Facebook Twitter

საქმე №ბს-24 (კ-19) 26 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. რ-ე, დ. ხ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. რ-ემ და დ. ხ-ემ 2017 წლის 21 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს ჯ. რ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელზე მისაღები გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება 1460 ლარისა და 89 თეთრის ოდენობით, ხოლო დ. ხ-ისთვის ხელზე მისაცემი გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება 945 ლარისა და 42 თეთრის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. რ-ისა და დ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ჯ. რ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი 846 ლარის და 3 თეთრის ოდენობით ანაზღაურება. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა დ. ხ-ის სასარგებლოდ 1998-1999 წლების ხელზე გასაცემის ხელფასის - 473 ლარის და 42 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელეებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინეს 2017 წლის 06 ნოემბერს და 13 ნოემბერს, ანუ იმ დროს, როდესაც მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, რომელშიც აღარ არის მითითებული 2005 წლის 01 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი, მასზე უნდა გავრცელდეს ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელშიც ძველი სახელფასო დავალიანება აღარ არის აღიარებული.

კასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო პალატამ შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ცნობები სახელფასო დავალიანების შესახებ, რადგან აღნიშნული ცნობები არ არის ვალის აღიარება და ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი.

კასატორი მიუთითებს, რომ „საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“. სახელფასო დავალიანების ხანდაზმულობის საკითხზე, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა, ანუ: ხელფასის გაცემის ვალდებულებას უნდა მიეცეს სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, რომელზეც უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა (სსკ-ის 129-ე მუხლი). კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეებმა სარჩელით სასამართლოს მიმართეს 2017 წლის დეკემბერში. ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მათ გაშვებული ჰქონდათ, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნათა საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადაც, რაც ასევე გათვალისწინებული არ ყოფილა გადაწყვეტილების მიღების დროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინიტროსათვს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 1998-2000 წლების ხელფასის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გაუსაჩივრებია. ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-… ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 20 ნოემბრის MOD 9 17 01115487 ცნობის თანახმად, დ. ხ-ის მიმართ დარიცხული სახელფასო დავალიანება, 1998 წლის (პრემია, ხელფასი, კვების კომპენსაცია) 1999 წლის (პრემია, ხელფასი, კვების კომპენსაცია) შეადგენს - 1 157,78 ლარს. აქედან ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 945,42 ლარს, მათ შოროს კვების კომპენსაცია - 472 ლარს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 2017 წლის 6 დეკემბრის MOD 2 17 01169319 ცნობის თანახმად, ჯ. რ-ის მიმართ, 1998 წლის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი) დარიცხული სახელფასო დავალიანება (ხელფასი, კვება, ჯილდო, მატ.დახ.) შეადგენს - 1 751,71 ლარს აქედან ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 1 460,89 ლარს, მათ შოროს ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია - 614,59 ლარს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სარჩელი აღძრულია 2017 წლის 21 დეკემბერს - „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან (128 მუხ.) მითითებული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლის თანახმად რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება დავის გადაწყვეტისას ახალი კანონის რეგულაციების გამოყენების თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, რამდენადაც საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას და საქმის განხილვის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონზე მითითება არ შეიძლება გახდეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე