Facebook Twitter

საქმე №ბს-188(კ-19) 7 მაისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-ემ 2018 წლის 15 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD9 18 00183365 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალება გ. კ-ეს ჩაუთვალოს 1992 წლის 08 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე ნამსახურობის პერიოდი წელთა საერთო ნამსახურობაში; ამასთან, 1993 წლის 08 აპრილიდან 22 აპრილამდე და 1993 წლის 03 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვალოს განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდეს სამ დღედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. კ-ის ნამსახურობასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის №183365 აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კანონის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

გ. კ-ის წელთა ნამსახურობა პირადი საქმის თანახმად, 1993 წლის 08 აპრილიდან 22 აპრილამდე, 03 ივნისიდან 06 სექტემბრამდე, 1998 წლის 08 ივნისიდან 2005 წლის 18 თებერვლამდე, 2005 წლის 19 თებერვლიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე შეადგენს 20-ზე ნალებს (18 წელსა და 10 თვეს),ამასთან გ. კ-ე დათხოვნილია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

ვინაიდან „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათიოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ მე-11 მუხლში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია სამხედრო სამსახურში ნამსახურობა 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, ხოლო გ. კ-ის ნამსახურობა შეადგენს 18 წელს და 10 თვეს ანუ 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს, შესაბამისად იგი ვერ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.

გარდა ამისა კასატორი აღნიშნავს, რომ საშეღავათო პერიოდი მას შემდეგ ჩაითვლებოდა მოსარჩელეს ნამსახურების საერთო სტაჟში, როდესაც მას მიენიჭებოდა კომპენსაციის მიღების უფლება (აშნიშნული აისახება მხოლოდ კომპენსაციის თანხის ოდენობაზე და არა წლების დაანგარიშებაზე) კერძოდ, „სამხედრო,შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით საშეღავათო პერიოდი (სამოქალაქო სასწავლებელი სწავლის პერიოდი, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი და სხვა) იმ შემთხვევაში ჩაითვლება საერთო ნამსახურობაში თუ მოსარჩელის ნამსახურება იქნება (შეიარაღებულ ძალებში) 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

შესაბამისად, კასატორის აღნიშვნით, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ერთი დღის ნამსახურობის სამ დღედ ჩათვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკაცსაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ გ. კ-ე სამხედრო სამსახურში იყო 1992 წლის 08 ოქტომბრიდან, მან გაიარა შესაბამისი წვრთნები და 1993 წლის 08 აპრილიდან მონაწილეობას იღებდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, კერძოდ, 1993 წლის 08 აპრილიდან 22 აპრილამდე და 03 ივნისიდან 06 ივლისამდე, ხოლო 06 ივლისს იგი ტყვედ ჩავარდა, საიდანაც გათავისუფლდა 1993 წლის 26 სექტემბერს. 1993 წლის 30 ივნისიდან მას მიენიჭა სამხედრო წოდება „კაპიტანი“.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილებით გ. კ-ეს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ვინაიდან 1993 წლის 8 აპრილიდან 22 აპრილამდე, 3 ივნისიდან 6 სექტემბრამდე, 1998 წლის 8 ივნისიდან 2005 წლის 18 თებერვლამდე, 2005 წლის 19 თებერვლიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს (18 წელი და 10 თვე).

საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, საქართველოს ეროვნული გვარდიის კავშირის თავმჯდომარის, არმიის გენერალის თ. კ-ის 2000 წლის 12 მაისის №1/226 შუამდგომლობით, 2003 წლის 12 ივნისის №7/510 საბრძოლო მოკვლევით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება გ. კ-ის საომარ მდგომარეობაში მონაწილეობის ფაქტი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნამსახურობის დაანგარიშება არ განხორციელდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული წესით კი განსაზღვრულია, რომ სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივსრი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე