საქმე =ბს-419-539-კ-03 15 ოქტომბერი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს ,,...-ს“ განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ
გამოარკვია:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.2004წ. გადაწყვეტილებით სსიპ … ,,…ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.05.2003წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ … ,,…ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა 23 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.
13.02.2014წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,...-ს“ დირექტორმა გ.ჯ-ემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.2004წ. გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რაზეც ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საქმეზე 24.03.2004წ. გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის დედანი გადაგზავნილია თბილისის სააღსრულებო ბიუროში.
28.04.2014წ. საკასაციო სასამართლოს განმეორებით მომართა შპს ,,...-ს“ დირექტორმა გ.ჯ-ემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხის შესწავლა, სააღსრულებო ფურცლისა და გადაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებების ასლების მიწოდება, რის შესახებაც განმცხადებელს განემარტა, რომ სააღსრულებო ფურცლის დედანი 24.03.2004წ. გადაგზავნილი იყო თბილისის სააღსრულებო ბიუროში, რისი დამადასტურებელი გზავნილის ასლიც გადაეგზავნა განმცხადებელს.
15.10.2015წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,...-ს“ დირექტორმა გ.ჯ-ემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცლის დედანი დაკარგულია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად განმცხადებელმა წარმოადგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 28.07.2014წ. წერილი, რომლის მიხედვით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმის წარმოებისა და საინფორმაციო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სააღსრულებო წარმოება, სადაც კრედიტორია … ,,…ა“, ხოლო მოვალე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრირებული არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2016წ. განჩინებით შპს „...-ს“ უარი ეთქვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ სათანადო წესით არ დასტურდებოდა კრედიტორის უფლებამონაცვლეობა. განმცხადებელს განემარტა უფლებამონაცვლეობის სათანადო წესით დადასტურების საჭიროება.
22.04.2019წ. უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „...-მ“ და ისევ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.05.2019წ. განჩინებით შპს ,,...-ს“ განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
10.06.2019წ. შპს „...-მ“ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით და წარმოადგინა კრედიტორის უფლებამონაცვლეობის დამდგენი დოკუმენტაცია. შპს-მ მოითხოვა აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გამოცემის შემდეგ, სასამართლოს მიერ მისი სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნა.
მითითებული განცხადების განხილვის მიზნით საკასაციო პალატამ წერილობით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მოვალის უფლებამონაცვლეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა მათ წარმოედგინათ ინფორმაცია 26.02.2004წ. Nბს-419-539-კ-03 გადაწყვეტილებისა და 24.03.2004წ. Nბს-419-539-კ-03 სააღსრულებო ფურცლის შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების, სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და მიმდინარეობის, დაკისრებული თანხის გადახდის შესახებ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო პალატისათვის ინფორმაცია არ მოუწოდებია, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის Nბ-1056-19 წერილით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეცნობა, რომ 26.02.2004წ. Nბს-419-539-კ-03 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს სარეგისტრაციო ჟურნალში და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმდინარე და საარქივო მასალებში არ მოიძებნა. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან განმეორებით იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია 26.02.2004წ. Nბს-419-539-კ-03 გადაწყვეტილებისა და 24.03.2004წ. Nბს-419-539-კ-03 სააღსრულებო ფურცლის შესასრულებლად სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და დაკისრებული თანხის გადახდის შესახებ, სამინისტროს ეთხოვა აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. სამინისტროს Nბ-1213-19 წერილით უზენაეს სასამართლოს ეცნობა, რომ გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის მოძიება შეულებელია ხანდაზმულობის გამო, ხოლო სამინისტროს მონაცემებით მას არ ერიცხება დავალიანება … „…ის“ ან მისი სამართალმემკვიდრის შპს „...-ს“ მიმართ. სამინისტროს მომართვაზე რაიმე დოკუმენტაცია თანდართული არ ყოფილა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სსიპ … „…ის“ ან მისი უფლებამონაცვლის - შპს „...-ს“ სასარგებლოდ თანხების გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან. სახაზინო სამსახურის Nბ-1307-19 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების დასაფარად, ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საინკასო დავალებით თანხის იძულებით ჩამოჭრა არ განხორციელებულა, ხოლო დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ ინფორმაცია ექნება თავად საბიუჯეტო ორგანიზაციას.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე ან მის უფლებამონაცვლეზე (21.1, 24 მუხ.). განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 01.03.2005წ. N1-1/250 და 04.05.2005წ. N1-1/647 ბრძანებებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათით დასტურდება, რომ სახელმწიფო ქონების ბაზაზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა შპს „...“, რომელიც მიჩნეულ იქნა სსიპ … „…ას“ სამართალმემკვიდრედ. ამდენად, დასტურდება, რომ განმცხადებელი კრედიტორის უფლებამონაცვლეა, შესაბამისად მას აქვს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის მოთხოვნის უფლება. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განმცხადებელს დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილ 15.10.2015წ. და 22.04.2019წ. განცხადებებზე უფლებამონაცვლეობის დამდგენი დოკუმენტაცია (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებები) არ დაურთავს, ხოლო სასამართლოს არ ჰქონდა პროცესუალური ვალდებულება თავად მოეძიებინა შპს-ს განცხადების საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე 15.10.2015წ. განცხადების დაკმაყოფილებაზე საკასაციო პალატის მიერ 11.02.2016წ. გაჩინებით უფლებამონაცვლეობის დაუდგენლობის მოტივით უარის თქმის შემდგომ შპს „...-ს“ 2019 წლის აპრილამდე სასამართლოსათვის აღარ მოუმართავს. დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით შემდგომი განცხადება საკასაციო პალატაში წარდგენილ იქნა სამ წელზე მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ - 22.04.2019წ. და განცხადებაზე კვლავ არ იყო დართული უფლებამონაცვლეობის დამდგენი დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე სასამართლო იხილავს შპს „...-ს“ 10.06.2019წ. განცხადებას, რომელზე თანდართული დოკუმენტები უფლებამონაცვლეობას ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი, რომელიც უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემაში, იძულებით აღსრულების მოთხოვნაში და სხვ. (იხ.მაგ.: სუსგ 02.03.2018წ. Nას-170-170-2018, 13.04.2017წ. Nას-7-7-2017, 09.02.2015წ. Nას-67-61-2015). განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს უზენაესი სასამართლოს 24.02.2004წ. (საქმე #ბს-419-539-კ-03) გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას. სსკ-ის 264.3 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის დაუყონებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. ამდენად, მართალია, 24.02.2004წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 10 წელზე მეტი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში - 24.03.2004წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი და გაიგზავნა თბილისის სააღსრულებო ბიუროში იძულებითი აღსრულების მიზნით, რაც ადასტურებს უფლებამოსილი პირის მიერ ხანდაზმულობის 10-წლიან ვადაში გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. დუბლიკატის გაცემის ნორმატიული შესაძლებლობის შემოღება განაპირობა კრედიტორის უფლებამ, იძულებითი აღსრულების დაწყებამდე, სააღსრულებო ფურცლის დედნის დაკარგვის შემთხვევაში მიიღოს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი და მისი წარდგენით მოითხოვოს აღსრულების დაწყება. უკეთუ სააღსრულებო ფურცლის დედანი უკვე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, აღარ არსებობს მისი განმეორებით გაცემის წინაპირობა (იხ. სუსგ 05.03.2014წ. №ას-11-11-2014). განსახილველ შემთხვევაში მართალია დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.2004წ. გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა და მისი თბილისის სააღსრულებო ბიუროში გაგზავნა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით არ დასტურდება აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის ჩაბარება, სააღსრულებო წარმოების დაწყება, სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება. ამასთანავე, მართალია მოვალე უთითებს დავალიანების არარსებობაზე, თუმცა ვერ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, არ დგინდება სამინისტროს მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით რაიმე ქმედებების განხორციელება, კრედიტორისათვის თანხის ანაზღაურება, საინკასო დავალების საფუძველზე თანხის იძულებით ჩამოჭრა.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სკ-ის 142.1 მუხლით განსაზღვრული 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გარდა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის რეალიზაციის დაწყების ვადაა, არსებობს აგრეთვე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვადები, რომელთა გასვლა დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას იწვევს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება წყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს გამონაკლისს და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მითითებული წესი არ ვრცელდება ისეთ სააღსრულებო საქმეებზე, რომელშიც მოვალე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტია. განსახილველ შემთხვევაში ერთი მხრივ არ დასტურდება სააღსრულებო წარმოების დაწყება, თუმცა სააღსრულებო წარმოების დაწყებულად მიჩნევის შემთხვევაშიც არ იარსებებდა აღსრულების ვადის გასვლის გამო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „...-ის“ მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გამოწერის შემდეგ სასამართლოს მიერ მისი სააღსრულებო ბიუროსათვის გადაცემის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადასცემს კრედიტორს (21.2 მუხ.), სააღსრულებო წარმოება იწყება იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (25.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში კრედიტორია შპს „...“, შესაბამისად, სწორედ იგია უფლებამოსილი სასამართლოსაგან მიიღოს და ორგანოში წარადგინოს სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების მიზნით. ამდენად, არ არსებობს შპს „...-ს“ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების, სასამართლოს
მიერ კრედიტორის ნაცვლად სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენის ფაქტობრივი ან ნორმატიული საფუძველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...-ს“ განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.2004წ. Nბს-419-539-კ-03 გადაწყვეტილებაზე გაიცეს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი (კრედიტორის უფლებამონაცვლე: შპს „...“, მოვალის უფლებამონაცვლე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო);
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ.როინიშვილი