საქმე Nბს-300(კ-19) 21 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ…ი“ (მოსარჩელე)
მესამე პირი - შპს „თ…ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „გ...მა“ 2017 წლის 15 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №1464 შპს ,,გ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს „გ…ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 17 მაისის №1464 განკარგულების მოქმედება სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნული გაჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „თ…ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „გ…ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ…მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ…ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „გ…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №61464 განკარგულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „გ…ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქმედებას ხელშეკრულების დადების მიზნით, რაც დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციიდან, კერძოდ, შპს ,,გ…მა“ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა დაზუსტებული დოკუმენტაცია - შპს ,,გ…მა“ წარადგინა ნაგავშემკრები კონტეინერის ხარისხის სერტიფიკატი (D… ...), გაცემული „D… …“ ორგანიზაციის მიერ. ორგანიზაცია „D…-ს“ 2017 წლის 17 მარტის ელექტრონული წერილით შპს „თ…ს“ ეცნობა, რომ შპს ,,გ...ის“ მიერ წარდგენილი D… ... ევროსტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი არ არის გაცემული აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული ორგანიზაციის „D… …-ს“ მიერ და მათივე ინფორმაციით არის „ყალბი და უკანონო“. სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,გ...ი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან. კასატორი მიუთითებს, რომ შპს ,,გ...ის“ განმარტება მცდარი ინფორმაციის წარდგენაში მისი არაბრალეულობის შესახებ, არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას, ვინაიდან პრეტენდენტი, რომელიც აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით ადასტურებს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობასა და უტყუარობას, პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა თუ წარდგენილ ინფორმაციაზე. გარდა ამისა, კეთილსინდისიერი პარტნიორის მოძიების საკითხი განეკუთვნება პრეტენდენტის კომერციულ რისკს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ შპს ,,გ…ის“ მიერ მითითებული პოზიცია, რომ ევროპული სტანდარტის სერტიფიკატი D… ... წარმოდგენილია მომწოდებელი ჩინური კომპანიის მიერ და შპს ,,გ…ის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან მისგან განმათავისუფლებელ გარემოებას. რაც შეეხება პრეტენდენტის მითითებას სატენდერო კომისიის 2017 წლის 23 მარტის №4 სხდომის ოქმზე, რომლითაც დადგინდა D… ... სერტიფიკატის ძალადაკარგულობა, კასატორი აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოება ირელევანტურია განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო გახდა არა სერტიფიკატის მოთხოვნის საფუძველი, არამედ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სერტიფიკატის სიმცდარე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „თ…ის“ მიერ 50 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა SPA... ელექტრონული ტენდერი, რომელშიც ყველაზე დაბალფასიანი შეთავაზება დააფიქსირა პრეტენდენტმა შპს ,,გ...მა“. სატენდერო კომისიის მიერ შპს „გ...ს“ დაევალა წარადგინა ნაგავშემკრები კონტეინერის ხარისხის სერტიფიკატი (D… ...), გაცემული „D… …“ ორგანიზაციის მიერ. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ მწარმოებლისაგან მიიღო დასტურის წერილი და შესაბამისი სერტიფიკატი, შპს „გ…მა“ ეს ინფორმაცია ატვირთა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მწარმოებელთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 მარტის NF17000379 ოქმით ფაქტების კონსტანტაციის შესახებ და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002347717 დასკვნით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მართალია, შპს „გ…მა“ აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით დაადასტურა მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობა, რითიც აიღო პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა თუ წარდგენილ ინფორმაციაზე, თუმცა საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შპს „გ…მა“ აფიდავიტის განხორციელების დროს არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა მის მიერ წარდგენილი ნაგავშემკრები კონტეინერის ხარისხის სერტიფიკატის (D… … ...) სიყალბის თაობაზე, შესაბამისად, შპს ,,გ…ის“ მხრიდან გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელების ფაქტი. აფიდავიტის პირობების დარღვევა გამოწვეულ იქნა არაბრალეულად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის გარეშე, ამასთან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შპს ,,გ…ის“ არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმნის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე