Facebook Twitter

ბს-501-501 (კ-18) 08 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2018წ. გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-ემ, ლ. ბ-მა, ტ. ა-ემ, კ. ბ-მა და პ. ს-მა სასარჩელო განცხადებებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელე მ. კ-ემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 21.07.2016წ. №57995-29/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2016 წლის 01 აგვისტოდან მ. კ-ისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენიის ანაზღაურება.

მოსარჩელე ლ. ბ-მა მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 21.07.2016წ. №57995-45/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2016 წლის 01 აგვისტოდან ლ. ბ-ისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენიის ანაზღაურება.

მოსარჩელე ტ. ა-ემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 25.07.2016წ. №57995-16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2016 წლის 01 აგვისტოდან ტ. ა-ისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენიის ანაზღაურება.

მოსარჩელე კ. ბ-მა მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 21.07.2016წ. №57995-18/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2016 წლის 01 აგვისტოდან კ. ბ-ისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენიის ანაზღაურება.

მოსარჩელე პ. ს-მა მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 21.07.2016წ. №57995-23/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2016 წლის 01 აგვისტოდან პ. ს-ისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენიის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2017წ. განჩინებით მითითებული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.2017წ. გადაწყვეტილებით თითოეული მოსარჩელის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელეთა მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა 2016 წლის 01 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენიის ანაზღაურების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ემ, ლ. ბ-მა, ტ. ა-ემ, კ. ბ-მა, პ. ს-მა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მ. კ-ის, ლ. ბ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის და პ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. კ-ის, ლ. ბ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის და პ. ს-ის სასარგებლოდ ზიანის სახით 01.12.2013წ. – 01.08.2016წ. მიუღებელი თანხის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს ბს-618-614 (2კ-17) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ზიანის სახით დაკისრებული თანხის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. მოსარჩელეებს 2013 წლის დეკემბერში შეუწყდათ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა და მათ სადავოდ არ გაუხდია კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. პენსიის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით 2016 წლამდე არ მოუმართავთ ორგანოსთვის.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევას. სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ არ არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. თავდაცვის მინისტრის 15.08.2015წ. №25 ბრძანებით დამტკიცებული იქნა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ წესდება, რომლითაც არ არის გათვალისწინებული მისი სამეცნიერო ფუნქცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 09.02.2017წ. #04/8010 წერილით მიმართა „დელტას“ და 27.02.2017წ. #338 წერილობითი პასუხით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ არასწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ მიჩნეული იქნა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად, რის გამოც მოსარჩელეებს სწორად ეთქვათ უარი სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. ამასთან, მითითებულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია სხვა დავებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში, არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ხსენებულ ნაწილთან მიმართებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დავის ხსენებულ ნაწილში არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ კანონის 5.1 მუხლის თანახმად საპენსიო ასაკს მიღწეულმა მოსარჩელეებმა - მ. კ-ემ, ლ. ბ-მა, ტ. ა-ემ, კ. ბ-მა და პ. ს-მა 2016 წლის ივლისის თვეში ინდივიდუალური განცხადებებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თხოვნით. სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 21.07.2016წ. გადაწყვეტილებებით უარი ეთქვათ სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ ისინი მუშაობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“. აღნიშნულ სსიპ-ში მუშაობა მიჩნეული იქნა საჯარო საქმიანობად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე საკითხზე მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილება, რომლითაც სამართლებრივი შეფასება მიეცა განსახილველი დავის იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს და მიჩნეული იქნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებით, თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით და სახელწოდებით უდასტურდება საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს მითითებულ ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 21.07.2016. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუს ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ. განჩინება), რაც 34.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობაა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული სასკ-ის 34.3 მუხლის საფუძველზე და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 21.07.2016. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან მ. კ-ის, ლ. ბ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის და პ. ს-ისთვის სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის მ. კ-ის, ლ. ბ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის და პ. ს-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; მითითებულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2018წ. გადაწყვეტილება;

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მ. კ-ის, ლ. ბ-ის, ტ. ა-ის, კ. ბ-ის და პ. ს-ის სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი