ბს-501-501 (კ-18) 19 სექტემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. კ-ე, ტ. ა-ე, კ. ბ-ი,
პ. ს-ი, ლ. ბ-ი
დავის საგანი – მიუღებელი პენსიის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2018წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ემ, ტ. ა-ემ, კ. ბ-მა, პ. ს-მა და ლ. ბ-მა სასარჩელო განცხადებებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-29/16, №57995-45/16, №57995-23/16, №57995-18/16, №57995-16 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2017წ. განჩინებით მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სასარჩელო განცხადებებზე საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტ. 5.ს.ფ.68).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.2017წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-29/16, №57995-45/16, №57995-23/16, №57995-18/16, №57995-16 გადაწყვეტილებები, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის მიმართ 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, 2013 წლის 1 დეკემბრიდან პენსიის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენლად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები, როგორც საპენსიო ასაკს მიღწეული პირები, იღებდნენ ასაკის საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას, რომლის გაცემაც საჯარო სამსახურში საქმიანობის გამო შეუწყდათ 2013 წლის 1 დეკემბრიდან. მათ 2016 წლის ივლისის თვეში განცხადებებით მიმართეს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, რაზეც თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-29/16, №57995-45/16, №57995-23/16, №57995-18/16, №57995-16 გადაწყვეტილებებით ეთქვათ უარი საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევით და საკასაციო სასამართლოს №ბს-77-75(კ-15) 02.07.2015წ. განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელეები საქმიანობდნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტაში“, რის გამოც მათი საქმიანობა არ ითვლებოდა საჯარო საქმიანობად, მათთვის პენსიის შეწყვეტა არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სზაკ-ის 53.4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გასაჩივრებული აქტების გამოცემას, რაც სზაკ-ის 6011 მუხლის შესაბამისად აქტების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-29/16, №57995-45/16, №57995-23/16, №57995-18/16, №57995-16 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და მოსარჩელეთათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან პენსიის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთათვის პენსიის შეწყვეტის ფაქტის შესახებ ცნობილი იყო 2013 წლის 1 დეკემბრიდან, რაც მათ სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნულის დასტურად სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის ივლისის თვეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი განცხადებებით მოსარჩელეებმა მხოლოდ პენსიის დანიშვნა მოითხოვეს. სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებები ძალაშია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ემ, ტ. ა-ემ, კ. ბ-მა, პ. ს-მა და ლ. ბ-მა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-29/16, №57995-45/16, №57995-23/16, №57995-18/16, №57995-16 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და მოსარჩელეთათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან პენსიის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, დაკმაყოფილდა გაუქმდა მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მათთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 დეკემბრიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო პენსიის მიღება იმ საფუძვლით, რომ ისინი საქმიანობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს ,,დელტაში“, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ იყო სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულება, სადაც დასაქმება არ უნდა მიჩნეულიყო საჯარო საქმიანობად. 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეებს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდათ ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, მათ სრულად უნდა ანაზღაურებოდათ შეწყვეტილი პერიოდის პენსიის თანხა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანი იყო მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის სახით 2013-2016წ.წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილშიც.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს სუს ბს-481-478(2კ-17) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ზიანის სახით დაკისრებული თანხის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. მოსარჩელეებს 2013 წლის დეკემბერში შეუწყდათ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, აღნიშნული პერიოდიდან მათთვის ცნობილი იყო პენსიის შეწყვეტის შესახებ, რაც მათ სადავოდ არ გაუხდიათ 2016 წლამდე. მოსარჩელეებს 2016 წლის ივლისის თვემდე არ მიუმართავთ ადმინისტრაციული ორგანოსთვის პენსიის შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის და პენსიის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. სზაკ-ის 177.2, 180-ე მუხლები ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რაც მოსარჩელეებს არ განუხორციელებიათ 2016 წლამდე. აღნიშნულის გამო არ არსებობდა 2016 წლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე, რაც სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად შეადგენს სამ წელს ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებლობის გარდა მოსარჩელეთა მოთხოვნა არის ხანდაზმულიც, რაც მართებულად გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორი თვლის, რომ დაუსაბუთებელია სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევა. სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ არ არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. თავდაცვის მინისტრის 15.08.2015წ. №25 ბრძანებით დამტკიცებული იქნა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ წესდება, რომლითაც არ არის გათვალისწინებული მისი სამეცნიერო ფუნქცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 09.02.2017წ. #04/8010 წერილით მიმართა „დელტას“ და 27.02.2017წ. #338 წერილობითი პასუხით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ არასწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ მიჩნეული იქნა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად, რის გამოც მ. კ-ეს, ტ. ა-ეს, კ. ბ-ს, პ. ს-ს და ლ. ბ-ს სწორად ეთქვათ უარი სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
საკასაციო სასამართლოს 08.11.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-29/16, №57995-45/16, №57995-23/16, №57995-18/16, №57995-16 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. მითითებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2018წ. გადაწყვეტილება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში განსხვავდებოდა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუს ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ. განჩინება), რაც სასკ-ის 34.3 მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით არ დაკმაყოფილდეს მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. კ-ე, ტ. ა-ე, კ. ბ-ი, პ. ს-ი და ლ. ბ-ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის პარალელურად იღებდნენ ასაკობრივი საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო მათ 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო პენსიის გაცემა. მ. კ-ემ, ტ. ა-ემ, კ. ბ-მა, პ. ს-მა და ლ. ბ-მა 2016 წლის ივლისის თვეში განცხადებებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-29/16, №57995-45/16, №57995-23/16, №57995-18/16, №57995-16 გადაწყვეტილებებით უარი ეთქვათ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.08.2016წ. წერილით მოსარჩელეთა წარმომადგენლის ხ. ხ-ისადმი უარის თქმის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ მ. კ-ე, ტ. ა-ე, კ. ბ-ი, პ. ს-ი და ლ. ბ-ი მუშაობდნენ სსიპ სსსტ ცენტრ „დელტაში“, სადაც საქმიანობა ითვლებოდა საჯარო სამსახურში საქმიანობად, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-29/16, №57995-45/16, №57995-23/16, №57995-18/16, №57995-16 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან გადაწყვეტილების ამ ნაწილზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო სასამართლოს 08.11.2018წ. განჩინებით. აღნიშნულის გამო საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება მხოლოდ მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (5.3 მუხ., 17 მუხ.). იგივე დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (4.3 მუხ., 9.1 „ბ“ ქვეპ.). პენიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ინიშნება.
2013 წლიდან პენსიის გაცემის საფუძველს არ ქმნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. გადაწყვეტილებების უკანონოდ მიჩნევა ქმნის 2013 წლიდან პენსიის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება ქმნის 2016 წლის 1 აგვისტოდან პენსიის მიღების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევის საფუძველს, რაც ავტომატურად არ გულისხმობს 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების უფლების მოპოვებას. საქმის გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მ. კ-ემ, ტ. ა-ემ, კ. ბ-მა, პ. ს-მა და ლ. ბ-მა 2013 წლიდან იცოდნენ სამსახურის გამო მისთვის ასაკის პენსიის შეწყვეტის შესახებ, მათ შეეძლოთ გადაემოწმებინათ პირადი საპენსიო ანგარიში და შემდგომ მოეთხოვათ ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეწყვეტილი პენსიის აღდგენა (პენსიის აღდგენას და ასევე გასული პერიოდისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეული იქნეს პენსიის შეჩერებად).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ი ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას წერილობით ან ზეპირად. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეები თვლიდნენ საჯარო სამსახურის დაწყების გამო პენსიის შეწყვეტას მისი უფლების შეზღუდვად, მათ უნდა მოეთხოვათ აქტის წერილობითი გამოცემა და უნდა გაესაჩივრებინათ აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს 2013 წლის დეკემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო პენსია, მ. კ-ეს, ტ. ა-ეს, კ. ბ-ს, პ. ს-ს და ლ. ბ-ს პენსიის გაუცემლობა წლების განმავლობაში სადავოდ არ გაუხდიათ, მათ არც ყოველთვიური სარგებლის გაუცემლობის სახით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს უმოქმედობა გაუსაჩივრებიათ, არ აღუძრავთ შეცილებითი ან მიკუთვნებითი სარჩელი. სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება სადავო გახადოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული პირისათვის ცნობილი გახდა მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2013 წლის 01 დეკემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ისათვის ცნობილი იყო შემდეგ პერიოდში ყოველთვიური პენსიის შეწყვეტის გაუცემლობის ფაქტი (აღნიშნულის უარსაყოფად მოსარჩელეები არ უთითებენ რაიმე მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე). წლების განმავლობაში პენსიის მიუღებლობა ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეთათვის უთუოდ ცნობილი იყო მისი შეწყვეტის შესახებ, აღნიშნულს თავად მოსარჩელეებიც ადასტურებენ, რომლებიც სასარჩელო განცხადებებში აღნიშნავენ, რომ პენსიის 2013 წელს შეწყვეტის მიზეზის გასარკვევად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის ივლისის თვეში მიმართეს. თვით ის ფაქტი, რომ მ. კ-ეს, ტ. ა-ეს, კ. ბ-ს, პ. ს-ს და ლ. ბ-ს სადავოდ არ გაუხდიათ პენსიის შეწყვეტა 3 წლის განმავლობაში, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათ იცოდნენ პენსიის შეწყვეტის შესახებ და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის პრეტენზია არ წარუდგენიათ 2016 წლის ივლისამდე. მანამდე პენსიის შეწყვეტა არ გაუსაჩივრებიათ როგორც უკანონო ადმინისტრაციული აქტი (სასკ-ის 22-ე მუხ.), როგორც ვირტუალური ადმინისტრაციული აქტი (სზკ-ის 177-ე მუხ.) ან როგორც უკანონო ქმედება (სასკ-ის 24-ე მუხ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. არ დასტურდება მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სასამართლოსადმი მიმართვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა. არ დგინდება, რომ მათ 2016 წლის ივლისის თვემდე პენსიის შეწყვეტა ანუ მათი უფლებების ხელყოფა რაიმე ფორმით სადავოდ გახადეს ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში.
პენსიის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში იმავე საფუძვლით პენსიის დანიშვნა არ ნიშნავს პენსიის აღდგენას. პენსიის განახლება დასაშვებია პენსიის შეჩერების შემთხვევაში („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ე-16 მუხ.), შეჩერებული პენსიის განახლება მოხდება პენსიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, ხოლო პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში ხდება მისი ახლიდან დანიშვნა.
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით სასამართლომ ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა და მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ანალოგიურ ვითარებას აქვს ადგილი პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, არ დგინდება პენსიის ზიანის ანაზღაურების საფუძველის არსებობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ პენსიის შეწყვეტაზე პრეტენზიის 2016 წლის ივლისის თვეში დასმით მ. კ-ემ, ტ. ა-ემ, კ.ბ-მა, პ. ს-მა და ლ. ბ-მა მოიპოვეს პენსიის მიღების უფლება სააგენტოსადმი მიმართვის მომდევნო (2016 წლის აგვისტო) თვიდან („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 14.2 მუხ.) და არა 2013 წლის 01 დეკემბრიდან. პენსიის შეწყვეტას მ. კ-ე, ტ. ა-ე, კ. ბ-ი, პ. ს-ი და ლ. ბ-ი დაეთანხმნენ, მათ არ გაუსაჩივრებიათ პენსიის შეწყვეტა, რის გამოც 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის სახით თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს 01.12.2013წ.-01.08.2016წ. პერიოდში მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძვლები. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება მითითებულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუს #ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ., ბს-887-883 (კ-17) 15.03.2018წ. განჩინებები).
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რაც მოცემულ შემთხვევაში გასული არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას ხანდაზმულად არ მიიჩნევს. ზემოთმითითებული საფუძვლების გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობილ ნაწილში სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 -ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2018წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სარჩელი 01.12.2013წ.-01.08.2016წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მ. კ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის, პ. ს-ის და ლ. ბ-ის სარჩელი 01.12.2013წ.-01.08.2016წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი