Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1073(კს-19) 25 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა

მოსარჩელეები - გი. ს-ი, მ. ს-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით გი. ს-ისა და მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის N1-548 ბრძანება, ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.01171241 გადაწყვეტილება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 3 ოქტომბრის N1-2141 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობისა და გ. ს-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები განსახილველად იქნა მიღებული, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით გ. ს-მა კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრს (მეუღლეს) ჩაბარდა 2019 წლის 17 ივლისს, ვადის დენა 2019 წლის 18 ივლისიდან დაიწყო და 2019 წლის 29 ივლისს ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. გ. ს-ის წარმომადგენელმა კი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს წარუდგინა, ანუ, ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო საჩივარი განხილული ვერ იქნება, სსსკ-ის 416-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ს-ის კერძო საჩივარზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კერძო საჩივრის ავტორს - გ. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 01.08.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით ლ. გ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი