Facebook Twitter

საქმე Nბს-1400(გ-18) 29 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოპასუხე _ შპს „...ო“

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 17 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...ოს“ მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ოს“ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 911 325 აშშ დოლარისა (ეკვივალენტი ლარებში) და 2 253 500 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება და ზიანის ანაზღაურების (მიუღებელი საბანკო გარანტიის სახით) 162 037 50 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ოდენობით დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი „...ოს“ მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ოს“ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების შესრულებასთან ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადად, თუ იგი ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. მხარეთა შორის 2011 წლის 25 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე კი, იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, მისი შესრულება არ არის დაკავშირებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან. ამდენად, სადავო ურთიერთობა სამოქალაქო-სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯაოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასამართლომ მიუთითა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას დავის ადმინისტრაციულ - სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. სასამართლომ მიუთითა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა - მხარეთა შორის 2011 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე - გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N1-1/1537 ბრძანებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს ,,...ოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრისა და 24 ნოემბრის განკარგულებების საფუძველზე. შესაბამისად, სახეზეა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობა, რაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის N1046 განკარგულების თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება და საჯარო სამართლებრივი ხასიათისაა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯადია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანების), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანია - მხარეთა შორის 2011 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 911 325 აშშ დოლარისა (ეკვივალენტი ლარებში) და 2 253 500 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება და ზიანის ანაზღაურების (მიუღებელი საბანკო გარანტიის სახით) 162 037 50 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ოდენობით დაკისრება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით; ხოლო ამავე კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამდენად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა - მხარეთა შორის 2011 წლის ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 911 325 აშშ დოლარისა (ეკვივალენტი ლარებში) და 2 253 500 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება და ზიანის ანაზღაურების (მიუღებელი საბანკო გარანტიის სახით) 162 037 50 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ოდენობით დაკისრების თაობაზე - გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N1-1/1537 ბრძანებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს ,,...ოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრისა და 24 ნოემბრის განკარგულებების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი ეხება სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას, საკუთრებაში კერძო პირისთვის გადაცემას და არა სარგებლობის უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებული საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართლოწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...ოს“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე