწმობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს „წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ შ. ს. ა-ზე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება (ს/კ ...) 2700 კვ.მ, რომელიც გაყიდულია, რაც შეეხება სააგენტოს მიერ მოძიებულ შემოსავლების წერილს, მიწის ფართი გერიცხებათ 1 500 კვ.მ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს განცხადებას დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, რის შემდგომაც დამატებით გეცნობებათ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.“
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს აღიარების კომისიაში გადაგზავნის განცხადება არ წარუდგენია, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2017 წლის 23 ოქტომბერს გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 24 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომელზედაც სააგენტო მიუთითებს, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მამკვიდრებელზე ჯერ კიდევ 2007 წლის აპრილში, ხოლო ელექტრონულ ბაზაში იძებნება 2008 წლის 10 მარტის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. აღნიშნულ რეგისტრაციას საფუძვლად უდევს სოფელი ...ის საკრებულოს 2006 წლის 4 მაისის #112 ცნობა. ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით. აღნიშნული უძრავი ქონება ამჟამად რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე მემკვიდრეობის საფუძველზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 24 ნოემბრის #... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 23 სექტემბრის #... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია მთელი რიგი გარემოებები და არ შეაფასა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ერთობლიობაში არ შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, რატომ არ წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს #72 მიღება-ჩაბარების აქტი. მოპასუხეს ასევე არ გამოუკვლევია ის გარემოება, მოსარჩელე რა დროიდან ცხოვრობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, არ გამოუთხოვია ინფორმაცია აწ გარდაცვლილი შ. ა-ის ჩაწერასთან (რეგისტრაციასთან) დაკავშირებით, არ დაუდგენია ინფორმაცია სადავო მიწის ნაკვეთის ყვითელ ფენასთან დაკავშირებით, მიმდებარე მიწის ნაკვეთები არის თუ არა რეგისტრირებული საკუთრების უფლებით და მათი უფლების დამდგენ დოკუმენტში მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მფლობელად მითითებულია თუ არა შ. ა-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტომ წარდგენილი დოკუმენტები არ მიიჩნია დამატებით უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად, სახეზე იყო „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი გარემოება.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე სადავო მიწის ნაკვეთზე არ არის სახლი, შენობა და მოსარჩელეს არც მის მომიჯნავედ გააჩნია საკუთრება უძრავ ქონებაზე, შესაბამისად, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმთავითვე ცნობილი იყო მოპასუხისთვის მოსარჩელის განცხადების აღიარების კომისიაში გადაგზავნის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, კასატორი მიუთითებს ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ იქნა მიჩნეული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, მხარის თანხმობის შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან არსებობდა აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის დოკუმენტაციის გადაგზავნის ვალდებულება.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს ფორმალურად აქვს მითითებული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილება, 1993 წლის 24 თებერვლის #148 დადგენილებით დამტკიცებული დებულება, ასევე, 1993 წლის 16 იანვრის #39 დადგენილება. სასამართლო აღნიშნული დადგენილებების ნორმების მითითების გათვალისწინებით სააგენტოს ავალებს თავად გამოიკვლიოს თუ რა ტიპის დოკუმენტს წარმოადგენს მხარის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს საკმარისი საშუალებები ჰქონდა გამოყენებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად (მათ შორის მოწმეთა ჩვენებების საშუალებით).
მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ შ. ა-ზე გადაცემული იყო 1992 წელს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, თუმცა, მხარეს არ მოაქვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი პირს უკვე რეგისტრირებული აქვს 2006 წლის გამგეობის ცნობის საფუძველზე ... საკადასტრო კოდით, რომელიც უკვე გასხვისებულია. ამასთან, სასამართლომ არ გამოყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტი, და აღნიშნავს, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ კატეგორიას.
კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაინტერესებულ პირზე რეგისტრირებულია საკარმიდამო მიწის ნაკვეთი #112 ცნობის საფუძველზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, ასევე დაზუსტდა საკადასტრო მონაცემები და დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია სამი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, ერთი საცხოვრებელი. ამასთან, მის მემკვიდრესვე სარეგისტრაციოდ აქვს წარდგენილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით უნდა იყოს საკარმიდამო, თუმცა წარდგენილ აზომვით ნახაზზე არ ფიქსირდება შენობა-ნაგებობის არსებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 24 ნოემბრის #... სადავო გადაწყვეტილებით ჯ. ა-ს (შ. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე) უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე არ იყო წარდგენილი არც საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც შესაბამისი თანხმობა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის გადაგზავნასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქმეზე დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, შ. ა-ს (ჯ. ა-ი არის შ. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე) გარდაბნის რაიონის ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გადაეცა 0,15 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელ ...ში, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება #... ნაკვეთი, სამხრეთით #... ნაკვეთი, აღმოსავლეთით არხი და დასავლეთით გზა. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 8 თებერვლის #21-02-1/17850 წერილის შინაარსიდან გამომდინარე, 2000, 2002, 2003 წლების მონაცემებით, შ. ს. ა-ი აღრიცხულია გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 0,15 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადასახადის გადამხდელად რეფორმით (ქალაქელები).
ასევე დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), უკვე რეგისტრირებულია დაინტერესებული პირის მამკვიდრებლის, შ. ა-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ...ის საკრებულოს 2006 წლის 4 მაისის #112 ცნობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, შ. ა-ს გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში საკუთრების უფლებით ერიცხებოდა 0,27 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (და არა სასოფლო-სამეურნეო) და საცხოვრებელი სახლი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, შ. ა-ს 2 700 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის გარდა გადაეცა თუ არა გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილებით დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით:
- სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის, სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,75 ჰექტარამდე;
- სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,5 ჰექტარამდე;
- ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,15 ჰექტარამდე.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს მითითებული ფართობის გათვალისწინებით, უნდა დაედგინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაცემული იყო თუ არა შ. ა-ისათვის, როგორც ქალაქად მცხოვრებისათვის. აღნიშნულის დადგენა შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვით, იყო თუ არა იგი ჩაწერილი ქალაქ რუსთავში, დადებით შემთხვევაში, დროის რა პერიოდში; შრომის წიგნაკის ჩანაწერით, მუშაობდა თუ არა იგი ქალაქ რუსთავში; ხომ არ გადასულა იგი მუდმივ საცხოვრებლად გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში, რა დროიდან და ხომ არ მომხდარა მისთვის მიწის ნაკვეთის იმ ოდენობით შევსება, რომელიც სოფლად მუდმივად მცხოვრებს ჰქონდა განსაზღვრული.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით უნდა დადგინდეს ჯ. ა-ის მფლობელობაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიაზე მდებარე 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, (ჩრდილოეთით ესაზღვრება ნაკვეთი #..., სამხრეთით ნაკვეთი #..., აღმოსავლეთით არხი და დასავლეთით გზა). ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა შეისწავლოს #... და #... მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და მათი საკუთრების რეგისტრაციისას უფლების დამდგენ დოკუმენტში მოსაზღვრე მიწის ნაკვეთად მითითებულია თუ არა შ. ა-ის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მონაცემები უნდა შედარდეს #112 ცნობის შინაარსით გათვალისწინებულ და დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მონაცემებთან.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 05.02.2019წ. #03168 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.02.2019წ. #03168 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი