Facebook Twitter

#ბს-1586(კ-18) 25 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 11 იანვარს შპს „...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ შპს „...ოს“ 2015 წლის 7 ოქტომბრის #98811 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის #14 საოქმო გადაწყვეტილების, „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების თანახმად, შპს „...ოში“ 2015 წლის 9 სექტემბრის 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების #43 აქტის (იმ ნაწილში, რომელიც ძალაში დარჩა და სრულად გაბათილებული არ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი განმხილველი კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის #14 საოქმო გადაწყვეტილებით), შპს „...ოში“ „2015 წლის 9 სექტემბრის 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების #43 აქტის შესწორების შესახებ“ 2015 წლის 9 დეკემბრის #43/1-2015 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელეს წარმოდგენილ სარჩელში დაფიქსირებული აქვს თავისი პოზიცია ყველა იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია კომისიის აქტის სამოტივაციო ნაწილის პირველ პუნქტში. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, იმისათვის, რომ მოხდეს დადგენილების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის დადგენა, შემმოწმებლის მიერ მითითებულ უნდა იქნეს უშუალოდ დოკუმენტაციის ან იმ მონაცემების ისეთ უზუსტობაზე, რომელიც რომ არ ყოფილიყო, სახეზე იქნებოდა დადგენილების მე-15 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ეს რომ ასეა მიუთითებს თავად მთავრობის 36-ე დადგენილების მე-19 მუხლის 21-ე ნაწილი, რომელიც იცნობს მექანიკურ შეცდომას და თვით მექანიკური შეცდომის შედეგებიდან გამომდინარე საშუალებას აძლევს შემმოწმებელს დაადგინოს სანქცია.

მოსარჩელის მითითებით, კომისიამ არ გამიჯნა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც მითითებული იყო ადმინისტრაციულ საჩივარში. ეს არის ე.წ. „მექანიკური შეცდომა“ სინამდვილის შეუსაბამო გარემოებისაგან და შემთხვევების მიხედვით, ინდივიდუალურად არ მიუთითა შესაძლებელი იყო თუ არა შემოწმების აქტში მითითებული „დარღვევების“ გამოვლენა ინსპექტირების მომენტში.

მოსარჩელის მითითებით, მიმწოდებელს აქვს უფლება გამოასწოროს დარღვევები განმახორციელებლისათვის სამედიცინო დოკუმენტაციის გადაგზავნის შემდეგ. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ამ შესაძლებლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან, ერთი მხრივ, მიმწოდებელს განუსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ და მეორე მხრივ, მას აძლევს საშუალებას გაასწოროს დარღვევები ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მოსარჩელის განმარტებით, საჩივრის განმხილველმა კომისიამ არ განსაზღვრა მექანიკური შეცდომის კრიტერიუმები, რომელსაც განსაზღვრავს 36-ე დადგენილების 19.21 მუხლი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის #14 საოქმო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „...ოს“ 2015 წლის 7 ოქტომბრის #98811 ადმინისტრაციული საჩივარი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების თანახმად, შპს „...ოში“ „2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების 2015 წლის 9 სექტემბრის #43 აქტის შესწორების შესახებ“ 2015 წლის 9 დეკემბრის #43/1-2015 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 53-მე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა, რომ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჩივრის განმხილველმა ორგანომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ ის არეგულირებს ასევე კონტროლის მექანიზმებს, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს დავის საგანს. კასატორი მიუთითებს #36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ შემთხვევის შესახებ მონაცემები ნამდვილია, თუ იგი ასახავს სწორ ინფორმაციას არა მხოლოდ პაციენტის პირად რეკვიზიტებზე, შემთხვევის დაწყებისა და დასრულების თარიღზე, დიაგნოზზე, არამედ პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების მოცულობაზე, მათ შორის, ჩარევებზე, დიაგნოზის დაზუსტებაზე, კვლევებზე, მომსახურების კანონმდებლობით გათვალისწინებულ დონეებზე და ა.შ. ამასთან, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების და შემთხვევების მონიტორინგის ეტაპები გამორიცხავენ სამედიცინო შემთხვევების ისეთი შემოწმების შესაძლებლობას, რასაც ითვალისწინებს პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი. ზედამხედველობის ამ ეტაპზე განმახორციელებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოახდინოს მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის შედარება და შემოწმება გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობა პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასა და პროგრამის სხვა მოთხოვნებთან.

ამასთან, კასატორი მიუთითებს პროგრამის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის მე-11 და მე-5 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოების მიერ დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

დადგენილია, რომ შპს „...ოში“ შერჩევითი შემოწმება დაიწყო 2015 წლის 22 ივნისს და დასრულდა 2015 წლის 9 სექტემბერს, რაზეც 2015 წლის 9 სექტემბერს შედგა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების თანახმად, შპს „...ოში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 9 სექტემბრის შერჩევითი შემოწმების #43 აქტი. მოსარჩელის მიერ 2015 წლის 9 სექტემბრის შერჩევითი შემოწმების #43 აქტი გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ხოლო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის #14 საოქმო გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ 2015 წლის 7 ოქტომბრის #98811 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა 2015 წლის 9 სექტემბრის შემთხვევების შემოწმების #43 აქტში განახორციელეს საჯარიმო სანქციების ხელახლა გადათვლა და დაზუსტება.

შპს „...ოს“ პოზიციით, 2015 წლის 5 ნოემბრის #14 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის პირველი პუნქტი ეხება შემოწმების აქტის 1-ლ, მე-6, მე-8-21-ე, 23-ე, 30-ე, 33-ე, 38-ე-56-ე პუნქტებში მოცემულ შემთხვევებს, რომელიც საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული სწორად, კერძოდ, საავადმყოფოს მოსაზრებით, კომისიამ არ გამიჯნა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორიცაა ე.წ. „ტექნიკური შეცდომა“ სინამდვილის შეუსაბამო გარემოებისაგან და შემთხვევების მიხედვით ინდივიდუალურად არ მიუთითა შესაძლებელი იყო თუ არა შემოწმების აქტში მითითებული „დარღვევების“ გამოვლენა ინსპექტირების მომენტში.

სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით. ხოლო, „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

ამავე დადგენილების 21-ე მუხლი განსაზღვრავს მომსახურების მოცულობას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ამ დადგენილების დანართი #1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას დანართი #1.1-ის და #1.2-ის შესაბამისად; დანართი #1.2-ის შესაბამისად, დგინდება პირველი, მე-2 და მე-3 დონეების განმარტებები პაციენტის საჭიროებების მიხედვით. პროგრამის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნების შემთხვევაში მომსახურება ანაზღაურდება შემდეგნაირად: ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დონეების ცვლილების ან/და პაციენტის სხვა განყოფილებაში გადაყვანისას - დღის მომსახურების ღირებულების გადაანგარიშება მოხდება პროგრამული შემთხვევის ფარგლებში გატარებული სრული საათის რაოდენობის მიხედვით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის გათვალისწინებით, ზემოხსენებული ნორმატიული აქტის მე-19 მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების მართლზომიერებისა და კანონიერების დადგენის მიზნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა განიხილოს და შეაფასოს თითოეული გასაჩივრებული (გაბათილებულის გარდა) შემთხვევა, ამავე ნორმატიული აქტის მე-15 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განსაზღვროს ადგილი აქვს თუ არა ასანაზღაურებელ შემთხვევას, ან სახეზეა თუ არა შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ან სრულად ანაზღაურებას, უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნებას თუ დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრებას. ამასთან, უნდა განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა ადგილი ჰქონდეს ამავე ნორმატიული აქტის მე-19 მუხლის 21-ე პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკური შეცდომის არსებობას. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა შეფასდეს და დასაბუთდეს, დიაგნოზისა და ჩარევის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის დადგენისას, რომელ სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს უტყუარად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 11.02.2019წ. #04817 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.02.2019წ. #04817 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი