Facebook Twitter

საქმე #ბს-1511(გ-18) 19 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოპასუხე _ შპს „...“

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 31 იანვარს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...-ის“ მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2007 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N47 და N48 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სააგენტოს სასარგებლოდ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის გამო ფულადი ანაზღაურების ჯამში 11230.53 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...-ის“ მიმართ, განსჯადობით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირები, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს ,,...-ს“ შორის 2007 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N47 და N48 იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების შესრულებასთან ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადად, თუ იგი ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსიდან გამომდინარე განისაზღვრება. არსებითია, თუ როგორია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან დადგენილი მოთხოვნების სამართლებრივი ბუნება. ამდენად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან და სადავო ვალდებულებიდან გამომდინარე იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, არამედ ამ ხელშეკრულებით მხარეები კერძო სამართლის სუბიექტებად გვევლინებიან და სადავო ურთიერთობა სამოქალაქო-სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასამართლომ მიუთითა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს, გარდა იმისა, რომ დავის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება დაიდო 1997 წლის 30 მაისის ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონისა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამამრთველოს 2007 წლის 30 ნოემბრის N47 და N48 ხელშეკრულებების საფუძველზე, ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯადია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანების), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანია - მხარეთა შორის 2007 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის გამო ფულადი ანაზღაურების ჯამში 11230.53 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით; ხოლო ამავე კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამდენად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 30.11.2007 წელს N47 იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით, შპს „...-ს“ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით, 25 100 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ტრაქტორი და 1 სხვა მოწყობილობა. ასევე, 30.11.2007 წელს N48 იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით, შპს „...-ს“ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით, 24 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ტრაქტორი და 1 სხვა მოწყობილობა. აღნიშნული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება სამოქალაქო-სამართლებრივია, რადგან მასში არ იკვეთება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი. საკასაციო პალატა არ იზიარებს მითითებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას, შესაბამისად, უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი. ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ კანონის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება იყო ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. პრივატიზაციის პროცესი სცილდება კერძოსამართლებრივ სფეროს, ამ ურთიერთობაში სახელმწიფო არ გამოდის ურთიერთობის თანასწორ მონაწილედ, კერძო პირად. იჯარა-გამოსყიდვა წარმოადგენს პრივატიზაციის ერთ-ერთ ფორმას. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ. N1-3/152 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ დებულების თანახმად, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდვამდე მოიჯარისთვის სამეურნეო და სხვა საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვისათვის, ტერიტორიალური ფასეულობის ვადიანი და სასყიდლიანი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების მინიჭება (1-ლი მუხ.). ამასთანავე, იჯარა-გამოსყიდვა ეხება განსახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ქონების კერძო პირის საკუთრებაში გადაცემას. აღნიშნული დებულების მე-5 მუხლით დადგენილია მოიჯარის ვალდებულება იჯარა-გამოსყიდვით აღებული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას საკონკურსო პირობებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მოიჯარე იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმდება დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0,1%-ით. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი და საკონკურსო პირობები ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე (საქართველოს პრეზიდენტის 17.11.1997წ. N671, 22.11.1998წ. N654, 19.08.2010წ. N659, 27.09.2012წ. N898 ბრძანებულებები) განისაზღვრებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის -სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნება საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს. მხარეთა შორის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება დადებულია ,,სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ 30.05.1997წ. კანონის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ. N1-3/152 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ საფუძველზე, ამდენად, სახეზეა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი დავა, ხოლო პრივატიზების ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებული საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართლოწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...-ის“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე